ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ნატო - 27 ოქტ 2016

სპეკულაციები 1999 წელს NATO-ს კოსოვოში ინტერვენციის შესახებ

ქართულ მედიაში პერიოდულად ჩნდება სპეკულაციები 1999 წელს კოსოვოში NATO-ს საჰაერო ოპერაციის შესახებ, რომელიც იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგალითად, 2016 წლის 5 ოქტომბერს, "საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მოხისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა გრიგოლ მეზვრიშვილის ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს:

"ნატოს ძალებით მანამდე ბომბავდნენ მართლმადიდებელ სერბეთს, სანამ არ დააჩოქეს და არ წაართვეს კოსოვო, ისეთივე ისტორიული მიწა-წყალი სერბეთისთვის, როგორიც ჩვენთვის აფხაზეთია”.

1999 წლის მარტში, ალიანსმა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს უარის მიუხედავად, იუგოსლავიაში საჰაერო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. NATO-ს გადაწყვეტილებას კრიტიკოსები გამოუჩდნენ და დაიწყო დებატები იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანი იყო აღნიშნული ინტერვენცია.

იმისათვის, რომ სამხედრო ინტერვენცია სამართლიანად ჩაითვალოს, ის შემდეგ ექვს პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა არსებობდეს ინტერვენციის სამართლიანი მიზეზი, სამართლიანი მოტივი, ინტერვენცია უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება, ინტერვენციონისტმა უნდა გამოიყენოს პროპორციული ზომები, უნდა ჰქონდეს მდგომარეობის გაუმჯობეები გონივრული შანსები და შესაბამისი ორგანოს ავტორიზაცია.

1.სამართლიანი მიზეზის არსებობა

NATO-ს ლიდერები ინტერვენციის გასამართლებლად კოსოვოში ალბანელების მდგომარეობას ასახელებდნენ. საჰაერო ოპერაციის დაწყებამდე:
  • 1998-1999 წლებში კოსოვოში სერბეთის მთავრობის პოლიტიკას 2000-ზე ადამიანი შეეწირა;
  • 1998 წლის ზაფხულში 250 000-მდე კოსოვარი ალბანელი გააახლეს საკუთარი სახლებიდან;
  • UNHCR-ის დასკვნით, 1999 წლის აპრილისთვის ეთნიკურმა წმენდამ ლტოლვილთა კრიზისი გამოიწვია. ალბანეთში 226 000, მაკედონიაში 125 000 ხოლო მონტენეგროში 33 000 ლტოლვილი შევიდა. 1999 წლის მაისისთვის უშუალოდ კოსოვში უსახლკაროდ დარჩა 580 000 ადამიანი;
  • 1999 წლის მაისისთვის 1.5 მილიონი ადამიანს, ანუ კოსოვოს მოსახლეობის 90 %-ს საკუთარი სახლი დაატოვებინეს. 225 000 კოსოვარი ალბანელი ითვლება დაკარგულად. მინიმუმ 5000 კოსოვარი კი მოკლეს.
არსებობდა რეალური მოლოდინი, რომ თუ იუგოსლავიის ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას უპასუხოდ დატოვებდნენ, მდგომარეობა გაუარესდებოდა და მილოშევიჩი ალბანელების ეთნიკურ წმენდას მოახდენდა.

ინტერვენციის მოწინააღმდეგეები ხშირად უთითებენ კოსოვოს გამათავისუფლებელი მოძრაობის ძალადობრივ მეთოდოლოგიაზე. მიუხედავად იმისა, რომ KLA-ს მოქმედებები NATO-მა რამდენჯერმე დაგმო, ის მაინც განიხილებოდა, როგორც ერთადერთ სეცესიონისტურ მოძრაობად, რომელიც მსხვერპლ პოლიტიკურ საზოგადოებას წარმოადგენდა.

2. სამართლიანი მოტივი

ჰუმანიტარულ ინტერვენციას მხოლოდ კატასტროფის შემსუბუქების/თავიდან აცილების განზრახვა ამართლებს.

