ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

რელიგია - 22 დეკ 2014

მითი, თითქოს ევროპა უპირისპირდება მართლმადიდებლობას, მცდარია

·        "მართლმადიდებლობა, ევროპის ერთ-ერთი ტრადიციული აღმსარებლობა, საქართველოში ისტორიულად სახელმწიფო რელიგია იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები".

კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ

მართლმადიდებელ  ეკლესიას შორის, პრეამბულა.

14 ოქტომბერი, 2002

·         კომუნისტური რევოლუციის შედეგად რუსეთიდან დევნილი თეოლოგები და ქრისტიანი მოაზროვნეები სწორედ ევროპასა და აშშ-ში  შეიფარეს.

·         ქართელი მეფეები რომის ეპისკოპოსს სულიერ მამად მოიხსენიებდნენ.

·         პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის, პირველი ქართული გრამატიკისა და პირველი ქართული ზღაპრების კრებულის გამოცემა კათოლიკე ეკლესიის სახელთანაა დაკავშირებული.

·         XIX-ის დამდეგს რუსეთის იმპერატორმა  საქართველოს ავტოკეფალია გააუქმა და  იგი ობერპროკურორსა და რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა.

მართლმადიდებელი ეკლესია და დასავლეთი

კითხვაზე საპასუხოდ, უპირისპირდება თუ არა მართლმადიდებლობას ევროპა, რაიმე საფრთხეს უქმნის თუ არა დასავლეთი მართლმადიდებლური აღმსარებლობის მანიფესტაციას,  შორს წასვლა არ გვჭირდება.  ამ შეკითხვაზე პასუხს იძლევა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმების პრეამბულა,  სადაც ნათქვამია, რომ მართლმადიდებლობა ევროპის ერთ-ერთი ტრადიციული აღმსარებლობაა.

შეთანხმებაში არსადაა  ნახსენები, მაგალითად, აღმოსავლეთი, სამხრეთი ან ჩრდილოეთი, არამედ ჩაწერილია სწორედ ევროპა - დასავლეთი. რას ნიშნავს ეს ჩანაწერი?  უპირველეს ყოვლისა,  იმას, რომ კონსტიუციური შეთანხმება და, აქედან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქოც,   მართლმადიდიდებლობას ევროპული რელიგიურობისა და კულტურის, დასავლური ცივილიზაციის  კონტექსტში მოიაზრებს.

ნიშნავს თუ არა ეს იმასაც, რომ საქართველოს ეკლესია, კონსტიტუციური შეთანხმებით, ე.წ.  დასავლურ ღირებეულებებს ანუ იმ უნივერსალურ და ფუნდამენტურ პრინციპებსაც  უნდა აღიარებდეს, თანამედროვე ევროპას რომ უდევს საფუძვლად: -  ადამინის უფლებებსა და თავისუფლებებს, ლიბერალურ -დემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმს, ტოლერანტობას, პლურალიზმსა და თანასწორუფლებიანობას? 

ამ შეკითხვაზე საპასუხოდ კვლავ კონსტიტუციური შეთანმხების ტექსტს უნდა მივმართოთ, რომელიც აცხადებს:  ეკლესია, საეკლესიო სამართალთან ერთად, თავის საქმიანობას წარმართავს კონსტიტუციის საფუძველზე და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოუკიდებლობის დაცვით ანუ ეკლესია არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს, ვთქვათ, რელიგიის თავისუფლების, თანასწორუფლებიანობის, სახელმწიფოს ლიბერალურ-დემოკრატიული მოწყობისა და ეკლესიის სახელმწიფოსგან გამიჯვნის პრინციპებს.

ყოველევე ამასთან ერთად, ცხადია, ისიც უნდა გავიაზროთ, რა კულტურულ -ისტორიული მახასიათებლებით შეიძლება იყოს მართლმადიდებლობა ტრადიციული ევროპული აღმსარებლობა.

