ძიება
ქარ

სიახლეები

18 დეკ 2015

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ამოცანა შეასრულა

ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ამოცანა შეასრულა და ის „2016 წლის დასაწყისში" შესთავაზებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღონ.

„კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა ამოცანას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის განხორციელებითაა გათვალისწინებული", – ნათქვამია ევროკომისიის მეოთხე და საბოლოო ანგარიშში იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელა საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ანგარიში 18 დეკემბერს გამოქვეყნდა.ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს წარუდგინა, არის დეტალური მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც ქვეყანას უნდა შეესრულებინა შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მისაღებად. მას შემდეგ, რაც ევროკომისია უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, რაც 2016 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი, ის ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელწმიფოებმა უნდა დაამტკიცონ, რათა ის ძალაში შევიდეს. საქართველო იმედოვნებს, რომ ეს პროცედურები 2016 წლის შუა პერიოდისთვის დასრულდება.

ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლას მრავალჯერადად შეძლებენ, თუმცა მათი იქ ყოფნა 180 დღიან პერიოდში ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.

უვიზო მიმოსვლა გავრცელდება ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოზე, გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის გარდა.

უვიზო რეჟიმი ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებს შეეხებათ, რომლებიც შენგენის ზონაში შედიან. ესენია: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, იტალია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია, საბერძნეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და მალტა.

ეს რეჟიმი ასევე გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც ჯერ არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: კვიპროსი, ხორვატია, რუმინეთი და ბულგარეთი; და ასევე იმ ქვეყნებზეც, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ არიან, თუმცა შედიან შენგენის ზონაში: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.

წყარო: Civil.ge
უკან