ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 12 ნოე 2014

მითი ოჯახური წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის აკრძალვაზე მცდარია

ოჯახურ პირობებში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვის აკრძალვას არც ევროკავშირთან გაფორმებული „ასოცირების შესახებ შეთანხმება" ითვალისწინებს და არც ამ შეთანხმების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი (სურსათის უვნებლობის კოდექსი).

2015 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სასაკლაოებსა და ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებს საქმიანობას უკრძალავს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის გარეშე. HACCP-ის მიზანია უვნებელი სურსათის წარმოების უზრუნველყოფა, კერძოდ, სურსათის დამზადების დროს, ნებისმიერი საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნა.

თუმცა, მონიტორინგის მოთხოვნა არ ვრცელდება ფიზიკური პირების, მათ შორის, გლეხების მიერ წარმოებულ ან ოჯახური წარმოების ფარგლებში დამზადებულ სურსათზე. ასეთ შემთხვევებში მონიტორინგს არც პირველადი წარმოება (მცენარის მოყვანა, მოსავლის აღება, ნაყოფის კრეფა, ცხოველის გაზრდა, რძის წველა და ა.შ) ექვემდებარება და არც გადამუშავების პროცესი (გაცხელება, შებოლვა, დაკონსერვება, გამოშრობა, დამარილება, გამოწურვა და ა.შ), რომელიც მნიშვნელოვანად ცვლის პირველადი პროდუქტის სახეს.

სურსათის უვნებლობის კოდექსი ოჯახურ წარმოებას განმარტავს, როგორც სურსათის ან ცხოველის საკვების წარმოებას არაორგანიზებულად ან პირადი მოხმარების მიზნით. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, არაორგანიზებულ წარმოებაში იგულისხმება, სახლის პირობებში, საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნის გარეშე, საკუთარი საჭიროების ან ადგილობრივი ბაზრისთვის, მცირე რაოდენობის ყველის, მაწონისა და სხვა მსგავსი პროდუქტების დამზადება.

იმავდროულად, ოჯახურ საწარმოებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაყიდად, შეიძლება სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება დასჭირდეთ. ბიზნეს-ოპერატორებს (სურსათის მაღაზია, აგრარული ბაზარი და ა.შ.) უვნებელი სურსათის გაყიდვის ვალდებულება აქვთ. სურსათის უვნებლობის კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს (გაფრთხილება, ჯარიმა ან მუშაობის უფლების შეუჩერება) ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. ამიტომ, ბიზნეს-ოპერატორებმა შესაძლოა გლეხებისგან პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის ოქმი მოითხოვინ ან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ სურსათის გამოკვლევა იმისათვის, რომ სტაბილური მომწოდებლები არ დაკარგონ. სხვა ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის გზა უკვე გაიარეს, აჩვენებს, რომ ბიზნეს-ოპერატორები ზოგჯერ თავად ეხმარებიან გლეხებს, უვნებელი სურსათის დამზადების მიზნით, წარმოების სათანადო პრაქტიკის დანერგვაში.

სურსათის უვნებლობის კოდექსი, საოჯახო საწარმოების გარდა, შეღავათიან პირობებს, ასევე, უწესებს მცირე ზომის (წლიური ბრუნვა არა უმეტეს 200 ათასი ლარისა) და სხვა ისეთ საწარმოებს, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში აწარმოებენ სურსათს ან სურსათის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს იყენებენ. აღნიშნულ მეწარმე სუბიექტებს, HACCP სისტემის დანერგვის ნაცვლად, სურსათის უვნებლობის მინიმალური სტანდარტების დაცვა მოეთხოვებათ, რაც ძირითადად საწარმოო პროცესის სუფთა გარემოში წარმართვას და უვნებელი ნედლეულის გამოყენებას გულისხმობს.სურსათის უვნებლობის სააგენტო მხოლოდ მაღალი რისკის შემცველი ცხოველური სურსათის მწარმოებელ ასეთ საწარმოებს შეამოწმებს ყოველწლიურად.

ზურა მოდებაძე

უკან