ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სამხედრო - 13 დეკ 2016

რუსული პროპაგანდა ბაღდადის მუზეუმის ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ძარცვის შესახებ ყალბ საგამოძიებო ბიუროს ეყრდნობა

1 დეკემბერს, „საქართველო და მსოფლიომ" გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერაყიდან 130 ათასამდე უძველესი არტეფაქტი გაიტაცეს". შესავალში ნათქვამია, რომ ერაყში ამერიკელი ჯარისკაცები ვანდალიზმით და მოროდიორობით იყვნენ დაკავებულები. წყაროდ მითითებულია რუსულენოვანი გაზეთი «Аргументы и факты», რომლის ბმულს თავის მხრივ პორტალ «Свободная пресса»-ზე გადავყავართ. აღნიშნულ ბმულზე განთავსებულია 2013 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატია: „ Американцы вывезли из Ирака 130 тысяч древних артефактов". სტატიაში ნათქვამია, რომ სტრინგერის საერთაშორისო გამოძიებების ბიუროს ექსპერტებმა გაზეთ «Аргументы и факты»-ს ერაყის ოკუპაციისას ამერიკული არმიის მიზნების შესახებ დეტალები წარუდგინეს - რაც შუამდინარეთის უძველესი ცივილიზაციის მემკვიდრეობის განადგურებას გულისხმობდა. პუბლიკაცია ამტკიცებს, რომ ამერიკელებმა თავიანთი გეგმების განხორციელება ბაღდადის ეროვნული მუზეუმით დაიწყეს.

მითების დეტექტორი გთავაზობთ მასალას, რომელიც ეყრდნობა ბაღდადის მუზეუმის ძარცვასთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ სხვადასხვა ფედერალური უწყებების (CIA, FBI, აშშ-ს საბაჟო და საემიგრაციო სამსახური, აშშ-ს დიპლომატიური უსაფრთხოების ბიურო) წარმომადგენლებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფის გამოძიების შედეგებს. გამოძიებას პოლკოვნიკი მეთიუ ბოგდანოსი მეთაურობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს ბაღდადის მუზეუმის გაძარცვასთან საერთო არაფერი არ აქვთ.

რაც შეეხება „სტრინგერის საერთაშორისო გამოძიებების ბიუროს", რომელსაც რუსული მედია ეყრდნობა, მისი ვებ-რესურსი ინტერნეტში აღარ ფუქნციონირებს, ხოლო გაფართოებულ ძიებას არა საერთაშორისო საგაოძიებო ორგანიზაციამდე, არამედ რუსულ გაზეთ "Совершенно секретно”-მდე მივყავართ.

ბაღდადის მუზეუმის ძარცვა: გამოძიების შედეგები

2003 წლის მარტში საერთაშორისო კოალიციის ძალებმა აშშ-ს მეთაურობით ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ერაყის თავისუფლება" წამოიწყეს. 2008 წლის 5 აპრილს ამერიკის არმიის ნაწილები ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შევიდნენ. ქალაქში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა, რამაც ნოყიერი ნიადაგი შექმნა მოროდიორობისთვის. მძარცველების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ბაღდადის მუზეუმი იქცა. 8 აპრილს ბაღდადის მუზეუმის თანამშრომლებმა შენობა დატოვეს, რადგან მას სამხედრო-ტაქტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მდებარეობა გააჩნდა და ერაყის სამთავრობო ძალების ერთ-ერთ საბრძოლო წერტილად გადაიქცა. ადმინისტრაციულმა პერსონალმა მუზეუმის ტერიტორიაზე დაბრუნება 12 აპრილამდე ვერ მოახერხა.

ფაქტი #1. აშშ-ს ძალები ბაღდადის მუზეუმის ძარცვის დროს მუზეუმის ტერიტორიისგან მოშორებით იყვნენ განთავსებულნი.

 გამოძიებამ დაადგინა, რომ მუზეუმის ძარცვა მოხდა 8 აპრილის 11:00 საათიდან დან - 12 აპრილის შუადღემდე დროის მონაკვეთში. ეს იყო ერთადერთი პერიოდი, როცა მუზეუმი დაცული არ იყო არც აშშ-ს ძალების და არც მუზეუმის თანამშრომლების მიერ. 8 აპრილს აშშ-ის ძალების შენაერთები მუზეუმიდან მოშორებით ჩრდილო-დასავლეთით 2400 კმ-ის დაშორებით იყვნენ განთავსებულნი. აშშ-ს სამხედრო ძალები პირველად მუზეუმის ტერიტორიაზე 16 აპრილს დილის 10:00 -ზე შევიდნენ. ყველაზე ახლოს ამერიკელი ჯარისკაცები მუზეუმთან 9 აპრილს, დასავლეთის მხრიდან 800 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ერაყის არმიის ნაწილები უკვე მუზეუმის ტერიტორიის შიგნით იყვნენ გამაგრებულნი და იქიდან ჰქონდათ ცეცხლი გახსნილი აშშ-ის ძალებისთვის.

ფაქტი #2. ბაღდადის მუზეუმი ერთის ნაცვლად, სამი სხვადასხვა ჯგუფის მიერ გაიძარცვა, რომლებიც შედგებოდა როგორც პროფესიონალების, ასევე მოროდიორებისაგან.

