ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სამხედრო - 20 სექ 2016

საბჭოთა მითები მეორე მსოფლიო ომის შესახებ

2016 წლის 8 სექტემბერს "საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა იზა თამაზაშვილის სტატია, რომელშიც ის წერს:

"სად იყო დასავლეთი სამამულო ომის დროს, როცა ამერიკა და ინგლისი ჰიტლერს აფინანსებდა, ხოლო დასავლეთის ქვეყნები ფაშისტური გერმანიის უღელქვეშ გმინავდნენ _ სტალინმა არ იხსნა ამ ჭირისგან მსოფლიო?"

მეორე მსოფლიო ომში სტალინის გაზვიადებული როლის შესახებ დეზინფორმაცია სათავეს საბჭოთა პერიოდიდან იღებს და დღემდე ვრცელდება რუსულ და ქართულ მედიაში.

მითი N1 - სსრკ-სთვის მეორე მსოფლიო ომი 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო

მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო, როდესაც იმავე წლის 23 აგვისტოს სსრკ-სა და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმებით ჰიტლერმა თავდაუსხმელობის გარანტია მიიღო და პოლონეთში შეიჭრა.

საბჭოთა კავშირი, როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე, მეორე მსოფლიო ომში 1939 წლის 17 სექტემბერს ჩაერთო, როდესაც პირველად გახსნა ცეცხლი აღმოსავლეთ პოლონეთში. წითელმა არმიამ პოლონეთის ის ტერიტორია დაიკავა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით საბჭოთა გავლენის სფეროს მიეკუთვნებოდა. სამხედრო კამპანიას მიეკუთვნებოთა აგრეთვე ბალტიის ქვეყნებისა და რუმინეთის ბესარაბიის ოკუპაცია, რაც ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირისთვის მეორე მსოფლიო ომი 1941 წელს არ დაწყებულა.

მითი N2 - სსრკ გერმანული აგრესიის მსხვერპლია და ყოველთვის გერმანიის მტერი იყო

პირველი მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიზანი გერმანიის სამხედრო პოტენციალის მინიმუმამდე შემცირება და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების, მათ შორის პოლონეთის და ჩეხოსლოვაკიის გაძლიერება იყო. ამ მოცემულობით თანაბრად უკმაყოფილო იყო როგორც გერმანია, ასევე საბჭოთა კავშირი. 1922-1933 წლებში გერმანია ჯერ კიდევ არ ყოფილა ნაცისტური სახელმწიფო, თუმცა საბჭოთა კავშირთან ეკონომიკურმა თანამშრომლობით გერმანიამ თავისი არმიის აღდგენა დაიწყო. გერმანელი სამხედროების მოსამზადებლად საბჭოთა კავშირის ორგანიზებით საწვრთნელი ცენტრები გაიხსნა. სსრკ-ის წვრთნებში მონაწილეები შემდეგ მესამე რაიხის სამხედრო მეთაურები გახდნენ.

1923 წელს რურის ოლქის ოკუპაციამ გერმანიის ოპოზიციაში წინააღმდეგობა გამოიწვია. საბჭოთა კავშირი იმედოვნებდა, რომ სახალხო წინააღმდეგობა კომუნისტურ რევოლუციად იქცეოდა. ამ მიზნით სსრკ გერმანიის კომუნისტურ პარტიას მემარჯვენე ექსტრემისტებთან თანამშრომლობას და მუშაობას სთხოვდა.

ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაციზმსა და კომუნიზმს შორის ფასადური იდეოლოგიური დაპირისპირების მიუხედავად, ჰიტლერსაც და სტალინსაც საერთო ინტერესი ამოძრავებდა - ვერსალ-ვაშინგტონის სისტემის მორღვევა. 1939 წელს ჰიტლერის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ გერმანიასა და სსრკ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რაც იმავე წლის 23 აგვისტოს მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებით დაგვირგვინდა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელითაა ცნობილი. შეთანხმება მოიცავდა საიდუმლო ნაწილსაც, რომლითაც ჰიტლერი და სტალინი აღმსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე გავლენის სფეროებს იყოფდნენ. სწორედ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი იყო მთავარი მექანიზმი, რამაც ახალი მსოფლიო ომი გამოიწვია.

