ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სხვადასხვა - 16 ივნ 2017

"პოლიტიკანო” ზბიგნევ ბჟეზინსკის შესახებ ფოტომანიპულაციას ავრცელებს

2017 წლის, 27 მაისს, ამერიკელი პოლიტოლოგის, ზბიგნევ ბჟეზინსკის გარდაცვალების დღეს, ახალმა ქართულმა მემარცხენე პოლიტიკურ-ეკონომიკურმა პორტალმა "Politicano”, გაავრცელა ფოტო, რომელზეც, გამოცემის მტკიცებით, ზბიგნნევ ბჟეზინსკი და ოსამა ბინ ლადენი არიან ასახულები. გამოცემას ეს ფოტო იმის საილუსტრაციოდ აქვს მოყვანილი, რომ ისლამურ ფუნდამენტალიზმს აშშ ასპონსორებდა.
 

 
ფოტოზე გაკეთებული მინაწერი რეალობას არ ასახავს, რადგან მასზე პაკისტანის არმიის მეომარია ასახული და არა ბინ ლადენი, რომელიც ფოტოს გადაღების მომენტში 1980 წელს პაკისტანის არმიის წევრი არ ყოფილა.

ფაქტი 1. ორიგინალი ფოტო 1980 წლის 3 თებერვალს არის გადაღებული და ფოტოს აღწერაში ბინ ლადენზე საუბარი არ არის

ორიგინალი ფოტო ლიცენზირებული ფოტოების სისტემაში Getty İmages ბეტმანის არქივის განყოფილებაში იძებნება, რომელიც მილიონობით ფოტოკოლექციას აერთიანებს. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის 1980 წლის 3 თებერვალს ავღანეთის საზღვართან არის გადარებული. როგორც აღწერიდან ჩანს, ბჟეზინსკისთან ერთად ბინ ლადენი მოხსენიებული არ არის და ფოტოზე გამოსახული მამაკაცი, სავარაუდოდ პაკისტანის არმიის წევრია.

ფოტოს აღწერა: "პაკისტანის არმიის ფორპოსტში საზღვარზე 2/3, აშშ-ის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკი იყურება ავღანეთსკენ ტყვიამფრქვის სამიზნის მეშვეობით. ბჟეზინსკიმ ეს ტერიტორია დაათვალიერა და შემდეგ გააგრძელა მოლაპარაკებები პაკისტანის დელეგაციასთან დახმარების პაკეტთან დაკავშირებით”
 

 ფაქტი 2. ბინ ლადენი 1980 წელს პაკისტანის არმიის წევრი არ ყოფილა

ფოტოზე გამოსახულ პირს პაკისტანის არმიის წევრია, რისი თქმის საშუალებასაც, მის ფორმაზე გამოსახული ნიშნები გვაძლევს. მკერდის მარჯვენა მხარეს, ჯიბესთან გამოსახული ნიშანი ფრთიანი პარაშუტი, პაკისტანის არმიის სამხედრო კვალიფიკაციის ნიშანია. ამ ნიშანს პაკისტანის არმიის მეთაური, გენერალი რაჰილ შარიფი ატარებს. რაც შეეხება მკლავზე გამოსახულ ვარსკვლავს, ის პაკისტანის არმიის სამხედრო ჩინის ნიშანია. ამ პერიოდში (1980-83) ოსამა ბინ ლადენი პეშავარში, ავღანეთის საზღვართან იმყოფებოდა და ავღანელ მუჯაჰიდებს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა. 1980 წელს, რომელიც აღნიშნული ფოტოს გადაღები თარიღია, ბინ ლადენი პაკისტანის არმიის წევრი არ ყოფილა.
 
ფაქტი 3. ბჟეზინსკი და ფოტოზე გამოსახული სამხედრო პირი, დაახლოებით, ერთი სიმაღლის არიან, როდესაც ბინ ლადენი ბჟეზინსკიზე მაღალი იყო

FBI-ს მიხედვით, ბინ ლადენის სიმაღლე 193-198 სანტიმეტრებს შორის მერყეობს. ბჟეზინსკის სიმაღლე ცნობილი არ არის, თუმცა ისტორიული ფოტოებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი სიმაღლე 177-185 სანტიმეტრებს შორის მერყებს. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ბჟეზინსკი რონალდ რეიგანთან და ჯიმი კარტერთან ერთად არის გადაღებული, რომელთა სიმაღლეები შესაბამისად 185 სმ. და 177 სმ-ია. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ბჟეზინსკი კარტერზე მაღალი, ხოლო რეიგანზე დაბალი იყო.




 

 
მოცემულ სურათზე ჩანს, რომ ბჟეზინსკი და პაკისტანელ ჯარისკაცი სიმაღლეებით თითქმის ტოლები არიან და შესაბამისად მათ შორის 9 სანტიმეტრის განსხვავება არ ჩანს.
 



მოამზადა დეა მაღალაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
 
 
 
 
 

უკან