ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სხვადასხვა - 24 მაი 2017

დეზინფორმაცია დონალდ ტრამპის და ბალტიის ქვეყნების ლიდერების სატელეფონო საუბრის შესახებ

17 მაისს, ტვ ობიექტივის ეთერში გადაცემა „ღამის სტუდიის" წამყვანმა, ბონდო მძინარაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტებთან სატელეფონო კონფერენციის დროს სამი ქვეყნის ლიდერს საუბარი ფრაზით „გაჩუმდით" შეაწყვეტინა, რადგან ისინი რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობდნენ. წამყვანის განმართებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკა პრობლემად აღიქვამს ბალტიის ქვეყნების მიერ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე აპელირებას და ასევე მოთხოვნას, მეტი ქმედითი ნაბიჯებისკნე მათ დასაცავად. 

ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ქვეყნის მეთაურმა ითხოვა ტრამპთან სატელეფონო საუბარი და ის დააკავშირეს ტრამპს და უცბად ტრამპი აღმოჩნდა სამი პრეზიდენტის წინაშე, მისთვის სრულიად მოულოდნელად. სამივე პრეზიდენტი ერთდროულად ლაპარაკობდა იმ საფრთხეებზე, რომლებიც მათ რუსეთიდან ემუქრებოდათ, თუკი შეერთებული შტატები მაქსიმალურ ძალისხმევას არ მოახმარდა მათი უსაფრთხოების დაცვას. და მაშინ ტრამპის ეს ციტატა, ცნობილი ციტატაა გამოქვეყნდა ეს, როცა სამივეს უთხრა ეხლა სამივემ მოკეტეთო და იფიქრეთ იმაზე, რას აფუჭებთ თქვენ, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებთო… შეერთებული შტატებისთვის ბალტიისპირეთის ასეთი მუდმივი ყვირილი იმაზე, რომ მათ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება რუსეთის მხრიდან და უფრო მეტი უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა მათ დასაცავად, პრობლემად აღიქვამენ ისინი ამას შეერთებულ შტატებში." 

აღნიშნული განცხადება სიცრუეა, რადგან დონალდ ტრამპსა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტებს შორის ამგვარი საუბარი არ შემდგარა. ყალბი ახალი ამბის პირველწყარო კი რუსულენოვანი ვებ-გვერდი „Чеснок" -ია (ნიორი).

რეალური ფაქტები 

Christian Science Monitor-ის ცნობით, ყალბი ახალი ამბავი თითქოს აშშ-ის დონალდ ტრამპმა ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის პრეზიდენტებს სატელეფონო ზარი ფრაზით „გაჩუმდით" შეაწყვეტინა და გაბრაზებულმა საუბარი დაასრულა - პირველად 2016 წლის 30 ნოემბერს, რუსულენოვანმა პორტალმა „Чеснок"-მა გაავრცელა


ფოტო: რუსულენოვან პორტალ „Чеснок"-ის 30 ნოემბრის მასალა 

რუსულენოვან პორტალებზე გავრცელებული ახალი ამბის მიხედვით, დონალდ ტრამპის მრჩეველი კელიენ კონუეი CNN-ის ჟურნალისტ კრისტიენ ამანპურთან ინტერვიუში ყვება ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შესახებ. კონუეის თქმით, დალია გრიბაუსკაიტე დონალდ ტრამპს პირველად ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა უხეშად დაარღვია დიპლომატიური წესები და აშშ-ის პრეზიდენტის გაუფრთხილებლად სატელეფონო კონფერენციაში ესტონეთის და ლატვიის პრეზიდენტებიც ჩართო. ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად დაიწყეს საუბარი რუსული აგრესიის შესახებ, რამაც დონალდ ტრამპი გააღიზიანა. მან პრეზიდენტებს საუბარი ფრაზით „გაჩუმდით" (Заткнитесь) შეაწყვეტინა და საუბარი დაასრულა. 

ახალი ამბავი გავრცელებიდან 1 დღის შემდგომ, პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლმა ესტონურმა ბლოგმა Propastop.org-მა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა. Propastop.org დაუკავშირდა ესტონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელმაც აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა. მკითხველის შეცდომაში შეყვანის მიზნით, რუსულენოვან ვებ-გვერდებს ამბის პირველწყაროდ CNN -თან აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ინტერვიუ აქვთ მოყვანილი, თუმცა მითითებულ ბმულს არა კონკრეტულ სტატიაზე ან ინტერვიუზე, არამედ CNN -ის ვებ-გვერდის თავფურცელზე გადავყავართ, რაც შეუძლებელს ხდის გავრცელებული ამბის ავთენტურობის დადგენას. ამგვარი მეთოდი რუსულენოვანმა ვებ-გვერდებმა ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთში საცხოვრებლად გადასვლის თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელების დროსაც გამოიყენეს, როდესაც პირველწყაროდ BBC-ს მთავარი გვერდი მიუთითეს.

პროპაგანდის მეთოდი: პროპაგანდისტული პლატფორმები დეზინფორმაციის გავრცელებისას დეფლექციურ ანუ წყაროს არიდების მოდელს ხშირად იყენებენ. დეფლექციური მოდელი გულისხმობს პირველწყაროს დამალვას, რის შედეგადაც გზავნილის მიმღები ინფორმაციას პირდაპირ იმ მედიუმისგან მიღებულად აღიქვამს, სადაც ეცნობა გზავნილს და არ აკავშირებს მას თავდაპირველ წყაროსთან. მიზანი არის დაიმალოს გზავნილის თავდაპირველი წყარო, შექმნას მაღალი ხარისხის ნდობა როგორც გზავნილის, ასევე იმ წყაროს მიმართ, რომლითაც ვრცელდება ინფორმაცია. მედიის განვითარების ფონდის კვლევის „ანტიდასავლური პროპაგანდა" მიხედვით, 2016 წლის აღნიშნული მეთოდი სხვადასხვა კრემლისტური და ეთნონაციონალისტური მედიასაშუალებების მიერ გამოიყენება. 


მოამზადა დალი ქურდაძემ
სოფო კირთაძის კარიკატურა
უკან