ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სამხედრო - 13 ივლ 2016

ინფორმაცია, რომ აშშ-ის ჯარების ავღანეთში შესვლის შემდეგ იქ ნარკოტიკების წარმოება 40-ჯერ გაიზარდა, მცდარია

2016 წლის 16 ივნისს, "საქართველო და მსოფლიო”- ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ნიკოლაი სტარიკოვის წიგნის,  "კრიზი$ი: როგორ კეთდება?” თარგმანის ნაწყვეტი რომელშიც ნათქვამია:

"ავღანეთში ამერიკელების შესვლის შემდეგ ნარკოტიკების წარმოება იქ 40-ჯერ გაიზარდა. თალიბებმა ამოძირკვეს ხაშხაშის ნათესები, "საერთაშორისო ტერორიზმთან მებრძოლებმა” კი ავღანეთი "თეთრი სიკვდილის” უდიდეს მწარმოებლად გადააქციეს”.

ამას გარდა, 2016 წლის 7 ივლისს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია "ზღაპარი დამოუკიდებლობაზე და ქაქანი დემოკრატიაზე”, რომელშიც ვკითხულობთ:

"რომელ ტერორისტებთან ბრძოლაზეა ლაპარაკი, როცა ავღანეთში ამერიკის შეჭრის შემდეგ 40-ჯერ გაიზარდა ნარკოტიკების წარმოება.”

მოცემული სტატისტიკა "საქართველოს და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე მოყვანილია წყაროს მითითების გარეშე. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინფორმაციას ავღანეთში აშშ-ის ჯარების შესვლის შემდეგ ნარკოტიკების წარმოების 40-ჯერ გაზრდის შესახებ ავრცელებს რუსეთის ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო RT (Russia Today) 2013 წლის აპრილში. RT თავის მხრივ ეყრდნობა "რუსეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის” ხელმძღვანელის, ვიქტორ ივანოვის განცხადებას, რომ "NATO-ს მიერ "ტერორის წინააღმდეგ ომის” დაწყების შემდეგ ავღანეთში ნარკოტიკების წარმოება 40-ჯერ გაიზარდა”.

ავღანეთში ხაშხაშის ანუ ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაციისა და ოპიუმის წარმოების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC) აწარმოებს. 2015 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ხაშხაშის კულტივაციის სრული ფართობი მთელი ქვეყნის მასშტაბით 19%-ით შემცირდა, რასაც მოჰყვა ხაშხაშის ერადიკაციის (განადგურება) 40 %-იანი ზრდა.

რაც შეეხება ოპიუმის წარმოებას, 2014 წელთან შედარებით წარმოება 48 %-ით არის შემცირებული - თუ 2014 წელს პოტენციური წარმოება 6,400 ტონა იყო, 2015 წელს ეს მონაცემი 3,300 ტონამდე ჩამოვიდა. UNODC-ს სტატისტიკის მიხედვით 2001 წელთან შედარებით 2002 წელს წარმოება მართლაც საგრძნობლად გაიზარდა - 2001-ში მხოლოდ 185 ტონა ოპიუმი აწარმოეს, 2002-ში კი 3,400 ტონა. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით სწორედ 2001 წელს იყო წარმოებაში მკვეთრი ვარდნა, ხოლო 2002 წელს წარმოების რაოდენობა კვლავ 1994-2000 წლების საშუალო რაოდენობას დაუბრუნდა.

ავღანეთში ოპიუმის წარმოება 1994-2002 წლებში (ტონებში)

1994

1995

1996

1997

1998

1999

2000

2001

2002

3,400

2,300

2,200

2,800

2,700

4,600

3,300

185

3,400

აქედან გამომდინარე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის ჯარების ავღანეთში შესვლის შემდეგ იქ ნარკოტიკების წარმოება 40-ჯერ გაიზარდა, მცდარია.


აშშ-ის პოლიტიკა ავღანეთში ნარკოტიკებთან ბრძოლის წინააღმდეგ

2001 წელს აშშ-ის ძალების ავღანეთში შესვლის პირველადი მიზანი ალ-კაიდას დასუსტება იყო, შესაბამისად ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხი ამ დროს არ განიხილებოდა. ავღანეთისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ბრიტანეთს ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხი ერგო. 2002 წელს ბრიტანეთმა "კონპენსირებული ერადიკაციის" პროგრამა დაიწყო - ბრიტანეთი გლეხს განადგურებული ხაშხაშის თითო ჯერიბზე (ერთეული) 350 $-ს ჰპირდებოდა. პროგრამა კორუფციის გამო ერთი წლის შემდეგ შეაჩერეს. ხაშხაშის განადგურება, თუმცა კონპენსაციის გარეშე, გაწვრთნილი ავღანელი ჯარისკაცების მიერ 2004-2009 წლებში განახლდა. ამასთან დაკავშირებით წლების მანძილზე ვრცელდებოდა მითი, რომ აშშ-ის პოლიტიკა მხოლოდ ხაშხაშის განადგურებას უკავშირდებოდა. თუმცა, აშშ-ის მხარდაჭერით ავღანეთის ისლამურმა რესპუბლიკამ ნარკოტიკებთან ბრძოლის მრავალმხრივი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მოიცავს ინსტიტუციურ გაძლიერებას, ნარკოტიკების აკრძალვასა და კანონის უზენაესობას, მოთხოვნის შემცირებასა და მკურნალობას, სისხლის სამართლებრივ რეფორმას, სამოქალაქო განათლებას და ა.შ.

ავღანეთში ნარკოტიკების წინააღმდეგ აშშ-მა ჯამში 8 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. კრიტიკოსების აზრით აშშ-მა რესურსი მიზნობრივად არ გამოიყენა და სჯობდა ეს რესურსი არა ნარკოტიკებთან ბრძოლას, არამედ თალიბანთან ბრძოლას მოხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ თალიბანის ამბოხება და ნარკოტიკებით ვაჭრობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ხაშხაშის კულტივაცია და თალიბანის მოქმედების არეალი გეოგრაფიულად ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და ოპიუმით ვაჭრობაც თალიბანის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იყო.


მოამზადა სოფო გელავამ

 

 

 

 

 



უკან