ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

რელიგია - 31 ოქტ 2016

დეზინფორმაცია: "სამამულო ომის" შემდეგ სტალინმა 22 000 ეკლესია ააშენა

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება "სპუტნიკ ჯორჯიას” ვებ-გვერდზე 2015 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარია სოფელ დიღომში მოღვაწე მამა იოანე ჩიგოგიძის დოკუმენტურ ფილმზე "ვინ მოიგო ომი”. ფილმის თანახმად, "სამამულო ომის" შემდგომ სტალინმა 22 000 ეკლესია ააშენა, გახსნა სასულიერო სემინარიები და აკადემიები.


დოკუმენტურ ფილმში "ვინ მოიგო ომი” წარმოდგენილი ინფორმაცია მცდარია!

მითების დეტექტორი წარმოგიდგენთ საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკის ამსახველ ფაქტობრივ მასალას, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია სტალინის მმართველობის პერიოდში დახურული და დანგრეული ეკლესიებისა და რეპრესირებული მღვდლების შესახებ.

საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკა გულისხმობდა ეკლესიის კანონგარეშედ გამოცხადებას. ხელისუფლება ებრძოდა საეკლესიო რიტუალებს და დევნიდა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ახალ წესებს არ ემორჩილებოდნენ. სოფლის კრებებზე ეწყობოდა საერთო კრებები, რომელთა რეზოლუციის მიხედვით ეკლესიებს ანგრევდნენ ან ფუნქციებს უცვლიდნენ. კომუნისტები აგრეთვე აწყობდნენ რელიგიის საჯაროდ გასამართლებას, რომლის მიზანიც სოფლის თემების თვალში ეკლესიის ინსტიტუტის დამცირება იყო. 1927 წლის 5 იანვარს საქართველოში დაარსდა "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი”- მუკი, რომლის მიზანიც რელიგიის სრულად მოსპობა იყო. მუკი აწყობდა ანტირელიგიურ ლექციებს, სპექტაკლებს და საჯარო შეხვედრებს. აგრეთვე, არსებობდა მუკის სპეციალური ჯგუფი, რომელიც საჯარო თავშეყრის ადგილებზე, მათ შორის ტრანსპოტში, ადამიანების "დამუშავებაზე” ზრუნავდა. ეს ჯგუფი ხელოვნურად იწყებდა ანტირელიგიურ თემებზე საუბარს და შემდეგ ათეისტური ლიტერატურის გავრცელებას.

1.საბჭოთა პერიოდში (1921-1953) დახურული/დანგრეული ეკლესიები

მხოლოდ 1923 წელს სტალინის ანტირელიგიური პოლიტიკის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე 1212 ეკლესია დაიხურა. 1921-1953 წლებში დაიხურა 1 305 ეკლესია, რომელთაგან ნაწილი დაანგრიეს ან დანიშნულება შეუცვალეს. ამავე პერიოდში რეპრესირებული იყო 3, 407 (ეს რიცხვი ასახავს 1921 წელსა და 1953 წელს მოღვაწე სასულიერო პირებს შორის სხვაობას და შესაძლოა, არ ასახავდეს რეპრესირებული სასულიერო პირების ზუსტ რაოდენობას) ქართველი სასულიერო პირი. უნდა აღინიშნოს, რომ ცხრილში მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა შსს საარქივო მასალებსა და 2012 წლის გამოცემას "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია”.

1921 წლამდე 1923 წელი 1953 წელი
1350 ეკლესია-მონასტერი დახურეს 1212 ეკლესია ფუნქციონირებდა 45 ეკლესია
29 მამათა მონასტერი, 1527 ბერი

6 დედათა მონასტერი, 280 მონაზონი

1700 მღვდელი მოღვაწეობდა 500-მდე სასულიერო პირი მოღვაწეობდა 100-მდე სასულიერო პირი

