ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სხვადასხვა - 26 თებ 2017

რუსეთის ექსპანსიის საკვანძო ეტაპები

პროკრემლინური და ეთნონაციონალისტური მედია ხშირად დასავლეთში საქართველოს ინტეგრაციის საპირწონედ ქვეყნის განვითარებაში რუსეთის წვლილს ასახელებს. მაგალითად, გაზეთ "ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ რუსეთმა საქართველოს გზა "გაუხსნა”, ხოლო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია ქართულ იდენტობას გაქრობით ემუქრება.

დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი: „მართლაც თავის დროზე რუსეთისკენ გზის „გახსნამ" ავად თუ კარგად ქართველობა მოაკეთა და მოაშენა, ხოლო ევროპულმა ვიზალიბერალიზაციამ, როცა ამ გაპარტახებული და ჩარჩი ვაჭრების ხელში ჩავარდნილი ქვეყნიდან ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი, შესაძლოა, ქართველობა გააქროს და გადააშენოს!".ასავალ-დასავალი, 6-12 თებერვალი

მითების დეტექტორი გთავაზობთ ფაქტობრივ მასალას, რომელიც საქართველოში რუსეთის ექსპანსიის საკვანძო ეტაპებს ასახავს, მათ შორის 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციას, პოლიტიკურ რეპრესიებს და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას.

  • 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტით - ქართლ-კახეთის გაუქმება ბრძანა იმპერატორმა პავლე I-მა, თუმცა შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ბრძანების ასრულებას ვერ მოესწრო. მანიფესტი თბილისში არ გამოცხადებულა. 1801 წლის 12 სექტემბერს, პავლე I-ის მემკვიდრე იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტით გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო და რუსეთის იმპერიას შეუერთდა. 1810 წელს რუსეთის იმპერიამ დაიპყრო და გააუქმა იმერეთის სამეფო. სიტყვა საქართველო ოფიციალურად ქრება.
  • 19 ს-ის პირველი ნახევარი - 1801 წლიდან რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ბაგრატიონების სამეფო ოჯახის დევნა და მათი რუსეთში გადასახლება. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა როგორც ქართული ფეოდალური არისტოკრატია, ასევე გლეხობა, რომელსაც ახალი გადასახადი დაეკისრა რუსეთის ხაზინის სასარგებლოდ. სამოხელეო აპარატი თითქმის მთლიანად რუსებით კომპლექტდებოდა, ხოლო სამართალწარმოება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.
  • 1832 წელს -დააპატიმრეს შეთქმულების მონაწილეები, რომლებმაც რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა. მათ შორის იყვნენ სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდრე ორბელიანი, ოქროპირ ბაგრატიონი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ერისთავი. ამ წელს რეპრესიები შეეხო 145 ადამიანს, რომლებიც იმპერიის გუბერნიებში სხვადასხვა ვადით გადაასახლეს.
  • აფხაზთა მუჰაჯირობა - 1867 წელს მეფის რუსეთის ხელისუფლებამ კოლონიური პოლიტიკის ფარგლებში განახორციელა აფხაზთა მასობრივი გადასახლება თურქეთში. 1877 წლის აგვისტოში მოხდა აფხაზთა მეორე მასობრივი ძალდატანებითი გადასახლება. მუჰაჯირობის შემდეგ ჩრდილო-დასავლეთი და ცენტრალური აფხაზეთი თითქმის მთლიანად გაუკაცურდა.
  • 19 ს-ის 80-იან წლები - ქართული ენის დევნა-შევიწროება. 1881 წელს ქართული ენის სწავლება ქართულ სკოლებში არასავალდებულოდ გამოცხადდა.
  • 1906 - XX საუკუნის დასაწყისში - ცარისტული რეჟიმი ახორციელებს სისხლიან ეგზეკუციებს საქართველოს რეგიონებში, რომელთაგან განსაკუთრებით გურიის ეგზეკუცია გამოირჩევა. გურულმა გლეხებმა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხება წამოიწყეს. გენერალ კრილოვის მეთაურობით, 1906 წელს გურულთა აჯანყება განსაკუთრებული სისასტიკით ჩაახშეს.
ინფოგრაფიკა სრულად იხილეთ ბმულზე

