ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

კანონმდებლობა - 12 მაი 2017

დეზინფორმაცია: ECHR-მა რუსთავი 2-ის საქმეზე სუბსიდიურობის პრინციპი დაარღვია

2017 წლის 24 აპრილს primetime.ge-ზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR) რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამო აკრიტიკებს.

ევა გოცირიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი:  "ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს კითხვები გაჩნდა სტრასბურგის სასამართლოს მიმართ. ეს იყო სუბსიდიურობის პრინციპის დარღვევა, რადგან, პირველ რიგში, სწორედ ეროვნული სასამართლოს საქმეა, გადაწყვიტოს კონკრეტული დავა და სტრასბურგის სასამართლოს საქმეა დამატებითი დახმარება. სტრასბურგის ასეთი ჩარევა იყო ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევის ზღვარზე.

ევა გოცირიძის განცხადება მცდარია, რადგან ტელეკომპანიამ ECHR-ს მას შემდეგ მიმართა, რაც ეროვნული სასამართლოების ყველა ინსტანცია ამოწურა. შესაბამისად, ევროპულ სასამართლოს სუბსიდიურობის პრინციპი არ დაურღვევია. 

ECHR-ის სუბსიდიურობის პრინციპი

ECHR-ის სუბსიდიურობის პრინციპის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია ამოწუროს ქვეყნის შიგნით არსებული სასამართლო ინსტანციები და მხოლოდ შემდეგ მიმართოს ევროპულ სასამართლოს. ამავე პრინციპით, ECHR-ის უფლებამოსილება სახელმწიფოების მიერ კონკრეტული უფლებების დარღვევების განხილვაა და არა ეროვნული სასამართლოების ზემდგომი ინსტანციის ფუნქციის შესრულება.

რუსთავი 2-ის შემთხვევაში, ECHR-თან მიმართვამდე, ტელეკომპანიამ ეროვნულ დონეზე სასამართლოს ყველა ინსტანცია გაიარა, რაც ნიშნავს, რომ ევროსასამართლოს სუბსიდიურობის პრინციპი არ დაურღვევია. 

ინსტანცია

გადაწყვეტილება/თარიღი

თბილისის საქალაქო სასამართლო
რუსთავი 2-ის წილის 100 % ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა
2015 წლის 2 ნოემბერი

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლოძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
2016 წლის 10 ივნისი

უზენაესი სასამართლო
ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
2017 წლის 2 მარტი


2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს ECHR-მა სასამართლოს წესების 39-ე მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა, ხოლო 8 მარტს დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა. შეჩერების მექანიზმი მოქმედებს მანამ, სანამ რუსთავი 2-ის საქმეზე არსებითი განხილვის შემდეგ ECHR საბოლოო განჩინებას გამოიტანს.

შეჩერების მექანიზმი

ECHR-ის წესების 39-ე მუხლის მიხედვით, პალატას, სექციის პრეზიდენტს ან მორიგე მოსამართლეს აქვს უფლებამოსილება გამოიყენოს შეჩერების დროებითი ღონისძიება.

შეჩერების მექანიზმი გადაუდებელი ღონისძიებაა, რომელიც გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვლი რისკის არსებობის დროს გამოიყენება. საქმეების უმეტესობაში ეს მექანიზმი ექსტრადიციის ან გაძევების შეჩერებისთვის მოქმედებს. დროებით ღონისძიებას სასამართლო მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იყენებს, როდესაც მომჩივანს, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა სერიოზული გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. 

2016 წელს სასამართლომ დროებითი ღონისძიების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება 129 საქმეზე მიიღო, რაც 2015 წელთან შედარებით 20%-იანი კლებაა. საქართველოს წინააღმდეგ 2014-2016 წლებში სტრასბურგის სასამართლოს შეჩერების მექანიზმის არცერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა

მოამზადა სოფო გელავამ
უკან