ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 18 აგვ 2015

მითი, თითქოს ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობას ანგრევს, უსაფუძვლოა

მითები თითქოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართული სოფლის განადგურებას გამოიწვევს, საფუძველს მოკლებულია. რეალურად ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფლად დასაქმების გაუმჯობესებას, ფერმერული მეურნეობების წახალისებას, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასა და მათ ევროპულ ბაზარზე გატანას უწყობს ხელს. ამ მიზნით ორი ძირითადი პროექტი - ENPARD-ი (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის) და CIB-ი (ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარება) ხორციელდება.

ENPARD-ი

ENPARD-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი, რომლის განხორციელება 2013 წლის მარტში დაიწყო,52 მილიონი ევროა. პროგრამის მიზანი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობასთან ერთად, რაიონის დონის საკონსულტაციო და საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით, ფერმერთა ინიციატივების და შესაძლებლობების განვითარება; მწარმოებლობის გაზრდის მიზნით, ფერმერებთან და ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;სოფლად დასაქმებისდა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

ცხრილი 1. ENPARD-ის დახმარება მიმართულებების მიხედვით















ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობას (24.5 მილიონი ევრო). აღნიშნული დახმარება 2014-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას (7 მლნ),სულ მცირე 30 რაიონში ფერმერებისთვის საკონსულტაციო სამსახურების დაარსებას (5.5 მლნ), ფერმერთა სულ მცირე 350 კოოპერატივისთვის სახელმწიფო პროგრამებით დახმარების გაწევას (8.5 მლნ), სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიტიკის დანაყოფის შექმნას (2 მლნ)და სოფლის მეურნეობის სტატისტიკის გაუმჯობესებას (1.5 მლნ) ითვალისწინებს.

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა (7 მილიონი ევრო).პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტულ (2.5 მლნ), კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ (2.5 მლნ), ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის აგროსერვისცენტრის ტექნიკურ (2 მლნ, UNDP) დახმარებებს ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი გრანტები (19.75 მილიონი ევრო).4 გრანტი 160 კოოპერატივისთვის ფინანსური და ტექნიკური (16 მლნ),2 რაიონში საპილოტე პროექტებისათვის (3 მლნ)და უმაღლესი განათლებისა და კვლევის ხელშეწყობისთვის (0.75 მლნ) დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

კოოპერატივები.ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, დღევანდელი მდგომარეობით,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 1092 კოოპერატივს, სადაც 7341მეპაიეა გაერთიანებული, მათ შორის 1635 ქალია. სტატუსის მქონე კოოპერატივებში მობილიზებული კაპიტალი 14,286 990 ლარს შეადგენს.

დარგების მიხედვით ყველაზე მეტი კოოპერატივია დარეგისტრირებულია მეცხოველეობისა (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი) და მეკარტოფილეობის (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი) მიმართულებით.რეგიონების მიხედვით კოოპერატივები ასე გადანაწილდა: კახეთი -83; ქვემო ქართლი 168; მცხეთა-მთიანეთი-51; შიდა ქართლი-75; სამეგრელო -ზემო სვანეთი-92; გურია-65; აჭარა 125; სამცხე-ჯავახეთი-211; რაჭა-ლეჩხუმი- 89; თბილისი-35.ამ ეტაპზე შექმნილია 4 მეორე დონის კოოპერატივი გურიაში, იმერეთში, რაჭასა და ქვემო ქართლში.

ევროკავშირის დახმარებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში რამდენიმე პროგრამა მიმდინარეობს:

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა" მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკის შეღავათიან ფასად - 900 ლარად კოოპერატივებისათვის გადაცემას ითვალისწინებს, რაც მისი ღირებულების 24 % შეადგენს. თითოეულ კომპლექტში მოტობლოკის აგრეგატი, სათიბი, გუთანი, კულტივატორი და ხელის სათესი შედის. დევნილებისა და ეკომიგრანტების მიერ შექმნილ, ასევე მაღალმთიან, სასაზღვო თუ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებულ კოოოპერატივებს თითო კომპლექტის შესყიდვისას დამატებით 1 ხელის სათესი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემათ. დღეის მდგომარეობით 490 კოოპერატივმა 1275 აგრო კომპლეტი და 194 ხელის სათესი მიიღო.

