ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 28 ივლ 2015

მითები და რეალობა საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის შესახებ

საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა, რაც ოდესმე გადაუტანიათ განვითარებულ ქვეყნებს მშვიდობიანობის დროს. 2008 წლიდან მოყოლებული საბერძნეთის ეკონომიკა მეოთხედით შემცირდა და დიდი დეპრესიის პერიოდში აშშ-ის ეკონომიკური ვარდნის დონეს მიუახლოვდა. ქვეყანაში უმუშევრობა 25%-ს აღემატება, ხოლო იგივე მაჩვენებელი ახალგაზრდებში 50%-ია.

საქართველოში საბერძნეთის კრიზისი დიდწილად ათენსა და ევროკავშირს შორის მწვავე დაპირისპირების ჭრილში შუქდება: ბერძნები დახმარებას ითხოვენ, ხოლო ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, სოლიდარობის გამოჩენის ნაცვლად, ცდილობენ მათ თავს მოახვიონ გარკვეული მოთხოვნები და ამით კრიზისს უფრო ამძაფრებენ. სინამდვილეში, საბერძნეთში შექმნილ ვითარებას კონკრეტული მიზეზები აქვს, რომლებიც ამ ქვეყნის ფარგლებს არ ცდება. ეკონომიკაში სახელმწიფოს უხეში ჩარევის, პოლიტიკური კლიენტილიზმის, მთავრობის ფისკალური უდისციპლინობის და უპასუხისმგებლო დაპირებების წყალობით საბერძნეთი პირველი შეძლებული სახელმწიფო გახდა, რომელიც მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ გაკოტრდა.

ევროკავშირში ყველაზე რეგულირებადი ეკონომიკა საბერძნეთში წლების წინ ჩამოყალიბდა. მაგალითად, აფთიაქებში გასაყიდი წამლების ფასს სახელმწიფო ადგენს, ხოლო სააფთიაქო ბიზნესის წარმოების უფლება ექსკლუზიურად ლიცენზირებულ ფარმაცევტებს აქვთ. თითოეულ ფარმაცევტს, თავის მხრივ, მხოლოდ ერთი აფთიაქის ფლობა შეუძლია. მკაცრადაა განსაზღვრული აფთიაქების სამუშაო გრაფიკი და სხვა წვრილმანები, რომლებსაც ბიზნეს-ოპერატორები, ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, თავად უნდა არეგულირებდნენ.

ფარმაცევტული ბაზრის მსგავსად, სახელმწიფო უხეშად ერევა ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში საბერძნეთი OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა. ზედმეტი რეგულირება ბიზნესისთვის ზედმეტ დანახარჯებს და ნაკლებ პროდუქტიულობას ნიშნავს. ამიტომ, საბერძნეთში შრომითი დანახარჯები გერმანიაზე დაახლოებით 25%-ით მეტია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, შრომის ბაზრის ეფექტიანობის მხრივ საბერძნეთს ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორიცაა სურინამი და ნეპალი.

ეკონომიკაში სტრუქტურული პრობლემების პარალელურად, წლების მანძილზე საბერძნეთში განუხრელად იზრდებოდა სახელმწიფო ხარჯები. 1970-იან წლებში, დემოკრატიის აღდგენის შემდეგ, პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ საჯარო სამსახურში დასაქმების პრაქტიკამ არნახული მასშტაბები შეიძინა და მომდევნო ათწლეულები გრძელდებოდა. ამჟამად, ერთ საჯარო მოხელეზე კერძო კომპანიებში დასაქმებული მხოლოდ ორი ადამიანი მოდის.

უზარმაზარი სახელმწიფო აპარატი არა მხოლოდ მძიმე ტვირთად აწვებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს, არამედ ეკონომიკური წინსვლის შემაფერხებელი ფაქტორი და კორუფციის წყარო გახდა. საბერძნეთში კომპანიის რეგისტრაციისთვის ან მშენებლობის დასაწყებად უსასრულო ბიუროკრატიული პროცედურების გავლაა საჭირო, ამიტომ პრობლემები ხშირად ქრთამის გადახდით გვარდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობის" კორუფციის აღქმის ინდექსით, საბერძნეთი ევროკავშირის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა.

ბიუროკრატიის შენახვის გარდა, სახელმწიფო ხარჯების ზრდას ძვირადღირებული სოციალური უზრუნველყოფის სისტემა განაპირობებდა. ბერძნები ევროზონის წევრი თითქმის ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე ადრე, საშუალოდ 35 წლიანი სამუშაო სტაჟით, გადიან პენსიაში. საპენსიო თაღლითობა ფართოდაა გავრცელებული. შედეგად, წლიურმა საპენსიო დანახარჯებმა ევროკავშირში ყველაზე მაღალ დონეს, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 18%-ს მიაღწია. აშშ-ში იგივე მაჩვენებელი მშპ-ის 5%-ია.

