ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

მედია - 04 აპრ 2017

სასჯელაღსრულების სამინისტრომ კრემლისტურ გამოცემა "თბილისი 24”-ს ინფორმაციის გავრცელებაზე კონტრაქტები გაუფორმა

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ახალი ანგარიში "მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2016” გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციები აგრძელებენ კონტრაქტების გაფორმებას ისეთ მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. წინა პერიოდისგან განსხვავებით, 2016 წელს კონტრაქტორთა შორის ღიად პრორუსული გამოცემა "თბილისი 24” აღმოჩნდა, რომელიც პრორუსულ პარტია "ცენტრისტებთან” დაკავშირებული ორგანიზაციაა. აღნიშნულ გამოცემაში საინფორმაციო კამპანიას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ახორციელებს.

"მითების დეტექტორი” გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც "თბილისი 24”-ის სარედაქციო პოლიტიკას, მის კავშირს პრორუსულ პარტია "ცენტრისტებთან” და სასჯელაღსრულების სამინისტროს სერვისს კონტრაქტებს შეეხება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მასალების გაშუქება "თბილისი 24”-ში. ღიად პრორუსულ მედია საშუალებასთან, რომელიც დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ახდენს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 2016 წელს 3 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი, ხოლო 2017 წელს 3387 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. 2016 წლის კონტრაქტს ხელი სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანმა, ხოლო 2017 წელს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილმა მოაწერეს.














ფოტო 1. თბილისი 24-თან 2016 წლის კონტრაქტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი აწერს ხელს.















ფოტო 2. თბილისი 24-თან 2017 წლის კონტრაქტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი აწერს ხელს.

ხელშეკრულების საგნად მითითებულია ახალი ამბების სააგნტოს მომსახურების შეძენა. მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მოძიებული მასალების მიხედვით სამინისტრო "თბილისი 24”-ის ვებ-საიტზე უწყებების ცალკეული აქტივობებისა და მინისტრის კომენტარების განთავსებას ახდენს.






















"თბილისი 24”-ის სარედაქციო პოლიტიკა: გამოცემა ღიად პრორუსულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და რუსულ პროპაგანდისტულ მედია საშუალებებზე დაყრდნობით დასავლეთთან დაკავშირებით დეზინფორმაციებს ავრცელებს. ცხრილი 3.2 ასახავს "მითების დეტექტორის” პროექტის ფარგლებში გამოვლენილ რამდენიმე დეზინფორმაციას, რომელიც "თბილისი 24”-მა 2016-2017 წლებში გაავრცელა.

ცხრილი 3.2. დეზინფორმაციული მასალები "თბილისი 24”-ში რუსულ წყაროებზე დაყრდნობით



























"თბილისი 24”-ის შესახებ: საინფორმაციო სააგენტო შპს "თბილისი 24" საჯარო რეესტრში 2015 წლის 26 მარტს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) არიან. გოჩა ნაჭყებია, რომელიც ამავდროულად "თბილისი 24"-ის დირექტორია, პარტია "ცენტრისტების" ერთ-ერთ ლიდერთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირია. ორივე მათგანი "საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის" გამგეობის წევრია. ,,ცენტრისტების” ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ ბედუკაძე პარტიის თავჯდომარის მოადგილეა.

თბილისი 24-მა 12 ივლისს "ცენტრისტების” შესახებ გამოაქვეყნა რუსული მედია საშუალების გაზეთ "ვზგლიადის” სტატია, სათაურით "საქართველოში პირველი ღიად პრორუსული პარტია გაჩნდა” (В ГРУЗИИ ПОЯВИЛАСЬ ПЕРВАЯ ОТКРОВЕННО ПРОРОССИЙСКАЯ ПАРТИЯ).

ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც გახმაურებული ციხის კადრების ავტორია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების” საარჩევნო სიით მონაწილეობდა. "ცენტრისტების” საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში განთავსებულმა წინასაარჩევნო რგოლმა, რომელიც შეიცავდა დაპირებებს 400 ლარიანი რუსული პენსიისა და რუსული ბაზების დაკანონების შესახებ, საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. ამის გამო 14 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარტიის წინასაარჩევნო რგოლი ეთერიდან მოხსნა. აღნიშნული კლიპი "თბილისი 24”-ის ვებ-გვერდზეა ხელმისწავდომი.

16 აგვისტოს "ცენტრისტებს” ცესკომ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა, რადგან პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება და მისი თავმჯდომარეობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არ არის იურიდიული ძალის მქონე. ცესკოს მიერ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ბედუკაძე "საქართველოს კომუნისტური პარტია- სტალინელების (ივანე წიკლაური)” პარტიული სიით მონაწილეობდა, ამავე სიაში იყო ცენტრისტების მეორე წევრი, უშიშროების ყოფილი მინისტრი თენგიზ ხაჩიშვილიც.

2016 წლის 12 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა. კომისიის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი 24" მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გატარდა. საავტორიზაციო პირობების თანახმად, „თბილისი 24"-მა დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 6 საათი ქართულ ენაზე უნდა იმაუწყებლოს. იგი ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის საშუალებით გავრცელდება.


მამუკა ტყეშელაშვილის კარიკატურა
უკან