ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ადამიანის უფლებები - 28 ნოე 2016

რასისტული პროპაგანდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში

Disinformation Digest-ის ცნობით, 20 ნოემბერს, ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა დმიტრი კისელიოვმა საავტორო თოქ შოუში „კვირის ამბები" აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მაიმუნს შეადარა.

პრეზიდენტ ობამასა და დონალდ ტრამპის შეხვედრის გაშუქებისას კისელიოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე „ტრამპი ინგლისელი ლორდივით იქცეოდა, ხოლო ობამა ხელებს ისე იქნევდა, თითქოს ჯუნგლებში იყო" .

22 ნოემბრისთვის, პორტალ TheMoscowTimes ცნობით, წამყვანის რასისტული კომენტარი ტელეკომპანია Россия 1-მა გადაცემის ჩანაწერიდან ამოიღო და სხვა ციტატით ჩაანაცვლა. თუმცა, ორიგინალი ვერსია კვლავ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

რედაქტირებულ ვერსიაში დმიტრი კისელიოვი ბარაკ ობამას შესახებ ამბობს:

„ტრამპი ინგლისელი ლორდივით იქცეოდა, ხოლო ობამას ისე ფართოდ ჰქონდა გაშლილი ფეხები, რომ ასე ჯდომა ნიუ-იორკის მეტროშიც კი აკრძალულია...ობამა ისე იქნევდა ხელებს თითქოს ღია ცის ქვეშ იყო".

TheMoscowTime-თან ტელეფონით საუბრისას კისელიოვმა განაცხადა, რომ მისი განზრახვა პრეზიდენტის მაიმუნთან შედარება არ ყოფილა. კისელიოვის თქმით, „ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეჩვენებინა მისი (ბარაკ ობამა) უტაქტობა და უპატივცემულობა ტრამპის მიმართ".

აღსანიშნავია, რომ გასული კვირის პროპაგანდისტული რუსული ტელეარხების ახალი ამბების მთავარი თემა ბარაკ ობამას რუსეთის მთავად მტრად წარმოჩენა იყო. ახალი ამბების მიხედვით, ობამას ვადის ამოწურვა რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების დასრულებასაც ნიშნავს.


დმიტრი კისელიოვის შესახებ

ყირიმის ანექსიის დაწესებული სანქციების ფარგლებში ევროკავშირის შავ სიის აღწერილობის მიხედვით დმიტრი კისელიოვი რუსეთის სამთავრობო პროპაგანდის „მთავარი ფიგურაა". გარდა საავტორო თოქ -შოუს წამყვანობისა, დმიტრი კისელიოვი სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ მედია სახლ Russia Today-ს აღმასრულებელი დირექტორცაა. 

Russia Today 2013 წლის 9 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით შეიქმნა და აერთიანებს „RIA NOVOSTI” და საზღვარგარეთ კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ პროექტ „სპუტნიკს". კისელიოვის თოქ-შოუ ცნობილია ანტიდასავლური განწყობებითა და ჰომოფობიური განცხადებებით. კისელიოვს ეკითვნის ცნობილი მუქარის შემცველი ფრაზა აშშ-ს მიმართ. კერძოდ, მან განაცხადა, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რეალურად შეუძლია ამერიკა „რადიოაქტიურ მტვრად აქციოს".
უკან