ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

კანონმდებლობა - 05 დეკ 2016

დეზინფორმაცია პოლონეთსა და ისრაელში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვის შესახებ

გაზეთ „ასავალ-დასავალის" 21- 27 ნოემბრის გამოშვებაში, „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ პოლონეთსა და ისრაელში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება აკრძალულია. აღნიშნული განცხადება ნიკოლოზ მჟავანაძემ სიძულვილის ენაზე MDF - ის ყოველწლიური ანგარიშის საპასუხოდ გააკეთა, რომელშიც თურქოფობიისა და ჰომოფობიის ერთ-ერთ წყაროდ თავად "უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელის საჯარო განცხადებებიც არის მოყვანილი.

განცხადებები პოლონეთში უცხოური დაფინანსების აკრძალვის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძემ, ასევე "ერეკლე II-ის საზოგადოების” ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ, რომელიც ღიად პრორუსული პლატფორმით გამოდის, ადრეც გააკეთეს (იხ. ცხრილი), რაზეც მითების დეტექტორმა რამდენიმე პუბლიკაცია მოამზადა. ქვემოთ გთავაზობთ რეალურ ფაქტებს პოლონეთსა და ისრაელში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური ფონდების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ ზღუდავს რუსეთი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას.



















პოლონეთი: უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არ იკრძალება

პოლონეთში არ არსებობს რაიმე სახის რეგულაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებას კრძალავს. პირიქით, პოლონეთში, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში არასამთავრობო ორგანიზაციების მარეგულირებელი კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია. არც პოლონეთის კანონი „საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობასა და მოხალისეობაზე", არც „ასოციაციების" ან „ფონდების შესახებ" საკანონმდებლო ნორმები არ შეიცავს ჩანაწერს, რომელიც უცხო ქვეყნის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას კრძალავს. უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს დოკუმენტი „ფუნდამენტური პრინციპები არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსის შესახებ ევროპაში" და განმარტებითი მემორანდუმი მკაფიოდ განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, მოიძიონ ფინანსური სახსრები უცხო ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ან ინდივიდუალური დონორებისგან. პოლონეთის მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი გადასახადებიდან 1% კონკრეტულ ორგანიზაციას გადაურიცხონ. მეორეს მხრივ, თავად პოლონეთის ხელისუფლება აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყნების საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას ისახავენ მიზნად, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების.

ისრაელი: უცხოეთიდან დაფინანსება არ იკრძალება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან დაფინანსების წყაროების ღია დეკლარირება მოახდინონ.

ისრაელში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება აკრძალული არაა, თუმცა 2016 წლის ივლისში ისრაელის პარლამენტმა ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების ნახევარზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, ვალდებულნი არიან დაფინანსების დეკლარირება მოახდინონ: ასახონ მონაცემები თავიანთ ანგარიშებსა და სხვადასხვა საკითხების ადვოკატირების მიზნით გამოცემულ ლიტერატურაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთში

2015 წლის 31 დეკემბერს განახლებულ რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები, საერთაშორისო ინსტიტუტების და დასავლეთის ქვეყნების ქმედებებთან ერთად რუსეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებად განიხილება.

კერძოდ, დოკუმენტში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითად საფრთხეებად დასახელებულია:

„ნეო-ნაციონალისტური და რელიგიურ-ექსტრემისტულ იდეოლოგიის მატარებელი რადიკალური საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაჯგუფებების ქმედება, უცხო ქვეყნის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ფინანსური და ეკონომიკური სტრუქტურების ასევე კერძო პირების ქმედება, რომელიც მიმართულია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ქვეყნის შიდაპოლიტიკური და სოციალური დესტაბილიზაციისკენ, რაც გულისხმობს ასევე „ფერადი რევოლუციების" ინსპირაციას და რუსეთის ტრადიციული სასულიერო ღირებულებების წინააღმდეგ ქმედებას ".

2015 წლის მაისში მიღებული ახალი კანონის თანახმად, რუსეთში მოღვაწე "არასასურველ" ორგანიზაციებს ეკრძალებათ საქმიანობის განხორციელება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, რუსეთის პროკურატურას უფლება ეძლევა მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეაჩეროს. მთავრობისთვის „არასასურველი" ორგანიზაციების სიაში მოხვდა "ჯორჯ სოროსის საქველმოქმედო ფონდი”, "National Endowment for Democracy” (NED), "Freedom House”, „მაკარტურის ფონდი" და „აღმოსავლეთ ევროპული დემოკრატიული ცენტრი". ასევე სამი უკრაინული და ორი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია.

უფლებადამცველთა გაერთიანების და ერეკლე მეორეს საზოგადოების შესახებ

„უფლებადამცველთა გაერთიანება" საჯარო რეესტრში 2012 წლის 2 აგვისტოს დარეგისტრირდა. გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძეა. 2016 წლის სიძულვილის ენის მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა აღნიშნული ორგანიზაციის 7 დისკრიმინაციული კომენტარი, საიდანაც 3 თურქოფობიული, 2 ჰომოფობიური და 2 რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი იყო.

ერეკლე მეორის საზოგადოება 2008 წლის 31 დეკემბერს დაფუძნდა. მისი ხელმძღვანელია პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს" ლიდერი არჩილ ჭყოიძე. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი საქართველოში რუსეთის კულტურისა და ხელოვნების პოპულარიცაზია და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაა. 2016 წლის სიძულვილის ენის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩილ ჭყოიძის მიერ გაკეთებული განცხადებები უმეტესწილად ჰომოფობიურ ხასიათს ატარებდა.


უკან