მე-11 საუკუნემდე ოიკუმენას, ქრისტენდომს ანუ ქრისტიანულ სამყაროს წარმოადგენდა ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია, რომელიც სხვადასხვა საპატრიარქოების სახით გაბნეული იყო მსოფლიოში. რომის პაპიც, კონსტანტინოპოლის პატრიარქიცა და საქართველოს კათოლიკოსიც ერთი კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები იყვნენ.

შესაბამისადრომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის განხეთქილების ჩამოგდებამდე, ფორმალური თუ შინაარსობრივი კუთხით,  ყოველივე ის, რასაც დასავლეთის ეკლესია, ევროპული ქრისტიანული კულტურა და თეოლოგია ეწოდებოდა, იყო და დღემდე რჩება მსოფლიო მართლმადიდებლობის ან მეორენაირად რომ ვთქვათ, მსოფლიო კათოლიკე ეკლესიის განუყოფელ ნაწილად და ნაყოფად.

ერთიანობის პერიოდის დასავლელი წმინდანები თუ თეოლოგები, საეკლესიო არქიტექტურა, მხატვრობა თუ ლიტურგიკული კულტურა მართლმადიდებელი ეკლესიის, ე.წ. აღმოსავლური ქრისტიანობის ნაწილია და პირიქით.   თამამად შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ავგუსტინე ნეტარის ან წმინდა ვალენტინის მოხსენიება შეუძლია ისევე, ოგორც რომის ეკლესიას შეუძლია წმინდა ნინოსა და  გრიგოლ ხანძთელისადმი აღავლინოს ლოცვა.

ისტორიული საფუძვლების გარდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით, იმ სახელმწიფოების უმეტესობა, რომელთა დომინანტური აღმსარებლობა მართლმადიდებელი ქრისტიანობაა  ან უკვე ევროპული დემოკრატიული ოჯახის წევრები, ან როგორც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან. ცხადია, რომ ევროპულობა და მართლმადიდებლური ტრადიცია ამ ქვეყნების განმსაზღვრელი იდენტობაა.

ევროკავშირის გარშემო აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დასავლელი მართლმადიდებელი იერარქების უმრავლესობა, მისი შეფასებისას, საბოლოო ჯამში,  მსოფლიო პატრიარქის პოზიციას იზიარებენ. ბართლომე პირველი აცხადებს, რომ  „ ევროკავშირმა გაიარა რამდენიმე სერიოზული კრიზისული პერიოდი, მისი დამფუძნებლების იდეალისტური შეხედულებების კორექტირებაც მოხდა და რაღაცეებზე უარიც ითქვა, მაგრამ ამან არ უნდა გადაფაროს  ჩვენთვის მისი მნიშვნელოვანი მიღწევები. უკანასკნელი სამოცი წელიწადია ევროპა არ შეურყევია დიდ ომებს. შესაძლოა, რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ეს ყველაზე გრძელი პერიოდია ევროპული მშვიდობისა. დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით მინიმალურია ძალადობა და სისხლისღვრა... ევროპელი ხალხები ტკბებიან თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის ისეთი ხარისხით, რომელიც  ჯერ კიდევ 1930-იან წლებში წარმოუდგენელი იყო. ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის,  ვინც  ყოველ საღვთო ლიტურგიაზე მშვიდობისთვის ვლოცულობთ ეს სერიოზული მიზეზია საიმისოდ, რომ ასეთ ნაბიჯებს  შევხვდეთ მადლიერებითმაგრამ,  იმავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ  თვითდამშვიდების საფუძველი არ არსებობს. მშვიდობა და თავისუფლებაეს არა მხოლოდ ღვთის წყალობა  არემედ,  ცხოვრების გრძელვადიანი ამოცანაცაა."   