საბჭოთა ოკუპაცია: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს"

1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს ბორჩალოს მაზრის რუსულ სოფლებში დაიწყო "აჯანყება”, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ "საქართველოს მშრომელთა აჯანყებად” მონათლა. 12 თებერვალს დაიწყო საომარი მოქმედებები საქართველოსა და რუსეთს შორის, რუსეთის მე-11 წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა. 25 თებერვალს მათ თბილისი უბრძოლველად აიღეს. სერგო ორჯონიკიძემ ვლადიმერ ლენინს დეპეშით ამცნო:

"თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას”.

მე-11 არმიას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს 20-23 წლის ქართველმა ახალგაზრდა სამხედროებმა - იუნკერებმა. იუნკერთა სასწავლებლის კურსანტები ომის პირველივე დღიდან მოითხოვდნენ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას.
  • 17 თებერვალს - სამხედრო სკოლის 560 მებრძოლი ტაბახმელიდან კოჯრამდე არსებული 8 კილომეტრიანი მონაკვეთის დასაცავად გაიგზავნა, რომელთაგან 152 იუნკერი იყო.
  • 19 თებერვალს - იუნკერთა პოზიციებზე შეტევა წითელი არმიის ნაწილებმა დაიწყეს. იუნკერები მოწინააღმდეგეს სანგრებამდე არ უშვებდნენ. მოგვიანებით რუსებმა სოფელი წავკისი დაიკავეს, საპასუხოდ კურსანტების ერთი ოცეული გაშლილ მინდორზე კონტრიერიშზე გადავიდა. რუსების მიერ გახსნილი ინტენსიური ცეცხლის მიუხედავად, არცერთი იუნკერი არ დაწოლილა. ხელჩართულ ბრძოლაში 23 -მა იუნკერმა მოწინააღმდეგის ასეულის დამარცხება შეძლო. იუნკერთა მხრიდან 8 კაცი დაიღუპა. 19 თებერვალს დაიღუპა ასევე პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილი, რომელიც მოხალისედ იყო ფრონტზე ჩაწერილი. 23 თებერვალს - დაღუპული იუნკერები მარო მაყაშვილთან ერთად თბილისში სამხედრო ტაძრის გალავანში დაასაფლავეს.
  • 24 თებერვალს - რუსეთის ძალებმა თბილისს ყველა მხრიდან შეუტიეს, მათ შორის ტაბახმელაში გამაგრებულ იუნკერებსაც, რომელთა რაოდენობა 19 თებერვლის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ 85-მდე შემცირდა. იუნკერები ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკს მთელი დღის მანძილზე ებრძოდნენ, თუმცა პოზიციები არ დაუთმიათ.

8 დღის მანძილზე იუნკერებმა ტაბახმელასთან რუსულ არმიას ყველა ბრძოლა მოუგეს. მათ პოზიციები მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც წითელმა არმიამ სოღანლუღის და ლილოს მონაკვეთზე ქართული ნაწილები დაასუსტა და თბილისს ალყის საფრთხე დაემუქრა. სწორედ ამის გამო გენერალმა კვინიტაძემ ქალაქის ევაკუაციის და უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო. იუნკერებმა თბილისი ყველაზე ბოლოს დატოვეს.


