ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ადამიანის უფლებები - 10 ნოე 2016

დეზინფორმაცია: ბრიტანეთი პედოფილებისა და ჰომოსექსუალების რეაბილიტაციას იწყებს

გაზეთ "ასავალ-დასავალი”-ს 2016 წლის 31.10.- 6.11 -ის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ გიორგი გიგაურის სტატია, სათაურით "დასავლეთი ჰომოსექსუალიზმის ტოტალურ რეაბილიტაციას იწყებს!”, რომელშიც ის ამბობს:

"დიდ ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომლითაც რეაბილიტაციას ექვემდებარება ყველა ის პედოფილი თუ ჰომოსექსუალი, რომლებიც ადრინდელი „არაჰუმანური და ჰომოფობიური კანონებით" გაასამართლეს. ამ კანონის მოქმედება კი, არც მეტი არც ნაკლები, 65 ათას ბრიტანელზე გავრცელდება!”

კანონი, რომელზეც "ასავალ-დასავალი” მიუთითებს და "ალან ტურინგის” სახელით არის ცნობილი, პედოფილიისთვის გასამართლებულებისთვის ნასამართლეობის მოხსნას არ ითვალისწინებს, რადგან პედოფილია ბრიტანეთში დღესაც სისხლის სამართლის დანაშაულია. რეაბილიტაცია მხოლოდ ჰომოსექსუალური ურთიერთობებისთვის გასამართლებულებს შეეხება.

1967 წელს სექსუალური დანაშაულებების აქტის მიღებამდე ჰომოსექსუალური ურთიერთობა ინგლისსა და უელსში არალეგალურად ითვლებოდა, ხოლო შოტლანდიასა და ჩრ. ირლანდიაში 1980 და 1982 წლებამდე. 
 

"ალან ტურინგის კანონი” არის დიდი ბრიტანეთის კანონპროექტის არაფორმალური სახელი, რომელიც წარსულში ჰომოსექსუალური აქტის გამო გასამართლებული მამაკაცების "პატიებას” გულისხმობს. "პატიება” გეი და ბისექსუალი მამაკაცებისთვის ნასამართლეობის მოხსნასა და  კრიმინალისტიკური აღრიცხვიდან მათი სახელების ამოშლას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, "პატიება” შეეხებათ მხოლოდ იმ დანაშაულში ბრალდებულებს, რაც დღეს კანონის დარღვევად აღარ ითვლება. 13 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალური აქტის დამყარება, ანუ პედოფილია, ბრიტანეთში დღესაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაულია და ამდენად "ასავალ-დასავალის” მტკიცება პედოფილების რეაბილიტაციის შესახებ დეზინფორმაციაა. ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ახალი კანონი არ შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ 16 წლის ან 16 წლამდე მიუღწეველ პირთან.

ალან ტურინგი, რომლის სახელიც კანონპროექტს უწოდეს, იყო ინგლისელი მათემატიკოსი, რომელსაც გერმანული შიფრაციის აპარატის, ენიგმას კოდის გატეხვა და კომპიუტერული მეცნიერებების განვითარება უკავშირდება. ტურინგი 1952 წელს ჰომოსექსუალური კავშირის გამო გაასამართლეს. ქიმიური კასტრაციის შემდეგ ტურინმა 1954 წელს თავი მოიკლა. 2009 წელს ბრიტანეთის მთავრობამ ალან ტურინგს ოფიციალური ბოდიში მოუხადა, 2013 წელს კი ის დედოფალმა "შეიწყალა”. სწორედ ტურინგის რეაბილიტაცია გახდა საფუძველი "შეეწყალებინათ” ყველა პირი, რომელიც ჰომოსექსუალური კავშირის გამო გაასამართლეს. ასეთი 65 000 გეი/ბისექუალი მამაკაციდან 15 000 დღესაც ცოცხალია. 

უკან