ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სხვადასხვა - 05 ივნ 2017

დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთის აგრესიის შემთხვევაში NATO ბალტიის ქვეყნებს არ დაიცავს

2017 წლის 17 მაისს, გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა ტელეკომპანია "ობიექტივის” ეთერში ბალტიის ქვეყნებში NATO-ს აქტიურობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ არსებული თავდაცვის სისტემები ამ ქვეყნებს რუსული აგრესიისგან ვერ დაიცავს.

ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევების ცენტრი: „დაცულობის თვალსაზრისით ბალტიის პირეთთან დაკავშირებით კერძოდ, ის რამოდენიმე ასეული სამხედრო რომელიც იქ იმყოფება, ის ტექნიკა, რომელიც იქ შეიყვანეს, ხომ არანაირ გარანტიას რუსეთიის აგრესიის შემთხვევაში თავდაცვისას არ იძლევა? ლაპარაკია იმაზეც, ნატო მიმართავს ადეკვატურ ზომებს თუ რუსები განახორცილებენ სამხედრო ქმედებას ბალტიისპირეთში? პასუხი არის ასეთი - „ალბათ არა". ალბათ არა და დანამდვილებით არა. ანუ არის ბირთვი სახელმწიფოები, რომელთა ინტერესები არის დაცული და პირველ რიგში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან ძლიერი ქვეყნები"

ზემოთაღნიშნული განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნების დაუცველობასთან დაკავშირებით მცდარია, შემდეგი ფაქტების გამო:

ფაქტი 1. ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში „საჰაერო სივრცის პატრულირების" მისია ხორცილედება

„საჰაერო სივრცის პატრულირების" მისია 24/7 365 დღის განმავლობაში ალიანსის საჰაერო უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს. „ბალტიის საჰაერო სივრცის პატრულირების" მისია 2004 წელს დაიწყო, როდესაც ბალტიის ქვეყნები NATO-ში გაწევრიანდნენ. მისია დღემდე გრძელდება. NATO-ს „საჰაერო სივრცის პატრულირების მისია" მოიცავს საჰაერო დაზვერვისა და კონტროლის სისტემას (the Air Surveillance and Control System - ASACS), საჰაერო მართვისა და კონტროლის სტრუქტურას (the Air Command and Control – Air C2) და სწრაფი რეაგირების მზადყოფნის (Quick Reaction Alert QRA(I) ) გამანადგურებლებს, რომლებიც 24 საათიან მზადყოფნაში არიან და შესაძლებლობა აქვთ, იმ ობიექტის შორ მანძილზე იდენტიფიცირება მოახდინონ და შესაბამისი საწინააღმდეგო ზომები მიიღონ, რომელიც საჰაერო სივრცესთან ოპერირებს ან მას უახლოვდება.

ფაქტი 2. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი - თავდასხმა ერთ ან მეტ წევრ ქვეყანაზე აღიქმება თავდასხმად ყველა წევრი ქვეყნის წინააღმდეგ

1949 წლის 4 აპრილის NATO-ს დამფუძნებელი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების (ვაშინგტონის ხელშეკრულება) მეხუთე მუხლის თანახმად, "მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ერთ ან ერთზე მეტ მათგანზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველა მათგანის წინააღმდეგ თავდასხმად". შესაბამისად, ბალტიის რომელიმე ქვეყანაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეხუთე მუხლი ამოქმედდება.

ფაქტი 3. ბალტიის ქვეყნებს რადმენიმე ათასიანი სამხედრო პერსონალი ჰყავს

ბალტიის ქვეყნებს რამდენიმე ათასიანი სამხედრო მოსამსახურე ჰყავთ:
  • ესტონეთის რეგულარული შეირაღებული ძალები დაახლოებით 6000 ადამიანს შეადგენს, ამას ემატება გასამხედროებული შეირაღებული ძალების „თავდაცვის მოხალისეთა ლიგის" შემადგენლობაში მყოფი 15000 წევრი. ომიანობის პერიოდში ესტონეთის ოპერაციულ სტრუქტურას 60000 კაციანი პერსონალი შეადგენს.
  • ლიტვის პროფესიული ჯარი 8660 ჯარისკაცისგან შედგება, ასევე მას ემატება „ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალები" 4640 და 3000 სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ჯარისკაცი. ლიტვის სამხედრო პერსონალი ყოველწლიურად იზრდება.