კოსოვოში NATO-ს ინტერვენციას სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა:
  1. კოსოვარი ალბანელების წინააღმდეგ მილოშევიჩის ძალადობრივი პოლიტიკის შეჩერება;
  2. ბელგრადის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვნად დაზარალება, რაც შეაჩერებდა ალბანელების რეპრესიას;
  3. ევროპის ცენტრალურ ნაწილში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
ინტერვენციის მოწინააღმდეგეები NATO-ს ჰუმანიტარული ინტერვენციის შერჩევითობაზე საუბრობენ. ამის საპასუხოდ, NATO-ს ლიდერები აცხადებენ, რომ დასავლეთს არ აქვს შესაძლებლობა, ჩაერიოს ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევაში. ამასთან, ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა ისეთი ჰუმანიტარული კატასტროფები, როგორიც მოხდა რუანდასა ან სრებრენიკაში, არ გამოდგება კოსოვოში NATO-ს ინტერვენციის კრიტიკის არგუმენტად. სწორედ რუანდაში ჩაურევლობის შედეგი არის იმის ილუსტრაცია, თუ რატომ უნდა მიეღო NATO-ს კოსოვოში ინტერვენციის გადაწყვეტილება, რათა აქ მსგავსი შედეგი თავიდან აეცილებინა.

3. ინტერვენცია, როგორც უკანასკნელი საშუალება

კოსოვოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის საპასუხოდ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1199, რომელიც კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, სერბეთის ძალების გაყვანისა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებდა.

დიპლომატიური ზეწოლის შედეგად, იუგოსლავიის პრეზიდენტი დათანხმდა ოქტომბერში შეთანხმების მიღწევას. შეთანხმებას ხელმძღვანელობდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რიჩარდ ჰოლბრუკი. ჰოლბრუკისა და მილოშევიჩის შეთანხმება უნდა დაემტკიცებინა ეუთო-ს, რომელიც იქნებოდა ერთადერთი გარე დამვკირვებელი, რომელსაც მილოშევიჩი კოსოვოში დაუშვებდა. ეუთო-მ ჩამოაყალიბა შეუიარაღებელი, სამოქალაქო "კოსოვოს ვერიფიკაციის მისია" (KVM), რომელმაც ფუნქციონირება 1998 წლის ნოემბერში დაიწყო. NATO-ს მცირე სამხედრო ნაწილი, რომელსაც საფრანგეთი ხელმძღვანელობდა, მეზობელი მაკედონიის ტერიტორიაზე განთავსდა, იმ შემთხვევისთვის, თუ KVM-ს სასწრაფო ევაკუაცია დასჭირდებოდა.

საბოლოო მოლაპარაკებები დაიწყო 1999 წლის ივლისში. საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოს, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებისგან შედგებოდა, კოსოვარ ალბანელებს ავტონომიას სთავაზობდა. ალბანელები, რამდენიმე შესწორების გათვალიწინებით მხარს უჭერდნენ შეთანხმების სამუშაო ვერსიას, თუმცა იუგოსლავიის დელეგაციამ ამ შეთანხმებაზე უარი თქვა. FRY-ს უარმა კოსოვოში სიტუაცია გააუარესა. კოსოვოს ვერიფიკაციის მისიამ ტერიტორია დატოვა, ხოლო ერთ კვირაში NATO-მა საჰაერო ოპერაციის გადაწყვეტილება მიიღო.

4. პროპორციული ზომები

ინტერვენციის მასშტაბი, ხანგრძლივობა და ინტენსიურობა კრიზისის სიმძიმისა და ინტერვენციის წინასწარ დეკლარირებული მიზნების შესაბამისი უნდა იყოს.

პროპორციული ზომების პრინციპი მოკავშირეების სტრატეგიული დაბომბვის კამპანიით შესრულდა, რაც მიზანმიმართულად სამხედრო ინსტალაციების დაბომბვას გულისხმობდა. საჰაერო ოპერაციის მესამე დღისთვის უკვე განადგურებული იყო იუგოსლავიის ყველა სტრატეგიული სამხედრო სამიზნე. მიუხედავად ამისა, იუგოსლავიის არმია კვლავ უტევდა კოსოვოს გამათავისუფლებელ არმიას. NATO-მა აგრეთვე დაბომბა ისეთი სტრატეგიული ობიქტები, როგორიცაა ხიდები, ქარხნები, სამთავრობო შენობები. სწორედ ამის გამო აყენებენ ინტერვენციის მოწინააღმდეგეები NATO-ს ოპერაციის მიერ პროპორციული ზომების პრინციპი შესრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ. NATO-ს მიმართ კრიტიკა გამოიწვია, აგრეთვე, ალიანსის მიერ შეცდომით ალბანელი ლტოვილებისა და ბელგრადში ჩინეთის საელჩოს დაბომვამ. ორივე შემთხვევაზე NATO-მა ბოდიში მოიხადა. აღნიშნული მსხვერპლი წინასწარ განზრახული არ ყოფილა, რაც მნიშნველოვანი ფაქტორია ჰუმანიტარული ინტერვენციის სამართლიანობის დასდგენად.

