ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სხვადასხვა - 23 მაი 2017

ისტორიის გაყალბება: "პოლიტიკანო” ჭიათურის მშენებლობას აკაკი წერეთლის ნაცვლად საბჭოთა კავშირს მიაწერს

2017 წლის 14 მაისს Facebook გვერდზე "პოლიტიკანო” გამოქვეყნდა მასალა, რომელიც ჭიათურის მშენებლობას საბჭოთა კავშირს მიაწერს.
პოლიტიკანო: ჭიათურის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო. მანგანუმის მარაგის აღმოჩენის შემდეგ ჭიათურა ერთ-ერთ ყველაზე მწვანე, ლამაზ და ინდუსტრიულ ქალაქად იქცა საქართველოში.
"პოლიტიკანოს” მტკიცება ტყუილია, რადგან ჭიათურის მშენებლობა 1879 წლიდან აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო და მანგანუმის მადნის მოპოვებას უკავშირდება.

1. ჭიათურის მანგანუმის მეცნიერული შესწავლა 1840-იან წლებში გერმანელი გეოლოგის, ჰერმან აბიხის მიერ დაიწყო. პირველად ჭიათურის საბადოს შესახებ რუსულ "სამთო ჟურნალში” ინფორმაცია 1845 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1858 წელს იმავე ჟურნალში ჰერმან აბიხმა ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა.

 
2. ჭიათურაში მანგანუმის დამუშავება 1879 წელს აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო
ჭიათურის საბადოთი დაინტერესების შემდეგ, აკაკი წერეთელმა მანგანუმისა და ტყიბულის ქვანახიშირს ნიმუშები ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში გაგზავნა, 1879 წელს კი ჭიათურაში კრუპის ქარხნის, ვესტფალიაში რკინის მაღაროების Gute Hoffnung-ისა და პეტერბურგის სავაჭრო სახლის „ვახტერისა და კომპანიის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მოპოვების პროცესში ჩართული იყო საზოგადოება "იმერეთი”-ც.
ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი წერეთელი წერდა, რომ ევროპის ბაზარზე ქართული "შავი ქვა” სწორედ წერეთლის სახელით გავიდა:
გიორგი წერეთელი: „შავი ქვის წარმოება პირველად ჩვენმა პოეტმა აკ. წერეთელმა დაიწყო. პირველი ნიმუშები… მანვე გაგზავნა ევროპასა და რუსეთში. პირველი „პარტია" შავი ქვისა ამის სახელით გავიდა ევროპის ბაზარში".
Forbes Georgia-ს ცნობით, 1914 წლამდე ჭიათურის მადნის უმსხვილესი იმპორტიორი გერმანია იყო, რომელზეც მოდიოდა მთელი ექსპორტის 43%, ინგლისზე - 23%, ბელგიაზე - 14%, აშშ-ზე - 6%, საფრანგეთზე - 5%.

აკაკი წერეთელი ჭიათურაში, 1912 წელი. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა
 
3. ჭიათურის მშენებლობა 1879 წელს, მადნის მოპოვების განვითარებასთან ერთად იწყება
 
ჭიათურის საბადოს განვითარებასა და მანგანუმის ექსპორტზე გატანასთან ერთად ჭიათურის მშენებლობაც იწყება. 1895 წელს დასრულდა ჭიათურის რკინიგზის მშენებლობა და ის ამიერკავკასიის მთავარ სარკინიგზო მაგისტრალს დაუკავშირდა. XIX საუკუნის ბოლოსთვის ჭიათურაში 6 000--მდე ადამიანი მუშაობდა, ხოლო Forbes-ს ცნობით, ამ პერიოდისთვის მანგანუმის ხვედრითმა წილმა მსოფლიო ექსპორტში 50% მიაღწია, რაც რუსეთში ამოღებული მადნის 75% შეადგენდა.
1894 წელს ჭიათურაში დრამატული თეატრიც აშენდა, რომელსაც 1910 წლიდან მუდმივი დასი ჰყავდა.
ამდენად პოლიტიკანოს გნცხადება იმის შესახებ, რომ ჭიათურის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო, ტყუილია.
 
ჭიათურის რკინიგზა. 1900-იანი წლების ღია ბარათი
 
ჭიათურა - მაღაროელები.
ფოტო: დავით აბაშიძე (1865-1922)
წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა



მოამზადა სოფო გელავამ
სოფო კირთაძის კარიკატურა
უკან