იხ. ინფოგრაფიკა და storymap-ი
  • 1923 წლიდან ეკლესიების კლუბებად, საწყობებად ან თეატრებად გადაკეთებისთვის ხელისუფლებამ 5 მილიარდი მანეთი გამოყო. მაგალითად, თბილისის კვირაცხოვლობის წმ. მოციქული თომას სახელობის ეკლესია 1924 წელს გადაკეთდა ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის მუშათა საცხოვრებელ სახლად.
  • საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კანონგარეშედ გამოცხადდა. ხელისუფლება აწყობდა სოფლის საერთო კრებებს. რეზოლუციის მიღების შემდეგ ეკლესიას ხურავდნენ ან ანგრევდნენ. აგრეთვე, ასამართლებდნენ მართლმადიდებლობას. ასეთი პროცესების მიზანი მოსახლეობისთვის რელიგიის "ნამდვილი” სახის ჩვენება იყო.
  • 1921 წლის 15 აპრილს საქართველოს რევკომის მიერ გამოცემული სპეციალურ დეკრეტში ეწერა: "არცერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არა აქვს უფლება იქონიოს საკუთრება. მათ არა აქვთ იურიდიული პიროვნების უფლება, საქართველოში არსებული საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებათ."
  • 1923 წლისთვის დაიკეტა: ტფილისის მაზრის 48, სენაკის 148, ზუგდიდის 75, ოზურგეთის 130, ფოთის (ქალაქ) 5, რაჩინსკის 117, ლეჩხუმის 78, აფხზეთის 5, აჭარის 8, ქუთაისის 160, შორაპნის 147, სამხეთ-ოსეთის 60, გორის 78, ბორჩალოს 5, ახალციხის 5, ახალქალაქის 1, დუშეთის 3, სიღნაღის 73, თელავის 65, თიანეთის 1 ეკლესია.
  • 1930-იანი წლებიდან გამოიცა დადგენილება ჯართში ჩაბარების მიზნით ეკლესიებიდან ზარების ჩამოხსნის შესახებ. "საქართველოს სახალხო კომისართა საბჭო ადგენს: 1 საეკლესიო ზარებისგან ჯართის დამზადების გეგმა დაწესდეს 15 ტონის ოდენობით: 2 "ფერადლითონჯართ” - ს " მიეცეს ზარების ჩამოხსნის ნება შემდეგი რაიონების უმოქმედო ეკლესიებიდან:
1. მახარაძე - 2 ტონა;
2. ზესტაფონი - 1 ტონა;
3. ლანჩხუთი- 1 ტონა;
4. ქუთაისი - 4 ტონა;
5. აბაშა - 2 ტონა;
6. კასპი - 2 ტონა;
7. წულუკიძე - 3 ტონა.
სულ - 15 ტონა.
  • ხალხში სასულიერო პირების მიმართ ავტორიტეტის შელახვის მიზნით საბჭოთა მთავრობამ წმინდანების ნეშტების გახსნა დაიწყო. 1923 წელს გახსნეს და ხალხის წინ მოწამეთას მონასტრიდან გამოიტანეს კონსტანტინესა და დავითის წმინდა ნაწილები. იგივე განმეორდა ნიკორწმინდაში, ბოდბისხევში, ხარაგაულისა და ზუგდიდის მაზრების რამდენიმე სოფელში.
  • ქუთაისის საკათედრო ტაძრის დანგრევის შესახებ საქართველოს კომპარტიის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის პრეზიდიუმის 1923 წლის დადგენილებაში ეწერა: "დაირღვეს საკათედრო ტაძარი (სობორო), მასალა გამოყენებულ იქნას ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად, იმ ადგილას კი გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილას დაიდგას ამხანაგ ლენინის ძეგლი".
  • კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია 1924 წელს გადაკეთდა ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის მუშათა საცხოვრებელ სახლად.
  • 1922 წელს გამოიცა დეკრეტი ეკლესიებიდან საეკლესიო საგანძურის ამოღების შესახებ. იმავე წელს საეკლესიო ნივთები და ქონება გაიტანეს საქართველოს 600-მე ეკლესიიდან.
  • 1943 წელს შეიქმნა ეკლესიის საქმეთა საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა უშიშროების კომიტეტის გენერალი კარპოვი. საბჭოს შექმნის მიზანი ეკლესიის დამორჩილება და კონტროლი იყო.
  • საბჭოთა ხელისუფლებამ დაადგინა ანტირელიგიური ხუთწლედი, რომლის მიხედვითაც 1933 წლისთვის უნდა დაეხურათ ყველა ეკლესია, 1934 წლისთვის გაეუქმებინათ ყველა რელიგიური ტრადიცია, 1935 წელს საზოგადოებრივი ცხოვრება სრულად უნდა მოეცვა ანტირელიგიურ პროპაგანდას, 1936 წელს არ უნდა დარჩენილიყო არცერთი სასულიერო პირი, 1937 წელს კი საბჭოთა ხელისუფლება რელიგიაზე გამარჯვებას იზეიმებდა.

