ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

კანონმდებლობა - 08 თებ 2017

აბორტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში (დას/ჩრდ), ყველაზე მაღალი რუსეთშია

2 თებერვალს, "საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, რომელიც საქართველოში აბორტების სტატისტიკაზე დაყრდნობით დაუსაბუთებელ განზოგადებას ახდენდა და ამტკიცებდა, თითქოს არსებული მდგომარეობა ქართველ ერს ფიზიკურ განადგურებამდე მიიყვანდა, რასაც ვიზალიბერალიზაციის პროცესიც დააჩქარებდა.

საქართველო და მსოფლიო: „მსგავსმა სტატისტიკამ შესაძლოა საქართველო, როგორც ერი ფიზიკურ განადგურებამდე მიიყვანოს… ექსპერტთა აზრით, ვიზალიბერალიზაციაც დააჩქარებს ამ პროცესს".

2 თებერვალი, 2017

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში აბორტის 33 000 შემთხვევა დაფიქსირდა. 2006 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს - 39 000 იყო, მას შემდეგ კი აბორტების რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება. ყველაზე დაბალი რიცხვი 21 000 შემთხვევა- 2006 და 2007 წელს დაფიქსირდა.

აბორტების თემის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზიასთან დაკავშირება სპეკულაციური ხასიათისაა და არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. როგორც ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა მიუთითებს, აბორტების მაჩვენებელი ყველაზე დაბალი ჩრდილოეთ ამერიკაშია, მას მოსდევს დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ამ მხრივ რუსეთშია.

კანონმდებლობა. აბორტების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, შესაძლოა, 4 კატეგორიის დაჯგუფდეს.



























გაეროს 2014 წლის კვლევის მიხედვით:
  • იმ ქვეყნებში, რომლებსაც აბორტის შემზღუდველი პოლიტიკა აქვთ, შობადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია, თუმცა ქვეყნები, სადაც ამგვარი პოლიტიკა მოქმედებს საფრთხის შემცველი აბორტის მაჩვენებელი გაიზარდა.
  • აბორტის შემზღუდველი პოლიტიკის მქონე ქვეყნებში დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია (223 სიკვდილი/100 000 ცოცხლად დაბადება), ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ამგვარი შეზღუდვები არ მოქმედებს (77 სიკვდილი/100 000 ცოცხლად დაბადება).
აბორტების სტატისტიკა რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პარტნიორი The Guttmacher Institute -ის მონაცემებით, 2010-2014 წლებში ყველაზე დაბალი წლიური მაჩვენებელი (აბორტების რიცხვი ყოველ 1000 ქალზე 15-44 წლის ასაკში) დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში - 17, რომელსაც მცირედი განსხვავებით მოსდევს დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპა -18 (იხ. ინფოგრაფიკა )

რუსეთი: რუსეთში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ხდება ქალის სურვილისამებრ, მისი თანხმობის საფუძველზე, ორსულობის 12 კვირამდე. რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება აბორტების რაოდენობის მიხედვით და ბევრად უსწრებს ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს.

2015 წელს, რუსეთის ფედერაციის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ორსულობის შეწყვეტის 848 180 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უსწრებს გერმანიის, ინგლისის და უელსის მაჩვენებლებს.


„საქართველო და მსოფლიო"-ს შესახებ
გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს” და მისი ონლაინ გამოცემა www.Geworld.ge-ის დამფუძნებელია შპს ისტორიულ მემკვიდრეობა, რომელიც დაარსებიდან დღემდე ტარას გაგნიძეს ეკუთვნის. "ისტორიული მემკვიდრეობა” საჯარო რეესტრში 2009 წლის 28 იანვარსაა დარეგისტრირებული, ამავე წლიდან გამოდის გაზეთი "საქართველო და მსოფლიოც”. Damoukidebloba.com-ის კვლევის "რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე” თანახმად, "ისტორიული მემკვიდრეობის" დაფუძნების ინიციატივას თავის დროზე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიესალმა. 2016 წელს ყველაზე მეტი თურქოფობიული კომენტარი (22) Geworls.ge-ის ავტორებმა გამოაქვეყნეს და მედიაში 1 რასისტული კომენტარიც სწორედ ამ გამოცემას ეკუთვნის. გამოცემა ასევე ღიად პრორუსული განწყობებით გამოირჩეოდა და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდა. საერთო ჯამში კი მან 69 სიძულვილის ენის შემცველი სარედაქციო კომენტარი გამოაქვეყნა.



მოამზადა დალი ქურდაძემ



უკან