2015 წელს ლიტვამ სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2016 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების 20% პროფესიულ არმიას შეუერთდა.
  • ლატვიის პროფესიული არმია 5000 ჯარისკაცისგან შედგება.
ფაქტი 4. ბალტიის ქვეყნები ყოველწლიურად ზრდიან სამხედრო დანახარჯებს
ბალტიის სამივე ქვეყანა ყოველწლიურად ზრდის სამხედრო დანახარჯებს:

ფაქტი 5. ბალტიის ქვეყნებში NATO-ს სამხედრო სტრუქტურული ერთეულებია ბაზირებული

2004 წლიდან NATO-ს სამხედრო ძალები „ბალტრიის საჰაერო სივრცის პატრულირების მისიის" ფარგლებში განლაგებულია შიაულიაის საჰაერო ბაზაზე ლიტვაში, 2014 წლიდან იგი იყენებს ამარის საჰაერო ბაზასაც ესტონეთში. ასევე, პერიოდულად გამოიყენება ლიელვარდეს საჰაერო ბაზა ლატვიაში.

გლობალური კვლევების ცენტრის შესახებ

"გლობალური კვლევების ცენტრი” 2013 წელს იოსებ არჩვაძემ, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა და მაია ჩუბინაშვილმა დააფუძნეს. IDFI-ს პროექტის, დამოუკიდებლობა.com-ის კვლევის "რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე” მიხედვით, ორგანიზაცია ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს და მეტწილად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრაზიის ინსტიტუტის” მოსაზრებებისა და ანალიზის ტირაჟირებას ახდენს. ამასთანავე დამოუკიდებლობა.com-ის კვლევის თანახმად, "გლობალური კვლევების ცენტრის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ძირითადად დასავლეთის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ექსპერტები თუ მკლევრები მონაწილეობენ. მედიის განვითარების ფონდის კვლევებში "ანტიდასავლური პროპაგანდა” ცენტრის დამფუძნებელი ნანა დევდარიანი ხშირად ფიგურირებს, როგორც ანტიდასავლური განწყობების ერთ-ერთი წყარო.

ნანა დევდარიანის რამდენიმე ანტიდასავლური განცხადება:
  • „შევხედოთ დღევანდელ ლიბერალურ სამყაროში რა დგას დღის წესრიგში – ერთსქესიანთა ქორწინება და ერთსქესიანთა ოჯახებისთვის ბავშვის აყვანის უფლების დაკანონება!..ქართველ ხალხს კი ამ დასავლეთს ისევ რუსეთი ურჩევნია!" („ასავალ-დასავალი", 15-21 სექტემბერი, 2014)
  • „საქართველოს პოლიტიკური ელიტისა და ქართველი ხალხის ინტერესები დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან! ისინი დასავლეთს ემორჩილებიან უსიტყვოდ, ქართველ ხალხს კი ამ დასავლეთს ისევ რუსეთი ურჩევნია!" („ასავალ-დასავალი", 15-21 სექტემბერი, 2014).
  • „ამერიკული ტრენდი, თითქოს რუსეთის სამხედრო მოქმედებები სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას აზარალებს, ვერ მკვიდრდება, რადგან ამერიკელი სამხედროების მიერ „შეცდომით" დაბომბილი მშვიდობიანი ობიექტების რაოდენობა დიდია". („საქართველო და მსოფლიო", 19 ოქტომბერი, 2016)
 


მოამზადა გიორგი რევიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია

უკან