ამდენად,  ზოგადად, მართლმადიდებლების მხრიდან  ასე დასმა საკითხისა, არის თუ არა ევროპა საფრთხე - ოქსიმორონად ჩიძლება ჩაითვალოს. რეალურად, მართლმადიდებლობას გამოწვევების წინაშე აყენებს და უმძიმეს პრობლემებს უქმნის  არა ევროპა, არა დასავლეთი, არამედ ის ქვეყნები,  სადაც ეკლესიას მუდმივად პოლიტიკური მიზნებით იყენებენ, როგორც ეს რუსეთსა და ხშირად, საქართველოშიც ხდება. ხოლო მართლმადიდებელი მოქალაქეები სიცოცხლის ხელყოფისა და უფლებების შელახვის საფრთხის წინაშე იმ სახელმწიფოებში დგანან, სადაც იდეოლოგიზებული ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმებია დამყარებული.

უფრო მეტიც,  შეიძლება ითქვას, მეოცე და ოცდამეერთე საკუნეებში მართლმადიდებლური თეოლოგიური ტრადიციის შენარჩუნება, გარკვეულწილად, ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის შეეერთებული შტატების მხარდაჭერის დამსახურებაა. გასული საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს, დასავლეთმა შეიფარა კომუნისტური რევოლუციის შედეგად რუსეთიდან დევნილი თეოლოგები და ქრისტიანი მოაზროვნეები, შეიფარა და დაიცვა მთელი ეკლესიები მაშინ, როდესაც მათ სრულ ლიკვიდაციას კომუნისტური რუსეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამყარებული სოციალისტური რეჟიმები აპირებდნენ.

ამიტომაა, რომ მთელი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის განმავლობაში, მაგალითად, რუსეთს ან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ალექსანდრ მენის გარდა,  არ ყოლიათ დიდი მქადაგებლები, დიდი თეოლოგები, დიდი საკელესიო მოღვაწეები იმ დროს, როდესაც ალექსანდრე შმემანი, ანტონ სუროჟელი, მარია სკობცოვა, ნიკოლაი ბერდიაევი, გრიგოლ ფერაძე, ილია მელია სწორედ როგორც დასავლელი  მოღვაწეები მთელი თავისი სიღრმით წარმოაჩენდნენ  მსოფლიოს წინაშე იმას, თუ რას ნიშნავს აქ და ახლა იყო მართლმადიდებელი ღვთისმსახური, მოწამე, თეოლოგი თუ ფილოსოფოსი.

დასავლური ლიბერალური დემოკრატიისა და პლურალიზმის, ზოგადად დასავლური ღია, ტოლერანტობის ფასეულობაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის დამსახურეებაა, რომ მართლმადიდებლობისთვის შეიქმნა თავისუფლალი სააზროვნო და საგანმანათლებლო აკადემიური კერები. პარიზში, რომში, ოქსფორდში, კემრბრიჯში, ნიუ იორკში, ათენში გერმანულ უნივერსიტეტებში შრომობდნენ და შრომობენ აღიარებული  თეოლოგები: გიორგი ფლოროვსკი, ნიკოლაი აფანასიევი, იოანე მეინდორფი, ოლივიე კლემანი, კალისტოს უერი, ჯონ ბერი, ჯონ ერიკსონი, იაროსლავ პელიკანი, იოანე ზიზიულასი  და სხვ.

მათი ძალისხმევის შედეგად  თანამედროვე ადამიანებისთვის გასაგები გახდა ის, თუ რა არის მართლმადიდებელობა; გასაგები გახდა, რომ რთოდოქსია თავისი უნივერსალურობის წყალობით, ერთიანი ცოცხალი ქრისტიანული სივრცის განუყოფელი ნაწილია. გასაგები გახდა, რომ იგი ბერძნული სარწმუნოება, სამუზეუმო ექსპონატი ან ანტიდასავლური პოლიტიკური მოძღვრება კი არ არის, ვთქვათ, მესამე რომისა და რუსეთის მესიანისტური როლის შესახებ, არამედ  ადამიანის პიროვნული განვითარებისა და ხსნის უნიკალური გზაა.

