ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სხვადასხვა - 30 მაი 2017

ვიდეო, რომელსაც რასისტული ფბ გვერდები თბილისის მეტროზე აქვეყნებენ, მანიპულაციურია

2017 წლის 23 მაისს ფეისბუქ გვერდმა "წინააღმდეგობა "მომავლისათვის’’ გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით: "ჯუნგლები თბილისის მეტროში. ამ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს.’’ 24 მაისს ფეისბუქ გვერდმა WTF ?! Photos გამოაქვეყნა იდენტური ვიდეო სათაურით: "ირანელი, ერაყელი და ინდოელი მიგრანტები თბილისის მეტროში.’’ ამ გვერდიდან ამავე სათაურით ვიდეო გამოაქვეყნეს ვებ-გვერდებმა dainteresdit.ge, foxnews.ge და ფეისბუქ გვერდმა all ge. გვერდების მტკიცებით, ვიდეო ასახავს თბილისის მეტროს ერთ-ერთ ვაგონში ატეხილ ხმაურს, ხოლო მასში მონაწილე აგრესიული მგზავრები ირანელი, ერაყელი და ინდოელი მიგრანტები არიან. 

აღნიშნული ვებ-გვერდების მიერ ვიდეოსთვის დართული სათაური მანიპულაციურია, რადგან მსგავსი მასალა 2015 წლის 7 სექტემბერს გავრცელდა და შეუძლებელია იდენტიფიცირება, თუ რა ეროვნების ადამიანები არიან მასზე გამოსახული.

თავდაპირველად იდენტური ვიდეო სათაურით "რა ხდება თბილისის მეტროში’’ 2015 წლის 7 სექტემბერს გაავრცელა იუთუბ მომხმარებელმა გიო მერაბიშვილმა. არც ვიდეოს სათაურსა და არც მის აღწერაში არ იყო მითითებული მგზავრების ეროვნება. უფრო მეტიც, კადრები დაბლარულია და მასზე რთულია ადამიანების ეროვნების უდენტიფიცირება. პირველად მგზავრების ეროვნებაზე მითითება ქსენოფობიურ კონტექსტში ფეისბუქ გვერდმა WTF ?! Photos მოახდინა, რომელიც რასისტული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს და სხვა ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ სიძულვილის ენას იყენებს.

წყაროს შესახებ:
"წინააღმდეგობა "მომავლისათვის’’ ფეისბუქ გვერდია, რომელსაც საკუთარ გვერდზე სულ 7 პოსტი აქვს გამოქვეყნებული. პირველი პოსტი დათარიღებულია 2017 წლის 20 მაისით. 
WTF ?! Photos ანტილიბერალური ფეისბუქ გვერდია, რომელიც მოქალაქეებს თავიანთი რასის დაცვისკენ მოუწოდებს და რასისტული და ეთნოცენტრისტული შინაარსის მქონე სიახლეებს აქვეყნებს. მათი ერთ-ერთი ბოლო პოსტი ეძღვნება ამერიკელ სერიულ მკვლელ ჯოზეფ პოლ ფრანკლინს, რომლის სამიზნეებს 1970-იან წლებში ძირითადად ებრაელები და აფროამერიკელები წარმოადგენდნენ, ის მათ დაქვემდებარებულ რასად მიიჩნევდა და თავის დანაშაულებებს "მსოფლიოს განწმენდის მისიით’’ ამართლებდა.

ვებ-გვერდებს dainteresdit.ge და foxnews.ge აქამდეც გამოუქვეყნებიათ ფოტო/ვიდეომანიპულაციები. მათ მიერ 2017 წლის მაისის თვეში გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, თურქეთში სირიელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობდნენ. ეს პუბლიკაციები მითების დეტექტორმა უკვე გადაამოწმა. ფოტო/ვიდეომანიპულაციები თურქეთში ორგანოებით ვაჭრობის ნაცვლად მალაიზიაში მომხდარ ინცინდენტს, დამასკოს გარეუბანში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას და რუსეთის საჰაერო დაბომბვის მსხვერპლების დახმარების პროცესს ასახავდა.



მოამზადა მარი გელაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია

უკან