ინტერვენციის მოწინააღმდეგეები აგრეთვე აკრიტიკებენ საჰაეო ოპერაციის გადაწყვეტილებას და მიაჩნიათ, რომ სახმელეთო ოპერაცია უფრო ნაკლებ სამოქალაქო მსხვერპლს გამოიწვევდა. აღსანიშნავია, რომ მილოშევიჩსა და საკონტაქტო ჯგუფს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების თავდაპირველი წარმატებების გამო NATO-ს სახმელეთო ძალები მობილიზებული არ ყოფილა და მის მზადყოფნაში მოყვანას რამდენიმე კვირა დასჭირდებოდა, რაც დამაზიანებელი იქნებოდა ალბანელებისთვის.

5. გონივრული შანსის პრინციპი

იმისათვის, რომ ინტერვენცია სამართლიანად ჩაითვალოს, აუცილებელია, რომ არსებობდეს ეთნიკური წმენდის ან სხვა კატასტროფების შემცირების/თავიდან აცილების გონივრული შანსი. თუ მოსალოდნელია, რომ ინტერვენცია მდგომარეობას გააუარესებს, მაშინ ის არ უნდა განხორციელდეს.

კოსოვოს შემთხვევაში, NATO-ს ინტერვენციის შედეგად, მილოშევიჩმა კოსოვოდან სამხედრო ძალები გაიყვანა და საჰაერო ოპერაცია 1999 წლის 10 ივნისს შეწყდა. კონფლიქტიდან კი დაახლოებით 10 წელიწადში საერთაშორისო საზოგადოებამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა.

ინტერვენციის კრიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ NATO- ინტერვენციამ მდგომარეობა გააუარესა, რადგან მილოშევიჩმა ეთნიკური წმენდა სწორედ ინტერვენციის საპასუხოდ გააძლიერა. ალბანელების დევნა მილოშევიჩის ზოგადი პოლიტიკის ნაწილი იყო და ჩაურევლობის შემთხვევაში კოსოვარი ალბანელების გენოციდი გარდაუვალი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ებრაელი მსხვერპლის რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა ჰიტლერს ომი გამოუცხადეს, თუმცა დიქტატორის წინააღმდეგ ომი მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია. კოსოვოში ინტერვენციას დადებითი შედეგები ჰქონდა, რადგან კოსოვოს მოსახლეობა მრავალწლიანი შევიწროებისგან გათავისუფლდა.

6. შესაბამისი ორგანოს ავტორიზაცია

გაეროს უშიშროები საბჭო მოიაზრება ერთადერთ ინსტიტუტად, რომელსაც სამხედრო ინტერვენციის ავტორიზაციის გაცემა შეუძლია. როგორც ცნობილია, NATO-მა კოსოვოში საჰაერო ოპერაცია გაეროს მანდატის გარეშე დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, თეორეტიკოსები დავობენ, თუ რამდენად არის უშიშროების საბჭო დემოკრატიული ინსტიტუტი და რამდენად აქვს საერთაშორისო საზოგადოებას უფლება, უგულებელჰყოს საბჭოს უარი და განახორციელოს ინტერვენცია ჰუმანიტარული კატასტროფის შემთხვევაში.

NATO-ს კოსოვოში ინტერვენციამ წარმოშვა ახალი პრინციპი Responsibility to Protect (დაცვის პასუხისმგებლობა), რომელიც გულისხმობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების აღკვეთის არა უფლება, არამედ ვალდებულება აქვს.

მოამზადა სოფო გელავამ

უკან