ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სხვადასხვა - 15 ივნ 2017

ბაღათურია უკრაინაში მართლმადიდებლური ტაძრების დარბევის შესახებ დეზინფორმაციულ ფოტოებს ავრცელებს

2017 წლის 11 ივნისს ვებ-გვერდმა digest.pia.ge-მ გამოაქვეყნა "ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მიმდინარეობს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა, ტაძრების ყაჩაღური დარბევები და მიტაცება სქიზმატების მიერ, სამღვდელოების და მრევლის ფიზიკური შეურაცხყოფა/დამცირება, უკვე დარბეული და მიტაცებულია 40 ტაძარი. ჯონდი ბაღათურიას მიმართვა გამოაქვეყნა "საქართველო და მსოფლიო”-მაც, ხოლო მოვლენის გასაპროტესტებლად, 12 ივნისს გამართული აქცია უკრაინის საელჩოსთან "სპუტნიკ საქართველო”-მ გააშუქა, რომლის სათაურში უკრაინაში მართლმადიდებლების დევნა შემდგარ ფაქტად იყო გადმოცემული ("თბილისში უკრაინაში მართლმადიდებლების დევნა გააპროტესტეს”).

ჯონდი ბაღათურიამ თავის მიმართვას სოციალურ ქსელში დაურთო ფოტოსურათი, რომელიც აგრეთვე digest.pia.ge-მაც გამოაქვეყნა.
  
ფოტო მანიპულაციური ხასიათისაა, რადგანაც მასზე ასახულია არა მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა, არამედ 2010 წლის 28 ივლისს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქება.

რეალური ფაქტები
 
2010 წლის 28 ივლისს ზაპოროჟიეს ეკლესიაში მოხდა აფეთქება, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 8 პირი კი დაშავდა. შემთხვევის გამოძიება უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა პირად კონტროლზე აიყვანა. გამოძიების დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის პოლიციამ სამი ბრალდებული დააკავა, ორი მათგანი ეკლესიის სტიქაროსანი იყო. მსჯავრდებულებმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 4 წელი გაატარეს და ამნისტიის შედეგად 2014 წელს გათავისუფლდნენ.

 
დეზინფორმაციული ფოტო რუსულენოვან მედიაში

იდენტური ფოტო ონლაინ გამოცემა Pravmir.ru-მ 2017 წლის 26 მაისის პუბლიკაციაში გამოიყენა, სადაც ამტკიცებდა, რომ ფოტოზე ასახული მოვლენები უკრაინის ვოლინსკის რეგიონში მართლმადიდებელი ეკლესიის დარბევის ფაქტს ასახავდა. რუსულენოვანმა ონლაინ პორტალმა Vaonews.org-მა კი 2017 წლის 9 აპრილს გაავრცელა ცნობა ეგვიპტეში მომხდარი ტერაქტის შესახებ და ეკლესიის შიდა ფასადის დაზიანების აღსაწერად ზაპოროჟიეს ტაძრის ფოტოც გამოაქვეყნა.
 
სხვა ფოტომანიპულაციები

ზაპოროჟიეში გადაღებული ფოტოსურათის გარდა, ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს სხვა მანიპულაციურ ფოტოებსაც, რომლებიც სხვადასხვა დროს მომხდარ მოვლენებს ასახავს.
 
ქვემოთ მოცემული ფოტო, რომელიც, ჯონდი ბაღათურიას მტკიცებით, მართლმადიდებლური ეკლესიის დევნას ასახავს, რაც კარის შემტვრევაში გამოიხატა, სინამდვილეში 2013 წელს არის გადაღებული. მოვლენა კი ჩაკეტილ ეკლესიაში უკრაინელი მართლმადიდებელი სასულიერო პირების შესვლას უკავშირდება.
 
ეკლესიის კარის შემტვრევის ამსახველი ფოტო გადაღებულია 2013 წლის აგვისტოში და მასში წარმოდგენილია უკრაინის სოფელ პოპელნიაში მომხდარი მოვლენები. პოპელნიის ეკლესიაში დანიშნულ ახალ მღვდელმსახურს ადგილობრივები პროტესტით შეხვდნენ. ტაძართან გამოჩენილმა სასულიერო პირებმა არ ისურვეს მრევლთან საუბარი და თანმხლები პირის დახმარებით, რომელიც ფოტოზე კარის შემტვრევას ცდილობს, შევიდნენ ეკლესიაში. ამდენად ამ ფოტოს არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობის დევნასთან.
 
  კიდევ ერთი ფოტო, რომელსაც "ქართული დასის’’ ლიდერი ავრცელებს, 2013 წელს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დაკეტვით უკმაყოფილოთა პროტესტს ასახავს.

2013 წლის 19 აპრილს მრევლის სურვილის საწინააღმდეგოდ, პირებმა, რომლებიც თავს ტაძრის აღმშენებლებად მიიჩნევდნენ ნოვოარხანგელსკის ეკლესია დაკეტეს. აღნიშნულს მორწმუნეთა პროტესტი მოჰყვა, რასაც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციების შედეგად, 23 აპრილს ეკლესია გახსნეს, თუმცა როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, იმ 5 დღის განმავლობაში, როდესაც შენობა დაკავებული ჰქონდათ სხვა პირებს, ათობით ძვირადღირებული ხატი დაიკარგა.
 
მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში
 
უკრაინაში არსებობს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული და კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მართლმადიდებლური ეკლესიები. რუსული მედია 2016 წლიდან მოყოლებული აქტიურად ადანაშაულებს კიევის საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომ მათ თავის გამგებლობას დაუქვემდებარეს უკრაინაში მოქმედი მოსკოვის საპატრიარქოს 40 მართლმადიდებლური ტაძარი. აღნიშნული შინაარსის ბრალდებებს ამა წლის მაისის თვეში აშუქებდა Russia Today-ც.
 
ამჟამად კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყნის მასშტაბით 29, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესია კი 53 ეპარქიას მოიცავს.
  
  
მოამზადა მარი გელაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
 

უკან