2.საბჭოთა პერიოდში (1921-1953) დახვრეტილი და გადასახლებული მღვდლები

სტალინის რელიგიური პოლიტიკას ათასობით ქართველი სასულიერო პირი შეეწირა. მღვდლებს საკუთარი რელიგიური ვალდებულებების შესრულების გამო ასახლებდნენ და ხვრეტდნენ. კომუნისტების რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო არქიმანდრიტი პიმენ დაშნიანიც, რომელიც ცაგერის რაიონისა და ქვემო სავენთის სოფლებში ბავშვების მონათვლის გამო დახვრიტეს. გთავაზობთ ამონარიდებს მისი პატიმრის ანკეტიდან.

პროფესია და სპეციალობა - მღვდელი.
მუშაობის ადგილი და თანამდებობა - ეწევა ჩუმად მღვდლობას.
სოციალური მდგომარეობა - ყოფილი მღვდელი
ა)რევოლუციის დაწყებამდე - მღვდელი
ბ)რევოლუციის შემდეგ - მღვდელი შავსიელი.
განათლება - მცირე მცოდნე.
პარტიულობა - უპარტიო.
თეთრების და სხვა კონტრრევოლუციონურ ჯარში სამსახური, მონაწილეობა ბანდაში, გამოსვლები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ - შემჩნეული იყო პრაბალტიორობაში ("ლაყბობა”).

ბრალდების ოქმში ჩამოაყალიბეს, რომ დაშნიანი ბავშვების მალულად მონათვლის გამო არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ერთ თვეში მონათლა 120 ბავშვი. პიმენ დაშნიანი "მასობრივი ნათლობების ჩატარების” ბრალდებით 1937 წელს დახვრიტეს. 

შსს საარქივო სამმართველოს ცნობებით, 1924 წლის აგვისტოს ამბოხებაში მონაწილეთაგან საგანგებო სამეულის მიერ სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა 832 ადამიანს მიესაჯა, აქედან 44 სასულიერო პირი იყო.

სტალინმა რეპრესიული ანტირელიგიური პოლიტიკა 1941 წლიდან შედარებით შეამსუბუქა, რასაც დახურული ეკლესიების ნაწილის გახსნა მოჰყვა. პოლიტიკის შემობრუნებას კი თავისი მიზეზები ჰქონდა. პროექტ "13 მითი სტალინის შესახებ” ინფორმაციით, 1941-42 წლებში საბჭოთა კავშირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაცისტური გერმანია ბოლშევიკების მიერ გაუქმებულ და დახურულ ეკლესია-მონასტრებს ხსნიდა. გერმანელებმა უკრაინასა და ბელარუსში საერთო ჯამში 9 400 ეკლესია აღადგინეს. ნაცისტების მიერ კომუნისტების დახურული ეკლესიების გახსნა გადამწყვეტი მიზეზი იყო, რის გამოც სტალინმა რელიგიური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო. შეიქმნა ეკლესიის საქმეთა საბჭო, რომელმაც ეკლესიასთან დაკავშირებული ყველა საქმე ჩაიბარა. საბჭოს ხელმძღვანელობდა უშიშროების კომიტეტის გენერალი კარპოვი, რომელიც სასულიერო პირების კურთხევისა და ეპარქიებში გამწესების საკითხებს წყვეტდა. ამ პოლიტიკის მიზანი ეკლესიის დამორჩილება და კონტროლი იყო.

მიუხედავად ამისა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეკლესიბის მასობრივი აღდგენა მაინც არ ფიქსირდება. 1945 წლის მარტში საქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედდა 29 ეკლესია, რომელშიც მოღვაწეობდა 5 მღვდელმთავარი, 41 მღვდელი, 2 პროტოდიაკონი, 3 მედავითნე. სულ საკათალიკოსოში ირიცხებოდა 135 ეკლესიის მსახური. ხოლო 1946-1951 წლებში გაიხსნა ალავერდის, ხონის წმ.გიორგის, საგარეჯოს, აწყურის, სოხუმის რაიონის სოფ. კონსტანტინოვკის, ორბეთის, სუჯუნის წმ.გიორგის, გუდაუთის რაიონ სოფ. ბომბორას, ქარელის რაიონ სოფ. ატოცის ეკლესიები.

აქედან გამომდინარე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტალინმა 1945 წლის შემდეგ 22 000 ეკლესია ააშენა, მცდარია.

მოამზადა სოფო გელავამ

უკან