ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

კანონმდებლობა - 31 მაი 2016

რუსული პროპაგანდის მიერ იუვენალური მართლმსაჯულების საკითხით მანიპულირება და ძალადობის სტატისტიკა

19 მაისს, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნით მოძალადე ოჯახის წევრისგან ბავშვის განცალკევებას ითვალისწინებს, სასულიერო პირებმა გააპროტესტეს. მღვდელი დავით ისაკაძის თქმით, მოძალადე მშობლისგან ბავშვის განცალკევება ნიშნავს „შვილების წართმევას", ბავშვთა მიმართ ძალადობის დასარეგულირებლად სრულიად საკმარისია სასამართლო სისტემა, ხოლო სოციალური მუშაკის პროცესში ჩართვა საჭირო არაა.

ბავშვთა მიმართ ძალადობის თემით მუდმივად მანიპულირებს რუსული პროპაგანდა, რომელიც აქტიურად იყენებს იუვენალური მართლმსაჯულების საკითხს - თითქოს იგი თავსმოხვეულია დასავლეთის მიერ და მიმართულია ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ (იხ. ინფოგრაფიკა 1).

ფაქტები ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ რუსეთში

ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით რუსეთში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. სიტუაციას ასევე ართულებს ის ფაქტიც, რომ რუსეთში არ არსებობს მონაცემების სისტემატიური აღრიცხვის პრაქტიკა. 2009 წელს, რუსეთის პრეზიდენტის #986 ბრძანებულების თანახმად, დაარსდა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის წარმომადგენლის ოფისი, რომელიც აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს ბავშვთა უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2009- 2014 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება (იხ. ინფოგრაფიკა 2).

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ბავშვთა მიმართ ცუდი მოპყრობის პრევენციის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპის რეგიონში ბავშვთა სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი რუსეთშია. მკვლელობათა 80% ჩადენილია მშობლების მიერ. აქ მოიაზრება 1 წლამდე ასაკის ბავშვებიც. ყველაზე გავრცელებული მეთოდებია ბავშვთა მოკლვა გაგუდვის, ბასრი საგნების, დახრჩობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით.

ბავშვთა მიმართ ძალადობის სახიფათო სტატისტიკის შესახებ მიუთითებს რუსეთში ჩატარებული სამეცნიერო კვლევებიც: 2013 წელს, სარატოვის ოლქში ბელგოროდის სახელმწიფო ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტისა და სარატოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვით გამოკითხულ მშობელთა 50% თვლის რომ ბავშვების ქცევის კონტროლის მიზნით მათი დასჯა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მეშვეობით აუცილებელია.

მძიმე მდგომარეობაა აბორტების და განქორწინებების მხრივაც, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. 

ბავშვთა მიმართ ძალადობა: საქართველო

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2009 წლიდან მოყოლებული ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გახშირდა და აღნიშნულ ფაქტებზე სააგენტოს მიერ განხორციელებული რეაგირება ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება:

2007 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაწილეობით საქართველოში ბავშვების მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვით, ბიჭებისა და გოგონების დაახლოებით 80% განიცდიდა სხვადასხვა სახის ფიზიკურ (79,8%) თუ ფსიქოლოგიურ (82,3%) ძალადობას.

იუვენალური მართლმსაჯულება და მისი პრაქტიკა

იუვენალური მართლმსაჯულების მთავარი მიზანია არასულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასჯის ნაცვლად უპირატესობა მათ რეაბილიტაციას მიანიჭოს. იგი ეფუძნება ადამიანის უფლებებს და ბავშვთა უფლებების კონვენციის ფუნდამენტურ პრინციპებს. ბავშვებზე განხორციელებული ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვის მომავლისთვის და განვითარებისთვის სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ზრდასრული დამნაშავეების უმეტესობა ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო.

UNICEF-ის მონაცემებით, იუვენალური მართლმსაჯულების პრაქტიკის დანერგვამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის/დსთ-ს რეგიონში არასრულწლოვანთა რიცხვი სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მკვეთრად შეამცირა (მოლდოვა, სომხეთი). აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის, იუვენალური მართლმსაჯულების და დელიკვენტობის პრევენციის აპარატის მონაცემებით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.


უკან