1981 წელს ევროგაერთიანებაში, ხოლო 20 წლის შემდეგ ევროზონაში გაწევრიანებამ დიდწილად განაპირობა საბერძნეთში ინვესტიციების შემოსვლა და ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა. თუმცა, გადასახადებისგან მასობრივად თავის არიდების გამო, საბიუჯეტო შემოსავლებზე ეს გარემოება არასაკმარისად აისახებოდა. ყოველწლიურად მშპ-ის დაახლოებით 3-4% იკარგებოდა, რადგან საბერძნეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალურ შემოსავლებს მალავს. ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ჩრდილოვანი ეკონომიკა მშპ-ის 24%-ს შეადგენს.

სახელმწიფო ხარჯების შეკვეცის, ეკონომიკის ლიბერალიზაციის, გადასახადების ამოღების გაუმჯობესების და სხვა რეფორმების გატარების ნაცვლად, საბერძნეთმა მზარდი ხარჯების ვალით დაფინანსების მარტივი გზა აირჩია. თავდაპირველად, მთავრობას დაბალი საპროცენტი განაკვეთით სესხების მოძიება არ გასჭირვებია. კრედიტორებში ნდობას აღძრავდა ევროს სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია და ევროკავშირის მოთხოვნა, რომ საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ის 3% პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

საბერძნეთის სახელმწიფო ვალის მოცულობა 2000-იან წლებში კატასტროფულად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მთავრობა ამტკიცებდა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა სტაბილურად მშპ-ის 3.4% იყო. მალე გაირკვა, რომ მთავრობა ტყუოდა, რადგან 2009 წელს დეფიციტის რეალური მოცულობა მშპ-ის 15%-ს აღემატებოდა. ახლა უკვე ცნობილია, რომ საბერძნეთის მთავრობამ საბიუჯეტო დეფიციტის მონაცემები 1999 წელსაც გააყალბა, როდესაც ევროზონაში ქვეყნის მიღების საკითხი წყდებოდა.

ერთი მხრივ, საბერძნეთმა კერძო კრედიტორების ნდობა და შესაბამისად, კაპიტალის ბაზრებზე ფულის სესხების შესაძლებლობა დაკარგა. მეორე მხრივ, 2008 წლის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ქვეყნის ეკონომიკა სერიოზულად დააზარალა და საბიუჯეტო შემოსავლებიც შემცირდა. საბერძნეთი ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა. 2010 წელს სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ის 150%-ს აღწევდა, ხოლო მიმდინარე საკრედიტო ვალდებულებების გასტუმრება მხოლოდ დამატებითი სესხების აღებით იყო შესაძლებელი. საბერძნეთი მთლიანად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე გახდა დამოკიდებული.

საბერძნეთს დახმარების ხელი გაუწოდეს ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (ტროიკა). დახმარების სანაცვლოდ მთავრობას უნდა გაეტარებინა არაპოპულარული, თუმცა აუცილებელი რეფორმები, მათ შორის, ბიუროკრატიული აპარატის და სოციალური ხარჯების შემცირება, ეკონომიკის დერეგულირება, ბიუჯეტის დაბალანსება და სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია.

საბერძნეთს 2010-12 წლებში გამოეყო 240 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით და დაფარვის შეღავათიანი გრაფიკით. თითქმის მთლიანად ჩანაცვლდა კერძო კრედიტორებისგან აღებული საგარეო ვალი, ხოლო მთავრობის მიერ ყოველწლიურად დასაფარი თანხა რეალისტური, მშპ-ის 2.3% გახდა. იმავდროულად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო 90 მილიარდი ევროს მოცულობის ლიკვიდობის უზრუნველყოფის საგანგებო პროგრამა ადგილობრივი ბანკების დასახმარებლად. თუმცა, საბერძნეთის მთავრობამ პირობა დაარღვია და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეასრულა. მაგალითად, საბიუჯეტო ხარჯების დაპირებული შემცირების ნაცვლად, 2010-11 წლებში მთავრობამ 70,000 ახალი საჯარო მოხელე დაიქირავა.

ვალებით დამძიმებული ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საბერძნეთმა კრიზისიდან გამოსვლა ვერ შეძლო და დამატებით ფინანსურ დახმარებას, დაახლოებით 80 მილიარდ ევროს, საჭიროებდა. 2015 წლის იანვარში სტატუს-კვოთი უკმაყოფილო ამომრჩეველმა საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა რადიკალურ მემარცხენე კოალიცია „სირიზას", რომელიც ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუარესებას ტროიკას მკაცრ მოთხოვნებს აბრალებდა და მოსახლეობას მათ შესრულებაზე უარის თქმას პირდებოდა. ახალმა მთავრობამ ტროიკას ვალების ჩამოწერის და წინა წლებში დაწყებული რეფორმების უმეტესობის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.

