ძიება
ქარ

სიახლეები

31 მარ 2016

ლატვიამ პრო-კრემლინური ვებგვერდი სპუტნიკი დახურა

სააგენტო როიტერის ცნობით, ლატვიის ხელისუფლებამ დახურა რუსეთის პროკრემლინური ახალი ამბების ვებ-გვერდი სპუტნიკი, რასაც რუსეთის მხრიდან ნეგატიური რეაგირება მყისიერად მოჰყვა.

რუსეთის მფლობელობაში არსებულ ახალი ამბების ვებსაიტს sputniknews.lv დომეინის რეგისტრაცია მას შემდეგ გაუუქმეს, რაც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნული ვებ-პლატფომა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევა შეიძლება ყოფილიყო.

ლატვიაში რუსეთის საელჩომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეს ქმედება „ინფორმაციულ ომად" შეაფასა.

„ ეს Sputniknews.lv-ის უსაფუძვლო დაბლოკვაა ლატვიის ხელისუფლების მხრიდან" ნათქვამია განცხადებაში.

სპუტნიკის ახალი ამბების სერვისის ლატვიური ვერსია 12 თებერვალს ამოქმედდა, რომელიც მიზნად ისახავდა მკითხველის მიზიდვას ლატვიის მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი უმცირესობიდან.

სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. სპუტნიკმა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს, საერთაშორისო არენაზე საინფორმაცია სააგენტო RIA Novosti და "რუსეთის ხმა” ჩაანაცვლა. მედია პლატფორმა, რომელსაც დიმიტრი კისილიოვი ხელმძღვანელობს, 34 ქვეყნის 130 ქალაქში 30 ენაზე მაუწყებლობას გეგმავდა.

საქართველოში „სპუტნიკმა" რადიო მაუწყებლობის დაწყება 2014 წლის ნოემბერში FM 101.4 სიხშირეზე უკანონოდ სცადა. აღნიშნული სიხშირე "რ რადიოს” ეკუთვნოდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რ-რადიო" და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Newsgeorgia უკანონო მაუწყებლობის გამო ერთობლივად 5 ათასი ლარით დაaჯარიმა. შპს „რ-რადიო" კი N B104 ლიცენზიის ფარგლებში არსებული ვალდებულებების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.
 
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებული სანქციის შემდეგ, „სპუტნიკი" რადიო სიხშირის ნაცვლად ონლაინ პლატფორმით სარგებლობს, სადაც მულტიმედია კონტენტს ანთავსებს, რომელიც ანტიდასავლური შინაარსის არის.
უკან