ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 02 ნოე 2014

მითი თითქოს ევროკავშირი 1 წლამდე გოჭების დაკვლის აკრძალვას მოითხოვს მცდარია

ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს საქართვლოსგან ერთ წლამდე გოჭების დაკვლის აკრძალვა არასდროს მოუთხოვიათ. ასეთი აკრძალვა ევროკავშირის წევრ არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს. თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლობა ცხოველთა მიმართ დასაშვები მოპყრობის გარკვეულ სტანდარტებს ადგენს, რომელთა დაცვა სავალდებულოა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-101 (2011 წლის 4 ივლისი) ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ, ასევე საქართველოს მთავრობის 444-ე დადგენილება დასაკლავი ცხოველის მინიმალურ ასაკს 14 დღით  განსაზღვრავს. ეს არის ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში გვხვდება და შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან.

ასოცირების შესახებ შეთანხმება მომდევნო 6 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოვებას ითვალისწინებს. კერძოდ, ცხოველთა კეთილდღეობის კუთხით საქართველოში მოქმედი ნორმები სამი ძირითადი მიმართულებით უნდა დაიხვეწოს: ცხოველთა გაბრუება და დაკვლა; ცხოველთა ტრანსპორტირება; მეცხოველეობის ფერმების მოწყობა.

ევროკავშირში ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს საფუძვლად ე.წ. თავისუფლების ხუთი პრინციპი უდევს, რომელიც ადამიანთა საკუთრებაში მყოფი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის თავიდან აცილებას ემსახურება:
  • შიმშილისა და წყურვილისგან თავისუფლება - წყალსა და საკვებზე თავისუფალი წვდომა;
  • დისკომფორტისგან თავისუფლება - სათანადო გარემოს უზრუნველყოფა, თავშესაფრისა და მოსასვენებელი ფართის ჩათვლით;
  • ტკივილის, ჭრილობის ან დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
  • ნორმალური ქცევის გამოხატვის შესაძლებლობა - შესაფერისი ფართით, საშუალებებითა და ცხოველთა შესაბამისი სახეობის გარემოცვით უზრუნველყოფა;
  • შიშისა და ტანჯვისგან თავისუფლება - შესაბამისი პირობებით და მკურნალობით უზრუნველყოფა გონებრივი ტანჯვის თავიდან ასაცილებლად.
ხუთი თავისუფლების პრინციპი 1965 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში შემუშავდა და მალევე მოიპოვა აღიარება, მათ შორის, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან. მოგვიანებით ამ პრინციპს დაემატა ცხოველთა დაკვლის სტანდარტები, როგორც ცხოველთა კეთილდღეობის სისტემის განუყოფელი ნაწილი. აღნიშნული სტანდარტები მოიცავს  დაკვლისწინა მოპყრობის ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც სტრესის შემცირებას უზრუნველყოფს; დაკვლის პროცესის წარმართვას კომპეტენტური პერსონალის მიერ და ვარგისიანი ხელსაწყოების მეშვეობით; ცხოველთა გონების მომენტალურ გათიშვას ან უგრძნობლობას.

სურსათის უვნებლობის თანამედროვე ევროპული მიდგომით, ცხოველის ხორცის გემოვნური თვისებები გაცილებით უკეთესია მაშინ,  როდესაც ცხოველი სტრესისგან თავისუფალია. ევროპული მიდგომით  ჯანსაღი ცხოველური პროდუქტის მისაღებად ასევე აუცილებელია, რომ ცხოველებმა დაკვლის წინა ტკივილი და ტანჯვა არ განიცადონ.

ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში საქართველომ უკვე მიიღო სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი და სხვა ნორმატიული აქტები.

ისტორია

ევროპაში ცხოველთა დაცვის შესახებ პირველი ერთობლივი კანონი დიდ ბრიტანეთში 1822 წელს შემოიღეს. ორი წლის შემდეგ, 1824 წელს შეიქმნა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აღმკვეთი საზოგადოება, რომელიც 1840 წელს ჩამოყალიბდა ( RSPCA- Royal Society for the Prevention of Cruelty to Animals).  ამ პერიოდში კანონში ძირითადი აქცენტი მიმართული იყო ცხოველთა მიმართ სისასტიკის აღკვეთაზე, რისთვისაც  სპეციალური ინსპექტორის პოზიცია შემოიღეს.

1933 წლიდან ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების დაკანონებას შეუქცევადი სახე მიეცა.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებზე სამუშაოდ 1965 წელს  პროფესორ როჯერ ბრამბელის ხელმძღვანელობით კომიტეტი შექმნა, რომელმაც ცხოველთა დაცვის სფეროში მანამდე უცნობი  თავისუფლების ხუთი განსაზღვრება შემოიტანა.  

ზურა მოდებაძე


მითის წყარო:
ვასილ მაღლაფერიძე, პუბლიცისტი: „ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის! ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი შემდეგ კვირაში განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც იკრძალება ერთ წლამდე გოჭების დაკვლა, გასაყიდად გამოტანა ან საკვებად გამოყენება და საქართველო გახდება მსოფლიოში 67-ე ქვეყანა სადაც გოჭების დაკვლა აიკრძალება.
 
კანონი ძალაში შევა 1-ლი დეკემბრიდან და სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მონიტორინგს გაუწევენ ბაზრობებს და მარკეტებს.
 
ასე რომ წელს ქართულ საახალწლო სუფრას ვეღარ დაამშვენებს ტრადიციული გოჭი."
http://www.fmabkhazia.com/news/9054-sensacia-pirveli-dekembridan-sakharthveloshi-erth-clamde-gochis-dakvla-aikrdzalebao.html
 
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და  მეორეს მხრივ, საქართველოს შორის

ასოცირების შეთანხმების დანართი IV-B

„ცხოველთა კეთილდღეობის ასპექტები კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში" - კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის კონცეფცია  გაეროს სურსათისა და სოფლის-მეურნეობის ორგანიზაცია (FAO UN)

2011 წლის 4 ივლისის  სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-101 ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის დადგენილება №444    2013 წლის 31 დეკემბერი

http://www.agrowebcee.net

ur-lex.europa.eu

Council Directive 2008/120/EC of 18 December 2008 laying down minimum standards for the protection of pigs

http://exporthelp.europa.eu

 
უკან