ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 16 თებ 2017

მითი: ევროკავშირში ინტეგრაცია გაგვაღარიბებს

ქართულ მედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგი ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმებაა. ამის საილუსტრაციოდ, ხშირად, ბალტიის ქვეყნების მაგალითი მოჰყავთ, თითქოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემდეგ მათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიადგათ და განვითარების დონით ყველა სხვა ევროპულ ქვეყანას ჩამორჩებიან. მორიგი ასეთი ინფორმაცია გაზეთ "ალია”-ს 6-12 თებერვლის ნომერში ქართული დასის ხელმძღვანელმა, ჯონდი ბაღათურიამ გაავრცელა.

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: „ეკონომიკა კიდევ უფრო უკან წავა და სოციალური ფონიც, შესაბამისად, უფრო დამძიმდება, სანამ ქართული პოლიტიკური სპექტრი ტვინს არ გაანძრევს და არ მიხვდება, რომ შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი.”

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა "ასავალ-დასავალი”-ს 6-12 თებერვლის ნომერშიც ჟურნალისტ გიორგი გიგაურის მიერ, რომლითაც ის ამტკიცებდა, რომ ბალტიის ქვეყნები ევროპის მეორეხარისხოვან ქვეყნებად და ევროპის გარეუბნად მიიჩნევა.

მითების დეტექტორი გთავაზობთ ფაქტობრივ მასალას, რომელიც ამტკიცებს, რომ აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა.


ეკონომიკა

  • არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ გაღარიბდა.
  • პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან ევროკავშირში მხოლოდ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გაწევრიანდნენ. ევროკავშირში გაწევრიანებიდან (2004) 2015 წლამდე ბალტიის ქვეყნების მშპ რეკორდულად გაიზარდა. მაგალითად, ესტონეთის მშპ დაახლოებით 93 %-ით, ლიტვის 111 %-ით, ხოლო ლატვიის 115%-ით გაიზარდა.
  • ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ სამივე ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება გაიზარდა: ესტონეთში - 62.5%, ლატვია 58% და ლიტვა 36%.
  • 2004 წლის შემდგომ ბალტიის სამივე ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა უმუშევრობის დონე. მაგალითად, თუ 2004 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი ესტონეთში 10 % იყო, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე ეს რიცხვი 4.7 %-მდე დავიდა.
  • ფონდის "საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის აღქმის 2016 წლის ინდექსის მიხედვით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ ბალტიის ქვეყნებშია. ესტონეთის კორუფციის დაბალი ინდექსი თითქმის უთანაბრდება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ავსტრია, ხორვატია, იაპონია და აშშ.
  • The Heritage-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მეტწილად თავისუფალი ქვეყნების სიაში ბალტიის ქვეყნებთან ერთად მხოლოდ საქართველო შედის. ესტონეთი მსოფლიო ათეულში, ხოლო ლიტვა მე-13 ადგილზეა და უსწრებენ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჰოლანდია, ლუქსემბურგი, გერმანია, ჩეხეთი, ფინეთი. დანარჩენი პოსტ-საბჭოთა ქვეყნები.
  • IMF-ის 2016 წლის მონაცემებით, ლიტვისა და ესტონეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე უსწრებს ცენტრალური ევროპის ისეთ ქვეყნებს როგორიცაა პოლონეთი, უნგრეთი და ხორვატია. ხოლო ლიტვასთან ერთად ისინი აგრეთვე უსწრებენ პორტუგალიას, საბერძნეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს.
  • მსოფლიო ბანკის 2015 წლის მონაცემებით, ლატვიის მშპ-ის წლიური ზრდა (2.7%) უსწრებს სლოვენიას (2.3 %), ჰოლანდიას (2 %), გერმანიას (1, 7 %). ლიტვა მშპ-ის ზრდით (1.6 %) უთანაბრდება ნორვეგიის ზრდის მაჩვენებლს და უსწრებს პორტუგალიის მაჩვენებელს (1,5 %). რაც შეეხება ესტონეთს (1.4 %), მას ჩამორჩებიან საფრანგეთი (1.3 %), დანია (1%), იტალია (0.7) და ფინეთი (0.2).

პოლიტიკა

  • ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყანა თანაბრად იღებს მონაწილეობას ევროკავშირის პოლიტიკურ პროცესებში:
    • ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტობა როტაციულია და მას ევროკავშირის ქვეყნები 6-6 თვის მანძილზე ხელმძღვანელობენ. როტაციის პრინციპი უზრუნველყოფს თითოეული ქვეყნის თანაბარ მონაწილეობას. საბჭოს 2017 წლის ივლის-დეკემბერში ესტონეთი უხელმძღვანელებს.
    • ევროპარლამენტში ლატვია 12 მანდატით არის წარმოდგენილი ირლანდიისა და ხორვატიის მსგავსად, ხოლო უსწრებს სლოვენიას, კვიპროსს, ლუქსემბურგსა და მალტას. ესტონეთსა და ლიტვას 6-6 ადგილი აქვთ.
    • ევროკომისიაში ლატვიასა და ლიტვას, შვედეთის, ავსტრიის, რუმინეთისა და კვიპროსის მსგავსად 3-3 კომისარი ჰყავს, ხოლო ესტონეთს 2, რითაც უთანაბრდება სლოვაკეთს სლოვენიასა და ბულგარეთს.


მოამზადა სოფო გელავამ
უკან