ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სხვადასხვა - 02 ივნ 2017

რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებში

"ასავალ-დასავალი”-ს 2017 წლის 15-21 მაისის ნომერში გამოქვეყნდა "სოციალისტური საქართველო”-ს ლიდერის, ვალერი კვარაცხელიას ინტერვიუ, რომელშიც ის სამხრეთ კავკასიის ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების წარმოქმნაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს დაცვის ერთადერთი გარანტორი რუსეთია.

ვალერი კვარაცხელია, სოციალისტური საქართველო: „შესუსტდა რუსეთის ფაქტორი და დილაობით ბათუმს უკვე მოლას ბაიათები აღვიძებს. კავკასიის ასაფეთქებლად, რასაც შემდგომში რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებს, დასვლეთს ბევრი ბერკეტი აქვს. მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მთლიანად ამერიკული სპეცსამსახურების მიერ არის შექმნილი იმისთვის, რომ კავკასია დანაღმული დარჩეს. როდესაც დასჭირდებათ, ამ ნაღმებს ააფეთქებენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ არავინ დაგვიცავს. პირიქით, ყველა მეზობელი ჩვენ წინააღმდეგ აღდგება. დაცვის ერთადერთი ისტორიული მექანიზმი გაგვაჩნია - რუსეთის მფარველობა! ეს იცოდნენ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა და ამ მექანიზმით რამდენჯერმე გადავრჩით. მისი მოშლის შემდეგ კი, საქართველო დაშლა-გადაშენების გზით მიექანება." 

ვალერი კვარაცხელიას განცხადება მცდარია, რადგან სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებს რუსეთი შესაბამისი ქვეყნების წინააღმდეგ ბერკეტად იყენებდა. მთიანი ყარაბაღისა და აფხაზეთის პროცესებში რუსეთი, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, ხან ერთი მხარის, ხან კი მეორე მხარის პოზიციას იკავებდა, რუსული შეიარაღება კი ორივე მხარის ხელში ხვდებოდა, რაც რეალურად პროცესების მშვიდობიანად გადაჭრის შესაძლებლობებს კიდევ უფრო ართულებდა. მიუხედავად იმისა, რომ 1991-1992 წლებში ცხინვილის რეგიონის შემთხვევაში რუსეთის ფიზიკური მონაწილეობა არ დასტურდება, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებისა და სამშვიდობო პროცესში მოსკოვის ჩართულობის შედეგად, ქართულმა მხარემ ამ რეგიონზე კონტროლი დაკარგა. 2008 წლის აგვიტოს ომის დროს კი რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე აშკარა სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. 

მთიანი ყარაბაღის საკითხი

1. სტალინმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია ჯერ სომხეთს გადასცა, შემდეგ გადაწყვეტილება გააუქმა და ის აზერბაიჯანის კონტროლს დაუქვემდებარა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის სადავო ტეროტორიის შესახებ თანამედროვე კონფლიქტი 1920-იან წლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გასაბჭოების პროცესებს უკავშირდება. 1920 წლის 2 დეკემბერს სტალინმა, რომელიც იმ დროს ეროვნებათა საქმეების სახელმწიფო კომისარი იყო, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყარაბაღი, ზანგეზური და ნახიჩევანი სომხეთის კონტროლის ქვეშ უნდა გადასულიყო, თუმცა ეს ინიციატივა აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის ხელმძღვანელმა ნარიმან ნარიმანოვმა გააპროტესტა. 4 თვის შემდეგ საბჭოთა კავშირსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა "მოსკოვის”, იგივე "მეგობრობის” ხელშეკრულებას. თურქეთთან პარტნიორობის განმტკიცების მიზნით, სტალინმა ნახიჩევანიცა და ყარაბაღიც ამჯერად აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ მოაქცია.

