ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სხვადასხვა - 22 მაი 2017

18+: "ორგანოებით ვაჭრობაზე” გავრცელებული ვიდეო თურქეთის ნაცვლად სირიაში რუსეთის საჰაერო დაბომბვის მსხვერპლებს ასახავს

2017 წლის 15 მაისს ქართულმა ვებ-გვერდებმა marshalpress.ge, itv.ge და dainteresdit.ge გამოაქვეყნეს იდენტური შინაარსის მასალები, სახელწოდებით "ბერძნული მედია თურქეთში ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის ამსახველ კადრებს აქვეყნებს (18+)’’ და "+18 - 3 წლამდე გოგონას ორგანოების ამოსაჭრელად ამზადებენ.’’ ქართული ვებ-გვერდების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს თან ერთვის ვიდეო, რომლის აღწერაშიც მითითებულია, თითქოს თურქეთში სირიელ ბავშვებს ცოცხლად აჭრიან ორგანოებს და ორგანოების ტრეფიკინგი თურქეთში განსაკუთრებით გავრცელებულია.

marshalpress.ge-ის, itv.ge-ის და dainteresdit.ge-ის მასალები მანიპულაციურია, რადგანაც მასზე თურქეთის ნაცვლად 2015 წლის 11 დეკემბერს სირიის სოფელ ალ-კისაბიას რუსეთის საჰაერო დაბომბვების შედეგად გარდაცვლილი ადამიანები და დაშავებული გოგონაა ასახული. ადამიანები, კი რომლებიც დაშავებულ ბავშვებს ეხმარებიან, არა ორგანოებით მოვაჭრეები, არამედ "სირიის ჰუმანიტარული ფონდის” წევრები არიან.

რეალური ფაქტები

1. ვიდეო არა ორგანოებით ვაჭრობას, არამედ რუსეთის მიერ სირიის სოფლის დაბომბვის მოვლენებს ასახავს
ვიდეოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ თავდაპირველად ის არაბულ ენაზე SMART News Agency -მ 2015 წლის 11 დეკემბერს სათაურით "რუსული თვითმფრინავების მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა იდლიბის სამხრეთით მდებარე სოფელ ალ-კისაბიაში’’ გაავრცელა. SMART News Agency საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით 2013 წლიდან არაბულენოვან სიახლეებს აქვეყნებს. SMART News Agency-ის ვიდეო იმავე აღწერით გაავრცელეს სხვადასხვა არაბულენოვანმა გამოცემებმა და ახალი ამბების სააგენტო ლ-ჯაზირამაც, რომელიც 20 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 100-ზე მეტ სახელმწიფოში მაუწყებლობს.


2. ვიდეოში მონაწილე პირები "სირიის ჰუმანიტარული ფონდის” მოხალისეები არიან
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ხდის მამაკაცი თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ბავშვს მაისურს მაკრატლის დახმარებით. მამაკაცს ლურჯი მაისური აცვია, რომელზეც ლოგოა გამოსახული. გუგლის საძიებო სისტემაში მოცემული ლოგოს გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ეკუთვნის. Al-Sham Humanitarian Foundation (სირიის ჰუმანიტარული ორგანიზაცია) სირიის მოსახლეობას სხვადასხვა ჰუმანიტარულ სერვისს სთავაზობს.


3. ვიდეოში მონაწილე გოგონას რენტგენის აპარატზე აწვენენ
ვიდეოში გამოსახულ გოგონას, რომელიც მარშალპრესისა და სხვა ქართულენოვანი სააგენტობის მიხედვით ორგანოებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლია, სინამდვილეში სამედიცინო შემოწმების მიზნით რენტგენის აპარატის ციფრულ პანელზე აწვენენ.





წყაროს შესახებ:
მარშალპრესი სტატიის წყაროდ all.ge-ის ფეისბუქ გვერდს უთითებს, თუმცა აღნიშნული შინაარსის მასალები ამ გვერდზე არ იძებნება. itv.ge-ის და dainteresdit.ge-ის სტატიები ლიბანურ გაზეთ ad-Diyar-ის პუბლიკაციას ეყრდნობა, რომელშიც თურქეთში სირიელთა ორგანოების ვაჭრობაზეა საუბარი. ad-Diyar-ის სტატიის შესახებ ინფორმაცია  გლობალური კვლევების ცენტრმა 2013 წლის 4 მაისს გაავრცელა, თუმცა პუბლიკაცია არ შეიცავდა ვიდეო ჩანაწერებს ორგანოებით ვაჭრობის შესახებ. გლობალური კვლევების ცენტრი მიშელ ჩოდოკოვსკის მიერ დაარსებული ანტიდასავლური გამოცემაა, რომელიც სხვადასხვა დროს აქვეყნებდა სტატიებს დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ, აგრეთვე, 2014 წლის ომის დროს ანტიუკრაინულ კამპანიას აწარმოებდა. თავად ad-Diyar-ის აღნიშნული სტატია გამოცემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
მანიპულაციური ვიდეო იუთუბზე 2017 წლის 12 მაისს მომხმარებლის Sigmund Freud-ის მიერ არის ატვირთული. Sigmund Freud-ის იუთუბ გვერდზე სულ 9 ჩანაწერი იძებნება, რომლებიც ძირითადად ისრაელის მთავრობის საწინააღმდეგო შინაარსს შეიცავს. მის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ  ვიდეოში  ასახულია ისრაელის სახელმწიფოს დროშის საჯაროდ დაწვა.

P.S. მარშალპრესს აღნიშნული ვიდეო Facebook-მა დაუბლოკა, ხოლო itv.ge-სა და dainteresdit.ge-ზე ის კვლავ ხელმისაწვდომია. itv.ge-სა და dainteresdit.ge-ს მასალასთან ერთად გამოქვეყნებული აქვთ მეორე მანიპულაციური ვიდეო, რომელიც მითების დეტექტორმა უკვე გადაამოწმა. ვიდეო თურქეთის ნაცვლად მალაიზიაში მომხდარ ინციდენტს, დამასკოს გარეუბანში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას, კორეაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას და სხვა არარელევანტურ კადრებს ასახავს.



მოამზადა მარი გელაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია

უკან