„სირიზას" ლიდერის და პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის გათვლა იყო, რომ წამყვანი ევროპული ქვეყნები საფრთხის ქვეშ არ დააყენებდნენ ევროზონის ერთიანობას და დათმობაზე წავიდოდნენ. დახმარების ახალ პაკეტზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საბერძნეთი მიმდინარე საკრედიტო ვალდებულებებს ვერ გაისტუმრებდა, რაც დეფოლტის გამოცხადებას და პოტენციურად ევროზონის დატოვებას ნიშნავდა. მოლაპარაკების პროცესში პოზიციების გამყარების მიზნით ციპრასმა რეფერენდუმი დანიშნა და მოსახლეობის მხარდაჭერა ხელმეორედ მიიღო.

ათენის პოზიცია თვითმკვლელობით მუქარას უფრო ჰგავდა, ამიტომ შანტაჟის ენამ ტროიკასთან არ გაჭრა. ევროზონის დატოვების შემთხვევაში საბერძნეთს არშემდგარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ემუქრებოდა. სხვადასხვა გათვლებით, ახალი ვალუტა (სავარაუდოდ დრაჰმა), რომელშიც ბერძნების დანაზოგების კონვერტაცია მოხდებოდა, ევროსთან მიმართებით 60%-ით გაუფასურდებოდა, ხოლო ეკონომიკა 20%-ით შემცირდებოდა. კერძო კომპანიები, რომლებსაც ევროში ჰქონდათ ვალდებულებები გასასტუმრებელი, გაკოტრდებოდნენ. მთავრობას იმაზე გაცილებით მეტად და სწრაფად მოუწევდა ხარჯების შემცირება, ვიდრე ამას ტროიკა მოითხოვდა, რადგან ვერავისგან შეძლებდა ფულის სესხებას. იმპორტირებული საქონლის ნორმირებული განაწილება გახდებოდა საჭირო. ქვეყანაში სოციალური ქაოსის და უწესრიგობის რეალური საფრთხე შეიქმნებოდა. ის, რაც 2015 წლის ივნისის ბოლოს მოხდა ევროზე უარის თქმის შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარების მცირე მოდელი იყო.

როდესაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ცხადი გახდა, რომ ათენი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ არსებული საკრედიტო ვალდებულებების დაფარვას დათქმულ ვადაში (30 ივნისს) ვერ შეძლებდა. დრაჰმის შესაძლო დაბრუნებით შეშინებულმა ბერძნებმა ბანკებიდან დეპოზიტების გატანა სასწრაფოდ დაიწყეს. მთავრობის გადაწყვეტილებით ბანკები დაიხურა. კაპიტალის მასობრივი გადინების და ფინანსური სისტემის პარალიზების თავიდან აცილების მიზნით, ბანკომატებიდან ნაღდი ფულის გატანა და საერთაშორისო გადარიცხვებიც შეიზღუდა. საკმაოდ მცირე დროში საკვებსა და მედიკამენტებზე დეფიციტის რეალური საშიშროება გაჩნდა, რადგან იმპორტიორები მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას ვერ ახერხებდნენ. საბერძნეთი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იდგა.

საბოლოოდ, ათენი დათანხმდა ტროიკას ყველა იმ პირობას, რომელსაც მანამდე ეწინააღმდეგებოდა. კრედიტორებთან ხანგრძლივმა დაპირისპირებამ საბერძნეთის ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. 2014 წელს მიღწეული მცირე ზრდა, 2015-ში ისევ დაღმასვლით შეიცვალა. ტურისტული სეზონი ჩავარდა, მაგრამ კაპიტალის მოძრაობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ყველაზე მეტად საბანკო სისტემა დააზარალა. ინვესტორების ნდობის დასაბრუნებლად და ეკონომიკის დაფინანსების გასაგრძელებლად ბანკებს დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდებათ.

საბერძნეთს მიეცა ბოლო შანსი, შექმნას თანამედროვე, კონკურენტული ეკონომიკა, რომელიც კრედიტებზე აღარ იქნება დამოკიდებული. ამისათვის საჭიროა სწრაფი რეფორმები და სწორი მაკროეკონომიკური მენეჯმენტი, რაც კრიზისის დაძლევის წინაპირობა გახდებოდა. სამწუხაროდ, „სირიზა" იმ პირობით აირჩიეს, რომ საბერძნეთი სხვის ხარჯზე შეინახავდა ევროპაში ყველაზე დიდ ბიუროკრატიას და საპენსიო სისტემას. მას არც საკმარისი კომპეტენცია და არც შესაბამისი მანდატი გააჩნია, რომ ამ გამოწვევას თავი გაართვას.

მალხაზ ნარინდოშვილი
უკან