ფაქტი #3. მუზეუმის ძარცვის შედეგად დაიკარგა 14 000 -მდე და არა 170 000 ნივთი, როგორც ეს მედიამ გააშუქა

ამ მონაცემის პირველწყარო მედიისთვის ვინმე ნედჰალ ამინი იყო, რომელიც მედიამ როგორც მუზეუმის დირექტორის მოადგილე ისე წარადგინა. მისი ციტატა 170 000 ნივთის დაკარგვის შესახებ საერთაშორისო მედიამაც (Reuters, BBC, Daily Telegraph (London), Voice of America) გამოიყენა. სინამდვილეში ნედჰალ ამინი არა თუ მუზეუმის დირექტორის მოადგილე, მუზეუმის თანამშრომელიც არ ყოფილა. მუზეუმის თანამშრომლების მხრიდან ასევე აღინიშნა, რომ საგანძურის ნაწილი 2003 წლის აპრილამდე გადაეცა სადამ ჰუსეინის მთავრობას. გარდა ამისა, არტეფაქტების ნაწილი მუზეუმის თანამშრომლების მიერ სპეციალურ სამალავში იყო გადანახული.

ფაქტი #4. აშშ-ს სამხედრო ძალები ბაღდადის მუზეუმს 8 -12 აპრილის ინტერვალში ვერ დაიცავდა, რადგან:
  1. ერაყის შეიარაღებულ ძალებს მუზეუმის შენობიდან ჰქონდათ ცეცხლი გახსნილი. აშშ-ს ძალების მხრიდან ოპერაციის ჩატარება მუზეუმზე გამოიწვევდა ადამიანურ დანაკარგს.
  2. თუ ამერიკული ძალები მუზეუმის ტერიტორიაზე ადამიანური დაკანარგის ფასად მაინც შევიდოდნენ, მათ შეუიარაღებელი მოროდიორებისათვის ცეცხლის გახსნა მოუწევდათ, რაც წარმოუდგენელია, რადგან ამერიკული არმია მოქმედებს სამხედრო წესებითა და რეგულაციებით, რომლებიც შეუიარაღებელი ადამიანებისათვის ცეცხლის გახსნას მაშინაც კიკრძალავს , თუ ისინი არასამართლებრივ მოქმედებას სჩადიან.
დაკარგული საგანძურის დაბრუნება

აშშ-ის საგამოძიებო ჯგუფის ძალისხმევის შედეგად, ბაღდადის მუზეუმს 13, 856 დაკარგული ნივთიდან - 5. 359 ნივთი დაუბრუნდა. საგამოძიებო ჯგუფთან თანამშრომლობდნენ აშშ-ს შეიარაღებული ძალები, ინტერპოლი, Scotland Yard, აშშ-ს, იორდანიის და ქუვეითის საბაჟო, იტალიის კარაბინიერები, ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომლები და ერაყელი ხალხი.

ცხრილი 1. დაკარგული საგანძურის დაბრუნება 2005 წლის იანვრის მონაცემებით
 
































ვინ არიან „სტრინგერის საერთაშორისო გამოძიებების ბიუროს” ექსპერტები?

«Свободная пресса” სტატიაში ბაღდათის მუზეუმის ამერიკელების მიერ ძარცვის წყაროდ მითითებულია "სტრინგერის საერთაშორისო გამოძიებების ბიუროს” ექსპერტები. აღნიშნული ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გადასასვლელი ბმული ru.fbii.org არ ფუნქციონირებს.
 













ბიუროს ვებ-გვერდის საარქივო მასალების მოძიების შედეგად ირკვევა, რომ ორგანიზაციის მისია ამერიკის წინააღმდეგ ბრძოლაა:

„სტრინგერის საერთაშორისო გამოძიებების ბიურო” აერთიანებს დამოუკიდებელ ინტელექტუალებს, პოლიტოლოგებსა და ჟურნალისტებს - ყველას, ვისაც სურს ადამიანებამდე მიიტანოს სიმართლე დედამიწის ყოვლისშემძლე და ბნელი იმპერიის - ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.


 











ru.fbii.org. სტატიებს ესპანურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე აქვეყნებდა. მისი დომეინი FBII.ORG 2010 წელს შეიქმნა. დარეგისტრირებულია ჰოლანდიაში ვინმე აუგუსტინ ტორესის მიერ. თავის მხრივ, დომეინი fbii.org მითითებისას, Google- ის საძიებო სისტემა გვიჩვენებს ვებ-გვერდს www.sovsekretno.ru, რომელიც 1989 წელს დაარსებული გაზეთის "Совершенно секретно” - ს საიტს წარმოადგენს. "Совершенно секретно” -ს ვებ-გვერდის თანახმად, იგი გამოიცემა ქალაქებში: ალმა-ატა, კიევი, რიგა, ტარტუ, ხაბაროვსკი და თბილისი.  FBII.ORG , "Совершенно секретно” ერთ-ერთ ავტორადაა მითითებული.
 
















მასალა მომზადებულია აშშ-ის საგამოძიებო ჯგუფის მეთაურის, პოლკოვნიკ მეთიუ ბოგდანოსის პუბლიკაციაზე „ომის ზარალი: სიმართლე ერაყის მუზეუმის შესახებ" დაყრდნობით, რომელიც არქეოლოგიის ამერიკული ჟურნალის 109-ე გამოშვებაში დაიბეჭდა. პუბლიკაცია სრულად იხილეთ JSTOR -ის ციფრული ბიბლიოთეკის ბაზაზე.


მოამზადა დალი ქურდაძემ
უკან