ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 06 ოქტ 2016

დეზინფორმაცია სვანეთში ამერიკული წარმოების კარტოფილის შეტანის შესახებ

2016 წლის 11 სექტემბერს, "მარშალპრეს”-ზე გამოქვეყნდა რობერტ სტურუას ფეისბუკ სტატუსი, რომელიც სვანეთში ამერიკული წარმოების კარტოფილის შეტანის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავს. კერძოდ:

"ამ რამდენიმე წლის წინ მეტისს მოუზიდავს ვარდისფერი USA-კარტოფილი და უფასოდ დაურიგეს გლეხებს… მოსახლებომ უფრო უხვი მოსავალი მიიღო და გულუბრყვილო სვანები სიამოვნებით გადავიდნენ გენმოდიცირებულ პოტეიტოზე, მამა-პაპური, უგემრიელესი კარტოფილი დაივიწყებას მიეცა… შეეყარა შტატების კარტოფილს საშინელი სენი და ჭია – საქონელიც ვერ ჭამს, არ მომწამლონო! ხოლო ჩვენი – გადაშენდა! მოტყუებული სვანები ცდილობენ სოფლებში მოძებნონ სათესლო უძველესი ჯიში, მაგრამ ჭირს."

რეალური ფაქტები:

1. სვანეთში ამერიკული წარმოების სათესლე მასალა არ შესულა

სვანეთში კარტოფილის ამერიკული წარმოების სათესლე მასალა საერთოდ არ შესულა. დაახლოებით 3 ათეული წლის წინ სვანეთში ჰოლანდიიდან კარტოფილის ორი ჯიში შეიტანეს: დეზირე და მარფონა. წელს ლენტეხში, კერძოდ ცანაში, შეიტანეს ევროპული წარმოების კარტოფილი აგრია, რომელიც მოსახლეობას გამოცდის მიზნით მცირე ფართობებზე აქვს დათესილი.

2. მოსავლის ჯანმრთელობა სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული

კარტოფილის სენის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს და არ შეიძლება ეს ცალსახად სათესლე მასალის მწარმოებელს დაუკავშირდეს. მოსავლის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ნათესის მოვლა-პატრონობა, ატმოსფერული პირობები, ნიადაგის ტენიანობა, მიწის განაყოფიერების მეთოდები და სხვა. კარტოფილის მოსავლიანობას პრობლემებს უქმნის კოლორადოს ხოჭო, ვირუსის გადამტანი მწერები და კარტოფილის ჩრჩილი, ყველაზე სერიოზულ დაავადება კი კარტოფილის კიბოა, რომლის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი სოკოთი დაავადებული თესლია.

3. უცხოური ჯიშების შეტანამდე სვანეთში კარტოფილის მოსავლიანობა დაბალი იყო

1995 წლის მონაცემებით, სვანეთში 1 ჰა მიწაზე 2.5-3 ტონა კარტოფილი ითესებოდა, მოსავალი კი მხოლოდ 5 ტონამდე იყო. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც აგრონომებმა სვანეთში ჰოლანდიური და გერმანული წარმოების სათესლე მასალა შეიტანეს. საცდელი დათესვის შემდეგ 1 ჰა-ზე მოსავალმა 50 ტონა შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის მდგომარეობით კარტოფილის კულტურა სახნავი ფართობის 3-4 %-ს შეადგენს, ხოლო საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 15-17 ტონას შეადგენს. ეს მონაცემები ევროპის საშუალო მოსავლიანობაზე (35-40 ტონა) რამდენჯერმე დაბალია.

კარტოფილის მოსავლიანობისა და ნათესი ფართობის შესახებ მონაცემები მხოლოდ 2006 წლიდან არსებობს. ამ მონაცემების მიხედვით, კარტოფილის წარმოება, მოსავლიანობა და ნათესი ფართობის მოცულობა 2015 წელს 2006 წელთან შედარებით გაზრდილია. ყველაზე მაღალი წარმოება 2007 წელს, მოსავლიანობა - 2011 წელს, ხოლო ნათესი ფართობის მოცულობა 2013 წელს იყო.

























4. საქართველოში შემოსული უცხოური წარმოების კარტოფილები მაღალმოსავლიანი და დაავადებების მიმართ მდგრადია

საქართველოში კომერციული მიზნებისთვის კარტოფილის შემდეგი უცხოური წარმოების ჯიშებია გავრცელებული: მარფონა, იმპალა, ნევსკი, პიკასო. აქედან მარფონა, იმპალა და პიკასო ჰოლანდიური წარმოების ჯიშებია, ნევსკი კი რუსული. ეს ჯიშები მდგრადია კარტოფილის Y ვირუსისა და გამძლეა ქეცის, ფიტოფტოროზის და ფოთლების დახვევის მიმართ. ნემატოდის მიმართ გამძლეა ნევსკი, ხოლო კარტოფილის კიბოს პიკასო უძლებს. მიიჩნევა, რომ კარტოფილის ჯიში 3-4 წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავალი მცირდება.

5. კარტოფილის ქართული ენდემური ჯიში არ არსებობს

კარტოფილის სამშობლო სამხრეთ და ცენტრალური ამერიკაა. კარტოფილის ყველა ჯიში თავისი წარმოშობით ამერიკულია, განსხვავებულია მხოლოდ მწარმოებელი ქვეყნები. ევროპაში კარტოფილი პირველად 1565 წელს ჩილედან ესპანელებმა შეიტანეს. საქართველოში კი კარტოფილის პირველი ნათესები მე-19 საუკუნეში თბილისის მახლობლად გერმანელი კოლონისტების დასახლებებში გაჩნდა. თბილისის მოსახლეობა კარტოფილს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს სწორედ გერმანელებისგან ყიდულობდა. დღეს კარტოფილს უმეტესად თესავენ სამცხე-ჯავახეთის, ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრი წყაროს, ხულოს და შუახევის რაიონებში

მოამზადა სოფო გელავამ
უკან