ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 25 ივლ 2016

ინფორმაცია, რომ დასავლეთს საქართველოში არცერთი საწარმო აუშენებია, მცდარია

გაზეთ "ასავალ-დასავალის” 2016 წლის 13-19 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, თემურ ხაჩიშვილის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს:

"25 წლის განმავლობაში საქართველოში დასავლეთს არ აუშენებია არცერთი საწარმო!”

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1997 წლიდან მოყოლებული საქართველოში ჯამში 7, 458 381 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს მაშინ, როდესაც რუსეთის შემთხვევაში, იგივე მაჩვენებელი 603, 730 ათასი აშშ დოლარია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1997-2015 წლებში (ათასი აშშ დოლარი)

 წელი  ევროკავშირი  აშშ  რუსეთი 
 1997  45,793.9
 96,651.9  14,435.0
 1998  49,540.4  104,427.2  27,598.9
 1999  8,561.5  59,151.3  1,072.6
 2000  41,550.8  38,717.7  6,139.0
 2001  71,930.0  23,281.2  5,072.8
 2002  58,446.0  82,183.1  7,809.7
 2003  95,783.2  72,064.9  42,659.4
 2004  195,542.3  81,164.2  43,796.1
 2005  243,749.0  15,025.6  38,737.6
 2006  407,189.7  182,651.5  34,210.0
 2007  1,132,726.1  84,412.2  88,996.5
 2008  476,655.2  167,920.7  26,212.2
 2009  224,722.2  -10,026.0  10,253.4
 2010  248,211.4  135,818.5  47,881.0
 2011  554,239.0  28,106.3  55,435.2
 2012  440,348.3
 20,254.0
 20,486.1
 2013  390,743.5  44,813.0  2,047.3
 2014  820,016.8  181,866.7  82,242.0
 2015  508,974.9  35,173.1  48,645.5
 სულ  6,014,724.1  1,443,656.9  603,730.4
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულიდან 6 დასავლურია. მათ შორისაა: აშშ, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ვირჯინიის კუნძულები, ლუქსემბურგი, კვიპროსი. ათეულშია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც, რომლებმაც ჯამში 2016 წლის პირველ კვარტალში 16 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში.

2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სექტორების მიხედვით განხორციელებული ინვესტიციები ასე ნაწილდება:
რაც შეეხება უშუალოდ საწარმოებს, გთავაზობთ საწარმოების შექმნასა თუ განვითარებაში ჩადებული დასავლური ინვესტიციების ხუთ მაგალითს:
  1. რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) მიერ განხორციელდა 155 მლნ $-ის ინვესტიცია შპს რუსთავის აზოტში, რომელშიც დაახლოებით 2300 ადამიანია დასაქმებული.
  2. "იმერეთი გრინერი” სასათბურე/სასაწყობო მეურნეობაა, რომელიც ბოსტნეულს აწარმოებს. მეურნეობა ჰოლანდიური კომპანია Food venture B.V თანამონაწილეობით დაფუძნდა. საინვესტიციო მოცულობამ 4,2 მლნ. ევრო შეადგინა. სათბურში ამ ეტაპზე 23 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაფართოების დასრულების შემდეგ მათი რიცხვი 50-მდე გაიზრდება.
  3. შპს აჭარისწყალი ჯორჯია, რომელიც აჭარაში შუახევ ჰესსა და კორომხეთის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს ნორვეგიული კომპანია Clean Energy-ის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ისა და ინდური ენერგოკომპანია Tata Power-ის მიერ არის დაფუძნებული.
  4. ამერიკულმა კომპანია "ქართულ-ამერიკულმა ფეროშენადნობმა” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი ინვენტარის დასამონტაჟებლად 5 მლნ $-ის ოდენობის ინვესტიცია ჩადო.
  5. სამშენებლო მასალის მწარმოებელი ქარხანა Panex-ის დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღო ჰოლანდიური კომპანიის Besseling-Group -ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის რეგიონში შპს ICES-მა.
აქედან გამომდინარე, ინფორმაცია, რომ 25 წლის მანძილზე დასავლეთს არცერთი საწარმო არ აუშენებია, მცდარია.

მოამზადა სოფო გელავამ.

უკან