ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

კანონმდებლობა - 29 მარ 2017

დეზინფორმაცია: ECHR ენმ-ის დროს დარღვეულ უფლებებზე არ რეაგირებდა

რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ ქართულ მედიაში ECHR-ის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მათ შორის, დომინირებდა აზრი, რომ ევროპული სასამართლო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე არ რეაგირებდა.

ზაზა დავითაია, ჟურნალისტი: „განა ევროპული სასამართლოს დუმილის ფონზე არ ხოცავდა ადამიანებს სააკაშვილის რეჟიმი? თითო-ოროლა შემთხვევის გარდა, სტრასბურგის სასამართლო იმ პერიოდში თუნდაც წამების ფაქტებს რად არ ეხმაურებოდა?" (13 მარტი).


დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი კი ამტკიცებდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანია "იმედის” დარბევის საქმესთან დაკავშირებით შეტანილ მათ საჩივარზე დროული რეაგირება არ მოახდინა:

გიორგი ახვლედიანი, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო: "ჩვენ მაშინვე გავაგზავნეთ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ ტელევიზია დაანგრიეს, შენობაში ძალადობრივი მეთოდებით შემოვარდნენ, გამოგვყარეს, ჟურნალისტებს კურდღლებივით ესროდნენ ტყვიებს, ხორხოცებდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები, წაგვართვეს „იმედი" ჩვენც და მეპატრონეებსაც. ჩვენი სარჩელი სტრასბურგში 6 წელიწადი იდო, რაზეც ხელი არავის დაუდია, ერთი ფურცელიც კი არ გადაუშლიათ.” (7 მარტი)

ორივე განცხადება მცდარია, რადგან ECHR-ს საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებების უმეტესობა (34) სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დარღვეული უფლებების შესახებ აქვს გამოტანილი; ხოლო საქმეს "ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” იმის გამო ეთქვა უარი, რომ გიორგი ახვლედიანმა სხვა მომჩივნებთან ერთად საქართველოს პროკურატურას ინციდენტიდან 2 წლის დაგვიანებით, ხოლო ევროსასამართლოს 3 წლის დაგვიანებით მიმართა.

ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმ გარემოებებზე მიუთითა, რის გამოც საქმის განხილვა დაგვიანებული იყო:

"სასამართლო აკვირდება, რომ პოლიციის მიერ "იმედის” დარბევა 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა, მაშინ, როდესაც აპლიკანტმა ქალაქ თბილისის პროკურატურას გამოძიების მიმართ ინტერესის გამოხატვით პირველად, დაგვიანებით, 2009 წლის 4 და 22 დეკემბერს მიმართა. ამგვარად, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აპლიკანტს მცირედი ინტერესიც კი არ გამოუხატავს ადგილობრივ დონეზე სისხლის სამართლის გამოძიების ფაქტების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ისინი, როგორც მოწმეები და სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები, არ დაკითხულან."

ახვლედიანი, ასევე, არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ევროსასამართლოში მისი სარჩელის სავარაუდო გაჭიანურების შესახებ, რადგანაც მან ECHR-ს 2010 წელს მიმართა, ხოლო გადაწყვეტილება პალატამ 2013 წელს მიიღო.

ECHR-ის გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის დროს. როგორც ქვემოთ მოცემული ცხრილი ცხადყოფს, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ სულ 521 გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი, რომელთაგან 34 (65%) ენმ-ის ხელისუფლების დროს დარღვეულ უფლებებს, ხოლო 18 (35%) მოქალაქეთა კავშირის მმართველობას შეეხება. იგივე ცხრილი აჩვენებს, რომ მოქალაქეთა კავშირის მმართველობის პერიოდში ყველაზე ხშირად სამართლიანი სასამართლოს უფლება (კონვენციის 6-ე მუხლი) ირღვეოდა, ხოლო ენმ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ არსებული გადაწყვეტილებების უმეტესობა წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვას ეხება (კონვენციის 3-ე მუხლი).
ეს მონაცემი არ მოიცავს საქმეების მეგობრულ მორიგებას.



















ინფოგრაფიკა სრულად იხილეთ ბმულზე

გახმაურებული საქმეები თითოეული ხელისუფლების დროს

1. მოქალაქეთა კავშირის მმართველობა (1999-2003):

ა.ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ - თამაზ ასანიძე, ძმასთან ერთად, 1993 წელს ასლან აბაშიძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ECHR-მა ასანიძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვა დაადგინა.

ბ.გორელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2007 წელს გამოიტანა, თუმცა პირის უფლებების დარღვევა მოქალაქეთა კავშირის ხელისუფლების პირობებში მოხდა. 2000 წლის ივლისში ჟურნალისტმა გორელიშვილმა გაზეთში "მერიდიანი 44” გამოაქვეყნა სტატია, რომელიც პარლამენტის წევრს დეკლარირებული ქონების გამო აკრიტიკებდა და კორუფციაში სდებდა ბრალს. პარლამენტარმა ჟურნალისტს ცილისწამებისთვის უჩივლა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტს უარყოფის გამოქვეყნება დააკისრა. ECHR-მა ჟურნალისტ გორელაშვილის მიმართ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდავს გულისხმობს.

2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობა (2004-2012):

ა. ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ - საქმე ეხება 2006 წელს შსს-ს ოთხი თანამშრომლის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული დარღვევა
გირგვლიანის მკვლელობის საქმის არაეფექტური გამოძიების თვალსაზრისით და 38-ე მუხლის დარღვევა, რაც საქმის განხილვა და მორიგების პროცედურას უკავშირდება.

ბ. იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - 2012 წლის 17 მაისს კონტრდემონსტრანტებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ლგბტ ორგანიზაცია "იდენტობას” წევრებსა და აქტივისტებს, რომლებიც ქალაქის ცენტრში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ. ECHR-მა დაადგინა დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევა მე-3 მუხლთან მიმართებაში (წამება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა), აგრეთვე დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევა მე-11 მუხლთან მიმართებში, რაც შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას გულისხმობს.

3. ქართული ოცნების მმართველობა (2012-დღემდე):

ა. ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს, ხოლო 2014 წელს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ECHR-ის 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ მერაბიშვილის წინააღმდეგ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებისთვის გამოყენებას კრძალავს. ეს საქართველოს ისტორიაში მე-18 მუხლის დარღვევის პირველი შემთხვევაა. პალატის გადაწყვეტილების ხელახალი განხილვა სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 8 მარტს დაიწყო. იმავე მუხლის დარღვევას საქართველოს საქმეებში "ახალაია საქართველოს წინააღმდეგ” და” უგულავა საქართველოს წინააღმდეგ” ედავებიან.

მორიგების პრაქტიკა

მეგობრული მორიგება არის მხარეებს შორის შეთანხმება, რომლის მიზანიც სასამართლოში განმცხადებლის მიერ შეტანილი საქმის განხილვის დასრულებაა. ECHR-ი ახალისებს მოლაპარაკებებისა და მეგობრული მორიგების პრაქტიკას და აგრძელებს საქმის განხილვას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ თანხმდებიან. აღნიშნული პრაქტიკა იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის შემდეგ გაააქტიურა. 2004-2012 წლებში მორიგების საფუძველზე მხოლოდ 5 საქმე დაიხურა, ხოლო 2012-2017 წლებში - 69.
























მოამზადა სოფო გელავამ

უკან