ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

რელიგია - 05 აგვ 2014

მითი, თითქოს ევროკავშირი ებრძვის მართლმადიდებლობას, მცდარია

• მართლმადიდებელი ეკლესიები წარმოდგენილი არიან ევროკავშირის ინსტიტუციებში მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენელთა კომიტეტის (CROCEU) სახით;

• ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლო: „რელიგიური თემების ავტონომიურად არსებობის შესაძლებლობა განუყოფელია მრავალფეროვნების დემოკრატიული პრინციპისგან და მე-9 მუხლით დაცული უფლების არსებითი ნაწილია"

• ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლო: „ეკლსიის წევრები და სამღვდელოება საკუთარი ნებით ტვირთულობენ სპეციფიურ ფუნქციას, დაემორჩილონ ეკლესიას, რითაც თავისი ნებით უცხადებენ მორჩილებას ეკლესიის შიდა წესრიგს" ;

• ეკლესიებს შორის თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა. ამგვარი თანამშრომლობის მაგალითია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისთვის გადაცემული არაერთი ტაძარი, რაც საქართველოს ეკლესიას შესაძლებლობას აძლევს, იყოლიოს მრევლი და ჩაატაროს ღვთისმსახურება.

გეოგრაფია: ევროსაბჭოს 47 წევრი სახელმწიფო

მართლმადიდებელი მრევლი ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში (დასავლეთ ევროპა): გერმანია - 800 000 , საფრანგეთი - 350 000, ავსტრია - 150 000, იტალია - 250 000, ბელგია - 40 000, ესპანეთი - 20 000, შვედეთი - 100 000.

მართლმადიდებელი მრევლის უმრავლესობა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილშია განსახლებული: რუმინეთი - 16 000 000, ბულგარეთი - 7 000 000, სომხეთი - 1 200, რუსეთი - 100 000 000, უკრაინა - 32 000 000, ბელორუსია - 4 500 000, საქართველო - 3 700 000. აქვე მოვიხსენიებთ ევროპის სამხრეთს: საბერძნეთი - 8 000 000.


აღმოსავლური ტრადიციის მართლმადიდებელი მრევლის უფლებები ევროპის ქვეყნებში

ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ნაწილში აღმოსავლური ტრადიციის მართლმადიდებელი ქვეყნები უკვე საუკუნეებია რელიგიურ ტრადიციას არ ღალატობენ. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში აღმოსავლური ტრადიციის მართლმადიდებელი მრელი მე-19, მე-20-ე საუკუნეების მიგრაციის შედეგად მკვიდრდება. დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მრავალრიცხოვან თემებს ბერძნები ქმნიან.

მართლმადიდებელი ეკლესიები წარმოდგენილი არიან ევროკავშირის ინსტიტუციებში მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენელთა კომიტეტის (CROCEU) სახით. კომიტეტი აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის საქმიანობაში და კონსულტაციებს უწევს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებს სოციალური პოლიტიკის საკითხებზე. ჯგუფი აქტიურია პოლიტიკურ პროცესშიც და არაერთხელ დაუფიქსირებია მხარდაჭერა ევროკავშირისთვის. ევროკავშირისთვის მხარდაჭერა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც გამოხატა .

ევროპის ქვეყნებში რელიგიაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ის კულტურული მრავალფეროვნება, რაც ზოგადად ევროპას ახასიათებს.

სრულყოფილი სურათის აღწერა, ყველა სახელმწიფოს თავისებურებაზე ხაზგასმით, შეუძლებელია. ამიტომ მოცემული კვლევა საერთო ევროპული ინსტიტუციების, ევროკავშირისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმოხილვით შემოიფარგლება. ორივე ინსტიტუცია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელ წესებს აწესებენ და ამით საერთო ევროპულ კონსენსუსს ქმნის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლებაზე.

ეკლესიების ავტონომიურობა

ეკლესიები ავტონომიურობის საკითხი რელიგიის თავისუფლებისთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა. ავტონომიურობა გულისხმობს, რამდენად დამოუკიდებელია ეკლესია, ჰქონდეს საკუთარი შიდა წესრიგი, რიტუალი, იერარქია, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღიარებული და ნებადართულია. აღმოსავლური ტრადიციის მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის ავტონომიურობა გულისხმობს უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი იერარქია და შიდაეკლესიურ საქმეებში კანონიკური სამართლის გამოყენების უფლება, საკუთარი ტრადიციების შენარჩუნების შესაძლებლობა.

ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიურობის შესანარჩუნებლად, სხვადასხვა ტიპის დაცვას აწესებს. როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული: „რელიგიური თემების ავტონომიურად არსებობის შესაძლებლობა განუყოფელია მრავალფეროვნების დემოკრატიული პრინციპისგან და მე-9 მუხლით დაცული უფლების არსებითი ნაწილია" (ECHR Fernandez v. Spain, 15 მაისი2012წ). ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიურ ორგანიზაციებს ანიჭებს უფლებას, მოითხოვონ იურიდიული სტატუსი, თუ ორგანიზაციები ამგვარ საჭიროებას აფიქსირებენ , თავად აირჩიონ საკუთარი სულიერი მოძღვრები და მიღონ რელიგიური საჭიროებებისთვის სპეციალური ნაგებობების მშენებლობის უფლება.