საბჭოთა პოლიტიკა და პოლიტიკური რეპრესიები

  • 1920-1922 - რუსეთმა საქართველოს უკანონოდ ჩამოაჭრა ტერიტორიები: საინგილო (ზაქათალა), ლორე.
  • პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის დამყარებისთანავე დაიწყო. 1924 წლის აჯანყების მონაწილენი, მონაწილეობაში ეჭვმიტანილები, მათი ოჯახის წევრები თუ ახლობლები სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის იყო 44 სასულიერო პირი. მოისპო მსხვილი ბურჟუაზიისა და მემამულეთა კლასი.
  • 1924 წლის 30 აგვისტოს - ჩეკისტებმა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების მონაწილეები 6 ვაგონში გაანაწილეს თბილისში გადასაყვანად. ვაგონებში გამომწყვდეულ ადამიანებს ეჭვი რომ არ აეღოთ, თითო "ბუხანკა "პური დაურიგეს. სოფელ არგვეთის ხიდთან პირველი ვაგონის პატიმრები გადმოიყვანეს, ორმოს გასწვრივ გაამწკრივეს და დახვრიტეს. დანარჩენ ვაგონებში მყოფმა პატიმრებმა გადმოსვლაზე უარი განაცხადეს, რის გამოც ისინი ვაგონებშივე ჩაცხრილეს ტყვიამფრქვევებით.
  • XX საუკუნის 20-30-იანი წლები - სოფლად კერძო საკუთრების გაუქმებისა და სოციალური თანასწორობის მიზნით სტალინმა კოლექტიური მეურნეობების ფორმა შემოიღო. ეს გულისხმობდა გლეხების საკუთრების კოლექტიურ საკუთრებად ქცევას. ამ პოლიტიკას შეეწირა შეძლებული გლეხების ფენა (კულაკობა), რასაც საბოლოოდ სოფლის მეურნეობა შეეწირა. შემცირდა პროდუქციის წარმოება ხოლო უამრავ ადამიანს უსამართლოდ შეეხო რეპრესიები.
  • 1937-1938 წლებში - სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების გადაწყვეტილებით 3600-ზე მეტი ადამიანი გაასამართლეს. 3100-ს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სოხუმში. 30-იანი წლების სტალინის პოლიტიკურ რეპრესიებს საქართველოში შეეწირა ქართველი ინტელიგენცია. მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, პაოლო იაშვილი. მძიმე მდგომარეობაში იყო თბილისის უნივერსიტეტი. ივანე ჯავახიშვილს აიძულეს მის მიერ დაარსებული უნივერსიტეტი დაეტოვებინა.

მეფის რუსეთი და საბჭოთა რუსეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ

