ძიება
ქარ

სიახლეები

10 ნოე 2015

ჰაკერული თავდასხმები ევროკომუნიკატორზე

2015 წლის 4 ნოემბერს "მითების დეტექტორის" ვებპორტალზე (www.eurocommunicator.ge) Luxas Hacker- ის მიერ ჰაკერული თავდასხმა განმეორებით განხორციელდა. პირველი შეტევა კი ვებ-გვერდზე 15 სექტემბერს მოხდა.

მედიის განვითარების ფონდმა ორივე ჰაკერული თავდასხმის აღმოჩენისთანავე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიმართა. პირველი თავდასხმის დროს, ჰაკერის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა. მეორე თავდასხმის დროს კი დადგინდა, რომ შეტევა თურქეთში დარეგისტრირებული IP მისამართიდან განხორციელდა.

Luxas აქტიურად ახორციელებს ჰაკერულ თავდასხმებს სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და საინფორმაციო პორტალების ვებ-გვერდებზე. „Hacked by Luxas – No War", "დაჰაკერებულია Luxas- ის მიერ - არა ომს!" - მსგავსი შინაარსის წარწერები მის მიერ დაჰაკერებულ გვერდებზე ჩნდება. Luxas-ის გზავნილი ასეთია: „ქმედება გაგრძელდება მანამ სანამ არ დასრულდება ომები მსოფლიოში".

დაახლოებით ორი კვირის წინ ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა civil.ge-ის დომეინზე დროებით განთავსებული საიტზე opinion.civil.ge . ვებ-გვერდზე დატოვებული იყო ჩანაწერი "Hacked By LuXas – No War".

Luxas-ს საქართველოში ასევე დაჰაკერებული აქვს შემდეგი ვებ-გვერდები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზეთის მთავრობის, Internet.ge-ს, გარემოს დაცვის საიტები და იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის ვებ-გვერდი. ქართული ვებ-გვერდების გარდა ჰაკერულ შეტევები განხორციელდა ბუტანის, ბანგლადეშის, მალავის, ბრაზილიის, უკრაინის სამთავრობო საიტებზე. ბოლო ტვიტის მიხედვით, რომელიც 16 ნოემბრით თარიღდება - მავრიტანიის პრემიერ-მინისტრის პორტალი იქნა დაზიანებული.

ტვიტერის ანგარიშზე მითითებულია, რომ ჰაკერი პალესტინიდანაა. თუმცა სოც. ქსელში თურქულად წერს. გარდა ტვიტერისა, გააჩნია საკუთარი ბლოგი და იუთუბის არხი, სადაც ატვირთულია ვიდეოები თუ როგორ ხორციელდება ამა თუ იმ საიტზე თავდასხმა. ნაჩვენებია აფხაზეთის მთავრობის საიტის და გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე თავდასხმის პროცესი.

იუთუბზე ატვირთულ ვიდეოებში ნათლად ჩანს ვებ-გვერდის დაჰაკვის დროს საიტის Dark Mirror-ის მისამართი http://dark-mirror.org.საიტის ლინკს ჰაკერი ყველა ვებ-გვერდზე თავდასხმის დროს იყენებდა. Dark Mirror-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საიტი 514 ჰაკერსა და 309 ჰაკერულ ჯგუფს აერთიანებს. იქვე არის წარმოდგენილი განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების სტატისტიკა და კონკრეტული ჰაკერების, ასევე ჰაკერული ჯგუფების (Teams) საუკეთესო ათეული.

უკან