მითი N3 - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი სსრკ-სთვის იძულებითი ნაბიჯი იყო და სტალინს მხოლოდ მშვიდობა სურდა

1939 წლის 19 აგვისტოს კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროზე სტალინმა განაცხადა:

"ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ თუ შეთანხმებას საფრანგეთსა და ბრიტანეთთან გავაფორმებთ, გერმანია იძულებული იქნება, უარი თქვას პოლონეთზე და ეძიოს modus vivendi დასავლეთის ქვეყნებთან. ამ შემთხვევაში, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება, თუმცა შემდეგ განვითარებული მოვლენები ჩვენთვის მეტად სახიფათო იქნება. მეორე მხრივ, თუ მივიღებთ გერმანიის წინადადებას თავდაუსხმელობის პაქტის შესახებ, ის აუცილებლად დაესხმება თავს პოლონეთს, ხოლო ინგლისისა და საფრანგეთის ჩართვა ომში უკვე გარდაუვალი იქნება. ასეთ გარემოებებში, ჩვენ კარგი შანსი გვაქვს განზე გავდგეთ და მომგებიან პოზიციებში მყოფნი, დაველოდებით ჩვენს რიგს. სწორედ ამას მოითხოვს ჩვენი ინტერესები. ამგვარად, ჩვენი არჩევანი ნათელია: ჩვენ უნდა მივიღოთ გერმანიის შემოთავაზება, ხოლო ინგლისის და საფრანგეთის დელეგაციები ზრდილობიანი უარით უნდა გავისტუმროთ სახლებში... პოლონეთი მანამ განადგურდება, სანამ ინგლისი და საფრანგეთი მის დახმარებას შეძლებენ. ამ შემთხვევაში, გერმანია ჩვენ პოლონეთის ნაწილს გადმოგვცემს ვარშავის გარეუბნების ჩათვლით, ასევე უკრაინის გალიციას. გერმანია მოგვცემს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში. ის არ შეეწინააღმდეგება ბესარაბიის რუსეთში დაბრუნებას... ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ გერმანია დიდ ხანს იომოს, რათა დაღლილმა და დასუსტებულმა ინგლისმა და საფრანგეთმა ვერ შეძლონ გერმანიის განადგურება. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიცია: დავრჩეთ ნეიტრალურები, ჩვენ ვეხმარებით გერმანიის ეკონომიკურად, უზრუნველვყოფთ მას ნედლეულით და საკვებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარება არ უნდა გასცდეს გარკვეულ საზღვრებს, რათა არ მივაყენოთ ზიანი ჩვენს ეკონომიკას და არ შევარყიოთ ჩვენი არმიის სიძლიერე".

სტალინი თავად იყო დაინტერესებული გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებით, რადგანაც ის აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის გაფართოების საუკეთესო მექანიზმად წარმოედგინა. საბჭოთა კავშირი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო შეთანხმებას 1980-იანი წლების ბოლომდე მალავდა.

მითი N4 -მეორე მსოფლიო ომი სტალინმა დასავლეთის დახმარების გარეშე მოიგო

გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის პირველ კვირებში საბჭოთა არმიას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. სამხედრო შეიარაღებას არმია ადგილზე ტოვებდა. დივიზიებმა ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით დაიხიეს უკან. აშშ-მა მოკავშირე ქვეყნებს, მათ შორის სსრკ-ს ჯამში $50,1 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო (იხ. ცხრილი 1)

ცხრილი 1. აშშ-ს მიერ მოკავშირეებისათვის გამოყოფილი ფინანსური და მატერიალური დახმარება, 1941-1945





























აშშ-ის მიერ საბჭოთა კავშირისთვის გადაცემული ლოკომოტივები 2.4-ჯერ მეტი, ხოლო ვაგონები 10.2 ჯერ მეტი იყო, ვიდრე სსრკ-ს შეეძლო, რომ ეწარმოებინა. ლენდ-ლიზის ფარგლებში საბჭოთა კავშირისთვის გაგზავნილი საკვების რაოდენობით შესაძლებელი იყო 10 მილიონიანი არმიის გამოკვება 1688 დღის განმავლობაში. ლენდ-ლიზის პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოკავშირეების გამარჯვებაში.

ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო კამპანიებმა ჰიტლერი მნიშვნელოვნად შეასუსტა აღმოსავლეთ ფრონტზე. 1943 წელს, როდესაც გერმანია კურსკს დაესხა თავს, მოკავშირეების სიცილიაზე გადასხმის შედეგად, ჰიტლერმა აღმოსავლეთ ფრონტზე შეტაკება გააუქმა. რომ არა მოკავშირეების კამპანიები ბრიტანეთში, ატლანტის ოკეანში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ნორმანდიაში, გერმანიის შანსები გენერლების რეპრესიებისგან დასუსტებული, არასათანადო სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი საბჭოთა არმიის წინააღმდეგ საგრძნობლად გაიზრდებოდა.

მითი N5 - წითელ არმიას ომის დანაშაულებები არ ჩაუდენია

აღმოსავლეთ პრუსია, სილეზია, პომერანია და დანზიგი იყო პირველი გერმანული დასახლებები, რომლებშიც საბჭოთა არმია შევიდა. ქალების გაუპატიურება, მარადიორობა, ბავშვების მკვლელობა საბჭოთა სამხედროებისთვის გასართობად იქცა. ცნობილია, რომ საბჭოთა ტანკები თავს დაესხნენ გაქცეულ გერმანელ ლტოლვილებს. გერმანიის ფედერალური არქივის მიხედვით, გერმანულ სოფლებში სსრკ-მა მოკლა 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე, 381,000 - მდე გერმანელი სამხედრო დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკებში. 250 000 დაიღუპა სსრკ-ის ორგანიზებული დეპორტაციების დროს. ამ დანაშაულებების წყარო საბჭოთა პროპაგანდა იყო. ცნობილი პროპაგანდისტი ილია ერენბურგი საბჭოთა არმიას ყველა გერმანელის მკვლელობისკენ და გერმანიის განადგურებისკენ მოუწოდებდა.
მდგომარეობა იგივე იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. მასობრივ გაუპატიურებებს ადგილი ჰქონდა ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაშიც. პოლონეთში ნკვდ-ს თანამშრომლებმა კატინთან ახლოს პოლონური არმიის ოფიცრები დახვრიტეს. მასობრივი სამარხების აღმოჩენის შესახებ გერმანიამ 1943 წელს განაცხადა. სსრკ ოფიცრების დახოცვაში ბრალს ნაცისტებს დებდა და 1990 წლამდე ამ დანაშაულზე პასუხისმგელობა არ აუღია.

საბჭოთა კავშირს ომის დანაშაულებებზე პასუხი არ უგია. ნაცისტური გერმანიისგან განსხვავებით, საბჭოთა ძალების წინააღმდეგ საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი არ გამართულა.

მითი N6 - მეორე მსოფლიო ომი 9 მაისს დასრულდა

გერმანიის კაპიტულაციის პირველ აქტს ხელი 7 მაისს მოეწერა დუაიტ ეიზენჰაუერის თანდასწრებით. მაშინ საბჭოთა კავშირის მხრიდან დოკუმენტს ხელი გენერალმა სუსლოპაროვმა მოაწერა ისე, რომ საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ხელმოწერის ავტორიზაციის პასუხი დროულად არ მიუღია. სტალინმა სუსლოპაროვს ინსტრუქცია მოგვიანებით გაუგზავნა, რომელშიც კაპიტულაციის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარს ამბობდა. როდესაც სტალინმა გაიგო, რომ დოკუმენტი უკვე ძალაში იყო შესული, გერმანიასთან კაპიტულაციის ცალკეული დოკუმენტი მოამზადა. მეორე აქტი უკვე ბერლინში 9 მაისს ჩატარდა, თუმცა რადგანაც ეს დოკუმენტიც პირველი დოკუმენტის იდენტური იყო და უკვე აღიარებული იყო აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღი 7 მაისია. 9 მაისი საბჭოთა კავშირსთვის "დიდ სამამულო ომში" გამარჯვების სიმბოლო გახდა.

ევროპის ქვეყნებში ნაციზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისი გამოცხადდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომი ამით არ დასრულებულა. 1945 წელს 8 მაისის შემდეგ კვლავ გრძელდებოდა სამხედრო მოქმედებები იაპონიაში და სამხრეთ ფილიპინებში. ევროპაში კი ბოლო მნიშვნელოვანი ბრძოლა 14-15 მაისს იუგოსლავიის ტერიტორიაზე მოხდა.

მოამზადა სოფო გელავამ
უკან