ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

კანონმდებლობა - 13 იან 2017

ადა მარშანია ვიზალიბერალიზაციის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს

12 იანვარს, პატრიოტთა ალიანსის წევრმა, პარლამენტარმა ადა მარშანიამ ტელეკომპანია TV პირველის საინფორმაციო გამოშვება „დღის ამბებში" LIBE-ს კომიტეტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი გადაწყვეტილების კომენტირებისას, განაცხადა თითქოს, ეს პროცესი ევროპულ ქვეყნებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას ითვალისწინებდა, რადგან საქართველოს მოსახლეობას სამუშაო ადგილების მოლოდინი ჰქონდა.

ადა მარშანია, პატრიოტთა ალიანსი, პარლამენტის წევრი: "იმას, რასაც ელოდება ჩვენი მოსახლეობა, ძირითადად, ალბათ, იცით თქვენ. ცხადია, ევროპაში ეგულებათ სამუშაო ადგილები და აი, ამ მხრივ უხარია ძალიან ბევრ ადამიანს, რომ არ იქნება ვიზით შესვლა ევროპაში, მაგრამ აქ უკვე მეორე პრობლემა დგება, ჩვენს ქვეყანას არცერთ ევროპულ ქვეყანასთან არა აქვს შრომითი ხელშეკრულება დადებული, და ეს იქნება ჩვენი საზრუნავი უახლოეს დროს."

TV პირველი, დღის ამბები
12.01.2017

აღნიშნული განცხადება მცდარია, რადგან ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს ევროპაში სამუშაო მიზნით თავისუფალ მიმოსვლას.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეეხება შემდეგ კატეგორიას:

1.  ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

2.  უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები, რომელიც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;

3. ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად;

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის დახმარებით უვიზო მიმოსვლის შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია აწარმოა, სადაც მკაფიოდ იყო განმარტებული, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა სამუშაო ვიზებს არ შეეხებოდა.  კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეო რგოლი: გზამკვლევი ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისათვის და ითარგმნა აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე.




დამატებითი ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის შესახებ ხელმისაწვდომია ევროკომუნიკატორის მიერ მომზადებულ მასალებში:


უკან