ამ პროგრამის საშუალებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით აღიჭურვა, რაც რთული რელიეფის მქონე და მცირე მიწის ნაკვეთების დამუშავებას და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას უწყობს ხელს და კოოპერატივებს მიწის დამუშავების ხარჯებს უმცირებს.

სახელმწიფო პროგრამა „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით" ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში საწარმოოო ინფრასტრუქტურა ეწყობა, სადაც ყოველდღიურად 24 ტონამდე ნაჭუჭიანი თხილის გამოშრობა და ერთდროულად 500 ტონა თხილის დასაწყობების შესაძლებლობა გაჩნდება. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესრულების უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება უსასყიდლოდ განხორციელდება.

პროგრამა ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თვითღირებულების შემცირებას და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დახმარება 30-მდე მუნიციპალიტეტში 400-მდე წარმომადგენლის საგადასახადო კანონმდებლობაში პრაქტიკულ ტრენინგსაც ითვალისწინებს.

ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრები. ENPARD-ის პროექტის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ექსტენციის სერვისის განვითარებაა. ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით, 30 ცენტრის ნაცვლად, ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრები 54 მუნიციპალიტეტში ამოქმედდა.

ENPARD 2. 52 მილიონიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, იგეგმება ENPARD 2-ის დაწყება, რომლის ბიუჯეტი 60 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ახალი პროგრამა საქართველოში სოფლის განვითარებისა და სოფლად მხცოვრებთა დასაქმების ზრდის ხელშეწყობის მომსახურებაზე იქნება მეტად ორიენტირებული.

CIB-ი

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ევროკავშირის დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი CIB (ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარება) ხორციელდება. პირველ ეტაპზე CIB პროგრამის (3.4 მილიონი ევრო, 80% ევროკავშირის დაფინანსებით) მიზანი სურსათის ეროვნული სააგენტოს აღჭურვა, შესაძლებლობების ზრდა და ტრეინინგების გზით სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება იყო.

მეორე ეტაპზე პროექტში (4,5 მილიონი ევრო) უკვე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია და ასევე შემოსავლების სამსახური ჩაერთო, რადგან იმპორტზე შემოსული პროდუქციის ფიტოსანიტარული და სხვა კონტროლი საზღვარზე შემოსავლების სამსახურის მიერ ხორციელდება. მესამე ეტაპზე გამოყოფილი თანხები (4.5 მილიონი ევრო) ისევ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალურ გაძლიერებას მოხმარდება.

CIB პროექტის მხარდაჭერით, რამდენიმე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი DCFTA-ის ვალდებულებების შესრულებისა და ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი დანადრაგებით აღიჭურვა.

DCFTA Facility

სოფლის მეურნეობის არაპირდაპირი დახმარების პროგრამად, შესაძლოა, განვიხილოთ ევროკავშირის კიდევ ერთი პროექტი DCFTA Facility, რომლის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 37.5 მილიონი ევროა. ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი იმ მეწარმეებისა და ფერმერებისთვის შეღავათიანი კრედიტების გაცემას ითვალისწინებს, რომლებიც წარმოებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ააწყობენ. პროექტის განხორციელება 2016 წლიდან დაიწყება.

გარდა ამ დახმარებებისა, ზოგიერთი ევროკავშირის ქვეყანა საქართველოსთვის ინდივიდუალური დონორია. მაგალითად: ავსტრიის განვითარების სააგენტო , გერმანიის მთავრობის განვითარების ბანკი KFW, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ. ნიდერლანდების სამეფო კი საქართველოს მელიორაციის განვითარების პროექტით ეხმარება.

ევროკავშირი როგორც ინსტიტუციური განვითარების კუთხით, ასევე სოფლის მეურნეობის დარგის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით დღეს დღეობით მთავარი დონორი და სტაბილური პარტნიორია. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვაში ევროკავშირის ჩართვის შემდეგ დარგის მზარდი დინამიკა ფიქსირდება:

სოფლის მეურნეობა ციფრებში. 2014 წლის მანძილზე ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების ღირებულებამ 3.4 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად 4.5 მლრდ ლარის ღირებულების პროდუქცია შეიქმნა. აგრობიზნესის სექტორში პროდუქციის მთლიანი გამოშვება 2013 წლის ანალოგიურ მონაცემს 10 %-ით აღემატება, რაც ძირითადად გამოწვეულია გადამამუშავებელი სექტორის ზრდით, სადაც ზრდის მაჩვენებელი 13.8 %-ს შეადგენს, პირველადი პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი წინა წელთან შედარებით 5.2 %-ით გაიზარდა.