  • 1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. საქართველოს ეკლესიის სათავეში ჩააყენეს რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ დანიშნული ეგზარქოსი, რომელიც საქართველოს ეკლესიას განაგებდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის მეშვეობით. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები რუსულით შეიცვალა.
  • ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ქართული ეკლესიებში გახშირდა ძარცვის, ფრესკების შეთეთრების ფაქტები. 1860 წელს რუს არქიეპისკოპოს ევსევის (ილინსკი) დახმარებითა და მფარველობით ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა ლევაშოვმა გელათის მონასტერში დაცული ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვა. კერძოდ, ღვთისმშობლის ტიხრულ მინანქარში შესრულებული ხატი და მინანქრის სხვა უნიკალური ნამუშევრები მოიპარა და იმ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუს კოლექციონერს, მიხეილ ბოტკინს მიჰყიდა. 1911 წელს ბოტკინმა გამოსცა კატალოგი "სობრანიე", რომელშიც მისი კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშები არის წარმოდგენილი. მათ შორის, საქართველოდან მოპარული და გაზიდული ქართული ტიხრული მინანქარის სრული კოლექცია, რომელიც კატალოგში შეგნებულად აღწერილია როგორც ბიზანტიური მინანქარი.
  • 1886 წელს ეგზარქოსმა პავლემ სიონის საკათედრო ტაძარში დაწყევლა ქართული ეკლესია და ქართველი ერი, რის გამოც დიმიტრი ყიფიანმა მას ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ეგზარქოსი პავლეს მითითებით, დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, მოგვიანებით, 1887 წელს მოკლეს.
  • რუსეთის ხელისუფლების მიერ კირიონ II-ის დევნა. ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის პირობებში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის კირიონ II-ს, სრულიად საქართველოს პირველ კათოლიკოს პატრიარქს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ. რუსეთის მთავრობისა და საქართველოს საეგზარქოსოს მიერ კირიონის დევნა 1901 წლიდან, მისი გორის ეპისკოპოსად გახდომის შემდეგ იწყება. მთავრობა კირიონს ხშირად უცვლიდა ეპარქიებს (1903 წელს ხერსონში, 1904 წელს ორიოლში, 1906 წელს სოხუმში), რათა მის ირგვლივ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მომხრე სასულიერო პირების გაერთიანება არ მომხდარიყო. კირიონის დაუცხრომელი საქმიანობის შედეგი იყო 1905 წელს დიდი საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც ქართველი სამღვდელოება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებს იხილავდა. კრების მონაწილენი საქართველოს ეგზარქოს ალექსის ინიციატივით დაარბიეს. 1906 წელს ეპისკოპოსი კირიონი სოხუმის ეპარქიაში გადაიყვანეს. იმავე წელს ავტოკეფალიის მოთხოვნაზე უარის თქმის სანაცვლოდ, კირიონს საქართველოს ეგზარქოსობა შესთავაზეს რაზეც უარი განაცხადა. 1907 წელს - აფხაზთა გაქართველების ბრალდებით კირიონი სოხუმის ეპარქიას მოაცილეს და კოვნოს ეპარქიაში გადაასახლეს. 1908 წლის მაისში თბილისში მოკლული ეგზარქოს ნიკონის მკვლელობა რუსეთის მთავრობამ - კირიონს დააბრალა, ეპისკოპოსის ხარისხი ჩამოართვა, კოვნოდან დაითხოვა და ჟანდარმერიის ბადრაგთან ერთად ხარკოვის გუბერნიაში, კურიაჟის მონასტერში გაგზავნა. კირიონის დევნის ამბავი რუსეთიდან უცხოეთში ოლივერ უორდროპმა გაიტანა. ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს, რომელმაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მისი განთავისუფლების მოთხოვნით. ბელგიიდან ადამიანის უფლებების დაცვის თავჯდომარემ ჟორჟ ლორანმა ბრიუსელიდან 1909 წლის 20 მარტს ყოფილ სახელმწიფო სათათბიროს თავჯდომარეს ხომიაკოვს სთხოვა დაეცვა ეპისკოპოსი კირიონი დევნა-შევიწროებისაგან. რუსეთის მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა-შევიწროვება. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ, საქართველოში ჩამოსვლის ნება მაინც არ დართეს. 1917 წელს ქართული საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით სამშობლოში გამოემგზავრა, ხოლო 1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. 1918 წლის 27 ივნისის დილას, კირიონ II მის საწოლ ოთახში მიცვალებული იპოვნეს. კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება ბურუსითაა მოცული და სათანადოდ არ გამოძიებულა. მისი მკვლელობის შემდეგ მოკლეს კირიონის დამცველი მირიან ბერი. ასევე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა მისი ერთგული ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე. კირიონ II 7 ივლისს, სიონის ტაძარში დაკრძალეს. 2002 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ კირიონ II წმინდანად შერაცხა.
  • საბჭოთა პერიოდში დაიწყო ეკლესიებისთვის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა. ეკლესიების უმეტესობა საწყობებად, სოფლის კლუბებად და საცხოვრებელ სახლებად გადააკეთეს.
  • 1922 წელს გამოიცა დეკრეტი ეკლესიებიდან საეკლესიო საგანძურის ამოღების შესახებ. იმავე წელს საეკლესიო ნივთები და ქონება გაიტანეს საქართველოს 600 ეკლესიიდან.
  • 20ს -ის 20 იან წლებში ბოლშევიკებმა დახურეს ათასზე მეტი ეკლესია, გააუქმეს ღვთისმსახურება. 1921-1953 წლებში დაიხურა 1 305 ეკლესია, რომელთაგან ნაწილი დაანგრიეს ან დანიშნულება შეუცვალეს. ამავე პერიოდში რეპრესირებული იყო 3, 407 ქართველი სასულიერო პირი.
ინფოგრაფიკა სრულად იხილეთ  ბმულზე



მოამზადა დალი ქურდაძემ და სოფო გელავამ


უკან