საბჭოთა კავშირის დასუსტების პარალელურად მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია დაიძაბა. შეიარაღებული კონფლიქტი 1988 წლიდან დაიწყო, რომელიც სსრკ-ს დაშლისთანავე სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 

2. რუსი სამხედროები ომში როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარეს მონაწილეობდნენ

1990-91 წლებში კრემლი ღიად უჭერდა მხარს აზერბაიჯანს, რადგან, სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანს დამოუკიდებლობა მოსკოვში 1991 წლის აგვისტოს პუტჩამდე არ გამოუცხადებია. 1992 წლიდან, რუსეთის პოზიცია სომხეთის სასარგებლოდ შეიცვალა. 

1992 წელს ტაშკენტის კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც საბჭოთა კავშირის სამხედრო ტექნიკა მიიღო, რომლის რაოდენობაც შეზღუდული იყო - 220 ტანკი, 220 ჯავშანტრანსპორტიორი, 285 საარტილერიო შეიარაღება. ამ ლიმიტის გადაჭარბება ხელშეკრულებით იყო შეზღუდული. ლეგალურად შეძენილი შეიარაღების გარდა Human Rights Watch-ი კონფლიქტის ორივე მხარეს არალეგალურად შეძენილი ან საბჭოთა ძველი ბაზებიდან მოპარული იარაღის შესახებ საუბრობს

"შეიარაღების ნაწილი ლეგალურად გადავიდა მემკვიდრე ქვეყნების ხელში, ნაწილი მოიპარეს, ნაწილი კი კორუმპირებული სამხედრო ოფიცრებისა და მომხმარებელს დახარბებული იარაღის საწარმოების მიერ არალეგალურად იყიდებოდა, რამაც ყოფილი საბჭოთა იმპერიის ტერიტორიებზე კონფლიქტები გაამწვავა და მოქალაქეთა ტრაგედიის რიცხვი გაზარდა”. 

ცალკეული რუსი სამხედროები ომში ორივე მხარის სასარგებლოდ მონაწილეობდნენ. Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანელი და სომეხი მებრძოლების ხელში საბჭოთა მე-4 და მე-7 არმიის იარაღი ხვდებოდა, რომლებიც, შესაბამისად, აზერბაიჯანსა და სომხეთში იყო განლაგებული. აგრეთვე მნიშვნელოვანი საკითხია აზერბაიჯანის ქალაქ ხოჯალის მოვლენებში სომხეთის ქალაქ სტეფანაკერტში გამაგრებული რუსეთის 366-ე მოტომსროლელთა პოლკის სომხეთის მხარეს მონაწილეობა. მოვლენებიდან ორი დღის შემდეგ აზერბაიჯანმა რუსული სამხედრო ვერტმფრენი იყიდა, რომელსაც ხოჯალიში ჟურნალისტები უნდა გადაეყვანა, თუმცა ის მეორე სახმედრო ვერტმფრენმა ჩამოაგდო, რომელსაც იმ დროისთვის არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი ფლობდა. 1992 წლის სექტემბერში კი აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღში რუსეთის სპეციალური დანიშნულების რაზმის 6 წევრი დააკავა. 

3. რუსეთი ხელს უშლიდა მინსკის ჯგუფის სამშვიდობო პროცესებს

1991 წელს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციიის (CSCE) ფარგლებში ჩამოყალიბდა "მინსკის ჯგუფი”, რომელსაც მთიანი ყარაბაღის საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაეწყვიტა. რუსეთი ხელს უშლიდა სამშვიდობო პროცესებს და CSCE-ს ინფორმირების გარეშე, პარალელურად ცალმხრივ შეხვედრებს მართავდა. 1994 წელს ეუთოში ამერიკის წარმომადგენელი ჯონ მარესკა წერდა:

"რუსეთს რეგიონში თავისი გავლენის აღდგენა და გარე აქტორების, კერძოდ კი აშშ-ისა და თურქეთის გამორიცხვა სურდა… მოსკოვს თურქეთთან და ირანთან საბჭოთა [აზერბაიჯანის] საზღვრის კონტროლის აღდგენა და აზერბაიჯანის ნავთობის სიმდიდრეების გაყოფა სურდა. ამ მიზნების მისაღწებად, რუსეთი აზერბაიჯანს აიძულებდა რუსი სამხედროები საზღვრის მცველებად დაეშვა. რუსეთის ბერკეტი შემდეგი იყო: თუ აზერბაიჯანი რუსეთის მოთხოვნებს არ დასთანხმდებოდა, რუსეთი მხარს დაუჭერდა სომხეთს, რასაც აზერბაიჯანისთვის გამანადგურებელი სამხედრო ეფექტი ექნებოდა.”