ნიშანდობლივია სასამართლოს დიდი პალატის 2013 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Sindicatul "Pastorul Cel Bun v. Romania”. საქმის ძირითადი ფაქტები შემდეგია: რუმინეთის (ვლახეთის) მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი სასულიერო პირების ნაწილმა, ეპისკოპოსეის თანხმობის გარეშე, დამოუკდებელი პროფესიული გაერთიანება შექმნა. რუმინეთის სასამართლომ ჩათვალა, რომ ამგვარი პროფესიული გაერთიანება რელიგიის თავისუფლებას არღვევდა. სასულიერო პირებმა გადაწყვეტილება ევროპის ადმაიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრეს. საბოლოო გადაწყვეტილებაში დიდი პალატა მიუთითებს, რომ „ეკლსიის წევრები და სამღვდელოება საკუთარი ნებით ტვირთულობენ სპეციფიურ ფუნქციას, დაემორჩილონ ეკლესიას, რითაც თავისი ნებით უცხადებენ მორჩილებას ეკლესიის შიდა წესრიგს" (პარა. 144). ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და შესაბამისად ყველა სხვა ეკლესიისთვისაც საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ძალიან ძლიერი დაცვა შექმნა.

საინტერესოა ევროკავშირის რეგულაციებიც, რომელთა შინაარსი ხშირად გამხდარა არასწორი ინტერპრეტაციის საგანი. მაგალითად, დირექტივა #93/104/EC, რომელიც დასაქმებულ პირთა უფლებებს იცავს და ადგენს სამუშაო საათებში განაწილებისა და ორგანიზაციის წესს. აღნიშნული დირექტივის შესრულება შეუძლებელი იქნებოდა რელიგიური ორგანიზაციებისთვის, ამიტომაც სახელმწიფოებს უფლება აქვთ, დირექტივის მოქმედება არ გაავრცელონ რელიგიურ თემებზე და ამით დაიცვან მათი რელიგიური თავისუფლება.

მსგავსს მიდგომას ვხვდებით ევროკავშირის სხვა დირექტივაშიც #2000/78/EC დასაქმებულთა თანასწორი მოპყრობის შესახებ. აქაც გვხვდება გამონაკლისი წესი რელიგიური ორგანიზაციებისთვის, რაც რელიგიის თავისუფლების დაცვის ძლიერი გარანტიაა.

დეესტაბლიშმენტის პროცესი

ევროპის ქვეყნებში რელიგიაზე საუბრისას აუცილებელია ვახსნეოთ ის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიცია, რაც ევროპული ცივილიზაციის საყრდენია. ტრადიციამ განაპირობა სხვადასხვა ეკლესიის მიმართ პრივილეგირებული მოპყრობის რეჟიმი, რაც ხშირად აღიქმებოდა არატრადიციული ეკლესიების შევიწროვების საფუძვლად. მე-20-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით ახალი საუკუნის დასაწყისიდან აქტუალური ხდება დამკვიდრებული სახელწმიფო ეკლესიების არატრადიციულ ეკლესიებთან გათანაბრების საკითხი. საკანონმდებლო რეფორმები შვედეთში (2000 წ.), ნორვეგიაში (2012 წ.) აუქმებს პრეფერენციული მოპყრობის რეჟიმებს და თანაბარ მდგომარეობაში აყენებს ყველა რელიგიურ ორგანიზაციას. მსგავსი ტენდენციები პოპულარული ხდება გაერთიანებულ სამეფოშიც და ევროპის საბჭოს სხვა წევრ სახელმწიფოებშიც, სადაც ტრადიციების გავლენით პრიორიტეტი ერთ ტრადიციულ ეკლესიას ენიჭებოდა.

ამგვარი რეფორმები, რა თქმა უნდა, ახალ შესაძლებლობებს ანიჭებს შედარებით მცირერიცხოვან აღმოსავლური ტრადიციის მიმდევარ მართლმადიდებელ ეკლესიებს, დაიცვან საკუთარი ინტერესები და სრულად ისარგებლონ რელიგიის თავისუფლების უფლებით მინიჭებული შესაძლებლობებით.

ეკლესიების თანამშრომლობა

ეკლესიებს შორის თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა. ამგვარი თანამშრომლობის მაგალითია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისთვის გადაცემული არაერთი ტაძარი, რაც საქართველოს ეკლესიას შესაძლებლობას აძლევს, იყოლიოს მრევლი და ჩაატაროს ღვთისმსახურება.

საქველმოქმედო ფონდი ლაზარე საპატრიარქომ 1994 წელს დააარსა და ის მრავალ ჰუმანიტარულ პროექტში იღებდა მონაწილეობას. მათ შორის, 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ მოსახლეობას პროდუქტებსა და პირველადი დანიშნულების ნივთებს გადასცემდა. ამ და სხვა პროექტების განსახორციელებლად, საპატრიარქოს ისეთი კონფესიების მიერ შექმნილი ორგანიზაციები აფინანსებდნენ, როგორიცაა: გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტი (UMCOR), შვეიცარიის პროტესტანტული ეკლესიების დახმარების ორგანიზაცია (HEKS EPER), კათოლიკური ორგანიზაცია Caritas Australia და ა.შ.
გიორგი მელაძე
უკან