ინვესტიციები:2014 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სექტორში 19 090 600 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 38 პროცენტით აღემატება. 2012 წელს ინვესტიციების მოცულობა 16 119 300 ლარი იყო, რაც 15.6 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის მონაცემთან შედარებით.

წარმატების მაგალითები

ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლის პოზიტიურ ტენდენციას ცალკეული წარმატებული მაგალითებიც აჩვენებს:

კივი.ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელის LIDL-ის სუპერმარკეტებში ქართული კომპანია "ნერგეტას" მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მოყვანილი კივი იყიდება. LIDL-ი ქართველი მწარმოებლისგან 1კგ კივის 1.20 ევროდ ყიდულობს.

ბიოღვინო .იაგოს ბიტარიშვილის ბიოღვინის - "ჩარდახის" პირველი პარტია ექსპორტზე 2006 წელს შემდეგ ქვეყნებში გავიდა: იტალია, საფრანგეთი, აშშ, იაპონია, ინგლისი, შვედეთი, დანია , სლოვენია, ფინეთი, ბელგია . იაგოს ღვინო ევროპაში ისეთ ცნობილ რესტორნებშ იყიდება, როგორიცაა: "შატო ბრიანი"- პარიზი და "ტერუარი"- ლონდონი.

ლურჯი მოცვი.საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდა. ევროკავშირის ბაზარზე მისი ფასი 4-დან 10 ევრომდე მერყეობს. კომპანია "Vanrik Agro Group"-მა ლურჯი მოცვის გაშენება ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში 2012 წლის ბოლოს დაიწყო. კომპანიის მენეჯმენტი უახლოეს მომავალში მეურნეობის 400 ჰა-მდე გაფართოებას აპირებს.

ექსპორტის პერსპექტივა

ქაფშია (ხამსა).ქართული თევზმჭერი საწარმოები ევროკავშირში ექსპორტისთვის ემზადებიან. შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებულ ქაფშია შესაძლოა, ევროკავშირიის ბაზარზე გავიდეს. თევზის კომპანიების შესამოწმებლად ევროკავშირის მისია DG SANCO (Directorate General Health and Consumers Affairs) საქართველოში 2 ჯერ ჩამოვიდა და ქართულ სანაპიროზე დაჭერილი თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის ევროკავშირში ექსპორტი ამ მიისის დადებით დასკვნაზეა დამოკიდებოლი.

თაფლი.DCFTA-ს ხელშეკრულებაზე მუშაობის პარალელურად ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტი თავიდანვე აქტიურად განიხილებოდა. თუმცა ქართული თაფლი რომ ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს ლაბორატორიული კვლევის შემდეგ თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენები და სხვა დამაბინძურებლები არ უნდა აღმოჩნდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავის ლაბორატორიის აღჭურვაზე მუშობს, სადაც თაფლის სინჯები შემოწმდება. ეს კი თაფლის მწარმოებელ ფერმერებს წარმოების გაუმჯობესების და ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას მისცემს.

 

მითის წყარო

დიმიტრი ლორთქიფანიძე, ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატები: „ის, რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ ასე აღტკინებით მოაწერა ხელი [ასოცირების ხელშეკრულება], არის სახელმწიფო დანაშაული / დიახ, ეს ქართული სოფლისა და ეკონომიკის „ევროპულად" განადგურებას ნიშნავს!" („ასავალ-დასავალი", 21-27 ივლისი, 2014).

საქინფორმი: „ევროკავშირში შესვლა იწვევს წარმოებების დახურვას, საქონლის ამოხოცვას, ბაღ-ვენახების გაჩეხვას – ევროკავშირი თავის ახალ წევრებს გასაღების ბაზრებად აქცევს, ამცირებს რა იქ მრეწველობას და სოფ- ლის მეურნეობას!" (4 აპრილი, 2014).

 

ზურაბ მოდებაძე


უკან