4. დღეს პუტინი შეიარაღებას როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთსაც აწვდის

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაშია გაწევრიანებული, რომელშიც რუსეთთან ერთად, ბელარუსი, ტაჯიკეთი და ყაზახეთი შედიან. სომხეთი მუდმივად ყიდულობს შეიარაღებას რუსეთისგან და რუსი სამხედროები სომხეთის ტერიტორიაზე მუდმივად არიან წარმოდგენილები. 2016 წლის ნოემბერში, მოსკოვმა განაცხადა, რომ სომხეთთან ერთად საერთო სამხედრო ძალებს ჩამოაყალიბებს, რომელშიც ერევანთან განთავსებული რუსეთის 102-ე ბაზა და სომხეთის არმიის მე-4 კორპუსი მიიღებს მონაწილეობას. ინიციატივის მიხედვით, "მშვიდობიანობის დროს ის სომხეთის სამხედრო სტრუქტურებს დაექვემდებარება, ხოლო ომის დროს კონტროლს ხელში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქი აიღებს.” 

თუმცა, პარალელურად რუსეთი აზერბაიჯანსაც აწვდის იარაღს. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის 2012-2016 მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანისთვის იარაღის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი რუსეთია - აზერბაიჯანში იარაღის იმპორტის 69 % რუსეთზე მოდის. 

აფხაზეთის საკითხი

1. აფხაზეთის ომში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა 

1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში რუსეთის ფიზიკურ მონაწილეობას არაერთი ფაქტი ამტკიცებს. რუსეთის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა აფხაზების მიმართ იზრდებოდა, თუმცა ამავდროულად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი საქართველოს მთავრობას იარაღით ამარაგებდა. 1992 წლის ზაფხულში, ტერიტორიის დასატოვებლად გამზადებული რუსი სამხედროების მხრიდან საქართველოს მთავრობამ დიდი რაოდენობის იარაღი მიიღო. ამ დროს აფხაზების შეიარაღება საკმაოდ მცირე იყო, თუმცა მდგომარეობა მალევე აფხაზების სასარგებლოდ შემობრუნდა. 

Human Rights Watch (HRW)-ის 1995 წლის მარტის ანგარიშში ნათქვამია, რომ აფხაზების სასარგებლოდ ომში რუსეთის მონაწილეობამ პროცესები კიდევ უფრო დაამძიმა. იმავე ანგარიშის მიხედვით, რუსული იარაღი აფხაზების ხელში ხვდებოდა, ხოლო რუსული სამხედრო თვითმფრინავები საქართველოს მიერ კონტროლირებად სამოქალაქო სამიზნეებს ბომბავდა. "რუსული სამხედრო ხომალდები საქართველოს კონტროლირებად სოხუმს ბომბავდა, ხოლო რუსეთის მიერ გაწვრთნილი და დაქირავებული მებრძოლები ტყვარჩელთან ტერიტორიას იცავდნენ.” 

კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, აფხაზების მხარდასაჭერად ჩრდილოეთ კავკასიიდან მოხალისეები ჩავიდნენ მაშინ, როდესაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვარს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. უკვე ოქტომბერში შევარდნაძე ღიად სდებდა ბრალს რუსეთს კონფლიქტში ინტერვენციის გამო და აღნიშნავდა, რომ ქართული ნაწილები ისეთი ტექნიკით იბომბებოდა, რომლებსაც აფხაზეთი იმ პერიოდისთვის არ ფლობდა. მაგალითად, HRW-ის ინფორმაციით, ქართული ვერტმფრენები, მათ შორის სამგზავრო ვერტმფრენები, სტინგერის ტიპის სითბური რაკეტების მიერ, შავ ზღვაში განლაგებული სამხედრო ხომალდებიდან იბომბებოდა. აგრეთვე, ქართული მხარის მტკიცებით, სოხუმის მახლობლად მათ T-72 და T-80 ტანკები და საარტილერიო ერთეულები შენიშნეს, რომლებსაც რუსი სამხედრო ოფიცრები აკონტროლებდნენ. რუსული საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასი კი იუწყებოდა, რომ ქვემო ეშერას რეგიონში ქართულ პოზიციებს რუსული სუ-25 ბომბავდა. 1993 წლის მარტში ქართულმა ძალებმა სუ-27-ის ჩამოგდება შეძლეს, რომელსაც რუსეთის საჰაერო ძალების პილოტი მართავდა. 

კონფლიქტში რუსეთის ღია ჩართულობის შედეგად, საქართველომ აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა.

2. რუსეთი ხელს უშლიდა პროცესებში გაერო-ს ჩართულობას 

1993 წელს გაერო-ს ეგიდით საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მისია (UNOMIG) ჩამოყალიბდა, რომლის მიზანიც ცეცხლის შეწყვეტის პროცესისა და სამშვიდობო ძალების მოქმედების მონიტორინგი იყო. სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების თემატიკაზე სპეციალიზირებული შვედი მეცნიერი სვანტე კორნელი წერს, რომ იმ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი კოზირევი ცეცხლის შეწყვეტის პროცესში გაერო-ს ჩართულობას ღიად ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ რუსეთი გაერო-ს მონაწილეობით არ იყო დაინტერესებული და მედიაციის პროცესს თავად უხელმძღვანელებდა. 1993 წელს კოზირევმა განაცხადა, რომ "სხვა ვერცერთი სახელმწიფო შეცვლის ჩვენს [რუსეთის] სამშვიდობო პროცესებს ახლო საზღვარგარეთში,” რაც გაერო-ს მისიის წინააღმდეგ ერთ-ერთი პირველი მკაფიო მესიჯი იყო. 

2009 წელს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ვეტო დაადო UNOMIG-ის სამშვიდობო მისიის გაგრძელებას, რის შედეგადაც მისიის 150-მა პერსონალმა ტერიტორია 2009 წელს დატოვა. 

ცხინვალის რეგიონის საკითხი

1991-1992 წლებში ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ფიზიკური მონაწილეობა არც თუ ისე ცხადია, თუმცა ამ საკითხს მოსკოვი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ბერკეტად იყენებდა. რუსეთის ჩართულობა პროცესებში უფრო აშკარა 1992 მაისიდან კონფლიქტის მხარეებს შორის შეტაკებების გამძაფრების შედეგად ჩანს. რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რუსლან ხასბულატოვი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ რუსკოი საკუთარ განცხადებებში ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეებად მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ რუსეთი ყველა ღონეს იხმარდა "საკუთარი მოქალაქეების” დასაცავად. წიგნში "Small Nations & Great Powers” სვანტე კორნელი წერს, რომ ხასბულატოვი ცხინვალში ომის გამო შევარდნაძეს თბილისის შესაძლო დაბომბვითაც ემუქრებოდა. 

ხასბულატოვის განცხადებებიდან 3 კვირაში, რუსეთის ხელმძღვანელობით სამშვიდობო შეთანხმება შედგა, რომლის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ ცხინვალის რეგიონზე კონტროლი დაკარგა, ადმინისტრაციულ საზღვართან კი რუსი სამშვიდობო ძალები განლაგდნენ. 

2008 წელს კი "საკუთარი მოქალაქეების” დაცვისა და "სამშვიდობო ოპერაციის” განხორციელების საბაბით რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. 



მოამზადა სოფო გელავამ
უკან