პარიზის წმინდა სერგის სახელობისორთოდოქსული თეოლოგიის ინსტიტუტის სერბი რექტორი, ნიკოლა ჩერნოკრაკი „დასავლური" მართლმადიდებელობის სწორედ ამ მნიშვნელოვან მახასიათებელს უსვამს ხაზს: ბელგრადში... შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ ჩემი პედაგოგები ღმერთს იცავდნენ ვიღაცისგან. ამასთან ერთად, ბელგრადში დისკურსი დოგმატური იყო. მე ეს მიდგომა ჟანგბადის გარეშე მტოვებდა. პარიზში  ჩამოსვლისას შევხვდი ხალხს, რომლებიც ღმერთთან შერიგებული იყვნენ და მათი დისკურსი დაფუძნებული იყო ღმერთში ცხოვრების გამოცდილებაზე."

რაც შეეხება ევროპასთან  ურთიერთობის ქართულ ისტორიულ და რელიგიურ გამოცდილებას, აქ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ქართველი მეფეები კონსტანტინოპოლსა და რომს შორის განხეთქილების ფაქტისადმი ინდიფერენტულნი იყვნენ.  პაპის საყდარს ისინი აღქვამდნენ როგორც დასავლეთის რელიგიურ და პოლიტიკურ  ცენტრს და მასთან დაახლოებას, მისი მხარდაჭერის მოპოვებას მუდმივად ცდილობდნენ.  

ათონის მთაზე იოანე მთაწმინდელის ყველაზე ახლო მეგობრები ლათინი ძმები იყვნენ. გიორგი მთაწმინდელი ქრისტიანული მოძღვრების დაცვის მხრივ,  აღმოსავლეთის ეკლესიებთან შედარებით, უპირატესობას, რომის ეკლესიას ანიჭებდა. ჯვაროსნები დიდგორის ბრძოლაში მონაწილეობდნენ, ხოლო ქართველი მეომრები ჯვაროსნულ ლაშქრობებებს უერთდებოდნენ. იერუსალიმში მოღვაწე ქართველი მართლმადიდებელი ბერები კათოლიკე ძმებს, ეკლესიათა განყოფის შემდეგაც, საუკუნეების განმავლობაში, იხსენეიებდნენ ლოცვაში. ქართველი მეფეები რომის ეპისკოპოსს მიმართავდნენ როგორც სულიერ მამას,  მისგან კურთხევას ითხოვდნენ და საქართველოში კათოლიკეთა მოღვაწეობის ფართოდ გაშლას უწყობდნენ ხელს.

კათოლიკე ეკლესიას ქართული სახელმწიფოებრიობის, ეკონომიკის, კულტურისა და აზროვნების განვითარებაში უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი. სულხან საბასა და ნიკოლოზ ირუბაქიძეზე რომ არაფერი ვთქვათ, საკმარისი იქნება იმის აღნიშვნა, რომ პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის, პირველი ქართული გრამატიკისა და  ქართული ზღაპრების პირველი კრებულის გამოცემა კათოლიკე ეკლესიის ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.

რეალურად, რომსა და საქართველოს შორის გაუცხოების მთავარი მიზეზი  მე-17 საუკუნიდან გაძლიერებული რუსული გავლენები იყო. იმპერიის კაბინეტებში  შეწუხებულნი იყვნენ  ქართველი მეფეებისა და ივერიის ეკლესიის მჭიდრო კავშირით კათოლიკე ეკლესიასთან, მის მისიონთან, რაც გახდა კიდევაც ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1811 წელს რუსეთის იმპერატორმა  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და ობერპროკურორსა და რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა.  ამ დროიდან იწყება, ერთი მხრივ, ანტიდასავლური სტეორეტიპების, კლიშეებისა და განწყობების რუსული ქარგის მიხედვით კონსტრუირება და მეორე მხრივ, კათოლიკეთა დევნა. 

ამის მიუხედავად, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, საქართველოში  ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნით მართლმადიდებელმა  სამღვდელოებამ ისევ დასავლეთიკსენ მიმართა მზერა.  მეტიც,  რუსეთის იმპერიისადმი წაყენებულ მოთხვნებში ავტოკეფალისტებს გაზიარებული აქვთ სწორედ დასავლური ლიბერალური ნაციონალიზმის იდეები და პრინციპები1. სრული საეკლესიო დამოუკიდებლობა; 2. კათოლიკოსის არჩევითობა ეპისკოპოსებისა და მთელი ერის წარმომადგენლებთან ერთად; 3. სასულიერო პირების ყველა წოდების არჩევითობა; 4. სასკოლო და საგანმანათლელო რეფორმა, ნაციონალური სკოლების ჩამოყალიბება, უმაღლესებში საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ჩამოყალიბება; 5. სასულიერო პირთათვის სიტყვის, ბეჭდვის, კრებისა და ყრილობების თავისუფლება; 6. სასულიერო პირთათვის ყველა სამოქალაქო უფლების მიცემა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეკლესიის იდეას; 7. ეკლესიის განთავისუფლება პოლიტიკური მიზნების მსახურებისგან, აგრეთვე ჩინოვნიკური და საკანცელარიო მსახურებისგან.

მრავლისმეტყველია, რომ 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ,  ერთ-ერთი პირველი, რასაც კათალიკოს პატრიარქი კირიონ საძაგლიშვილი მოიმოქმედებს ქრისტიანული, ძმური სულისკვეთებით გამსჭვალული ეპისტოლეებია რომის პაპისა და კენტერბერიის მთავარეპისკოპოსისადმი იმის საუწყებლად, რომ საქართველოს უძველეი ეკლესია დაუბრუნდა დიდ ქრისტიანულ ოჯახს.

ამ პერიოდში როგორც კათოლიკურ, ასევე პროტესტანტულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან  მჭიდრო თანამშრომლობა იწყება, რამაც შეიძლება ითქვას, ფენომენალური შედეგი გამოიღო გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობის სახით. მთელი მისი ცხოვრება, მისი კვლევები და ქადაგებები, ერთი მხრივ, ქართველი მართლმადიდებელი ბერმონაზვნის და მერე მხრივ, ევროპელი მეცნიერისა და პედაგოგის გამოცდილების უნიკალურ შეჯამებას წარმოადგენს. 

1927 წელს, ვენაში გამართულ უნიის ყრილობაზე  გრიგოლ ფერაძემ, სწორედ  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია გამოხატა:  „ეკლესიები თავისებური განვითარების გზაზე ძალზედ დასცილდნენ ერთმანეთს, მხოლოდ მათი დაახლოება გამოიღებს ჭეშმარიტ ნაყოფს... შეუძლებელია დასავლეთის კულტურაზე ზეგავლენა და მისი განახლება აღმოსავლეთის ქრისტიანობის გარეშე და პირიქით, წარმოუდგენელია აღმოსავლეთის რელიგიის აღორძინება რომის ეკლესიის დახმარების გარეშე".

დასავლეთში, მართლმადიდებლები აღმსარებლობის საჯაროდ გამოხატვისას არანაირ დაბრკოლაებას  არ აწყდნებიან, მათი უფლებები აქ დაცულია.  დღესდღეობით ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მისთვის საგანგებოდ დათმობილ კათოლიკურ და პროტესტანტულ ტაძრებში იკრიბება და მსახურობს.საქართველოს საპატრიარქოს, ისევე როგორც თითქმის ყველა მართლმადიდებელ ავტოკეფალიას, დაარსებული აქვს ეპარქიები და სამრევლოები იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და სხვ. ამ საქმეში ქართველ ორთოდოქსებს მხარში უდგანან დასავლელი ქრისტიანები, სწორედ ისინი, რომელთა ისტორიული ტაძრები საქართველოში,  უმრავლესობას უკანონოდ აქვს მითვისებული’  სწორედ ისინი, რომლებსაც ხშირად  "ურჯულოებად"  და „სექტანტებად"  მოიხსენიებენ აქ და ამცირებენ და რიყავენ. 

ბექა მინდიაშვილი

 

 

 

 

 

უკან