ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 18 აგვ 2014

მითი, თითქოს ევროპული ბაზარი საქართველოსთვის არ გაიხსნება, მცდარია

ევროკავშირსა და საქართველოს შორის „ასოცირების შესახებ შეთანხმების" მნიშვნელოვანი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შექმნა. DCFTA ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების (სურსათის უვნებლობა, სამრეწველო სტანდარტები, მომსახურებით ვაჭრობა და ა.შ.) ფართო სპექტრს აწესრიგებს და მხარეებს ერთმანეთის ბაზარზე უკეთესი წვდომის საშუალებას აძლევს სხვა სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით. 

DCFTA-ის ძალაში შესვლისთანავე საქართველოსა და ევროკავშირს შორის საბაჟო ტარიფები გაუქმდება, რაც ქართველ ექსპორტიორებს ხარჯების შემცირებისა და ევროპის ბაზარზე ფეხის მოკიდების საშუალებას მისცემს. მაგალითად, ქართული ღვინო ევროპის ქვეყნებში საბაჟო მოსაკრებლის გარეშე შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მეწარმეები ერთი ჰექტოლიტრის ექსპორტზე 32 ევროს დაზოგავენ. მთლიანობაში ქართული ბიზნესი დაახლოვებით 90 მილიონ ევროს დაზოგავს ყოველწლიურად.

DCFTA ასევე ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობისა და ინსტიტუტების დაახლოვებას ევროკავშირის რეგულაციებთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შექმნას. სურსათის უვნებლობისა და სამწერველო პროდუქტების წარმოების ევროპული სტანდარტების დანერგვის შემდეგ ქართული პროდუქციის ხარისხი და კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, ხოლო მომხმარებელთა უსაფრთხოება უკეთ იქნება დაცული.

დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, DCFTA სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს: საქართველოს ექსპორტი 12%-ით, ხოლო იმპორტი 7.5%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.3 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი. საქართველოს მოქალაქეების ხელფასი საშუალოდ 3.6%-ით გაიზრდება, ხოლო სამომხმარებლო ფასები 0.6%-ით დაიწევს, რაც მოსახლეობის მსყიდველობით უნარს აამაღლებს.

DCFTA-ის უპირატესობა რეგიონში არსებულ ალტერნატივებთანაც აშკარაა. მაგალითად, რუსეთი-ყაზახეთი-ბელარუსის საბაჟო კავშირში საქართველოს გაწევრიანებით, ქართველ მეწარმეებს ექნებათ წვდომა 170 მილიონი მომხმარებლისგან შემდგარ ბაზარზე, რომლის მოცულობა 2.5 ტრილიონი დოლარია. თუმცა, საქართველო ვეღარ შეძლებს დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკის წარმოებას, მათ შორის, ვერც სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებს გააფორმებს, ხოლო არსებულის გაუქმება მოუწევს. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საბაჟო კავშირში გაწევრიანება მხოლოდ ნეგატიურ სავაჭრო შედეგებს მოიტანს და შეიძლება მშპ-ს ვარდნა გამოიწვიოს. საქართველოს მოუწევს საბაჟო ტარიფების გაზრდა, რაც სავაჭრო ბრუნვის შემცირებას, სამომხმარებლო ფასების ზრდას  და საინვესტიციო გარემოს გაუარესებას გამოიწვევს. 

მეორე მხრივ, DCFTA უზრუნველყოფს ქართული წარმოების საქონლის შესვლას საბაჟო მოსაკრებლის გარეშე მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს და რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 17 ტრილიონ დოლარს აღემატება. საბაჟო კავშირისგან განსხვავებით, DCFTA არ ითვალისწინებს შეზღუდვებს სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე. პირიქით, ევროპული სტანდარტების დანერგვის შემდეგ, საქართველოს გაუადვილდება სხვა განვითარებულ ქვეყნებთანაც შეთანხმდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქართველ მეწარმეებს სტაბილურ, კორუფციისგან თავისუფალ და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დამყარებულ გარემოში მოუწევთ საქმიანობა.

გიგლა მიქაუტაძე

წყაროები:

„ასოცირების შესახებ შეთანხმების" IV კარი, ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები (ქართულად): www.economy.ge/ge/dcfta

მდგრადი სავაჭრო ურთიერთობების გავლენის კვლევა (ქართულად): http://trade.ec.europa.eu/doclib/docs/2013/february/tradoc_150566.pdf

საბაჟო კავშირის შექმნის ეკონომიკური ეფექტების წინასწარი პროგნოზი (ინგლისურად): http://siteresources.worldbank.org/INTPREMNET/Resources/EP47.pdf 

მითის წყარო:
პრაიმ-ტაიმი, 30 ივნისი 

მიხეილ ხუბუტია, ქართველთა კავშირის თავმჯდომარე რუსეთში:„არა მგონია, ამ ხელმოწერამ [ასოცირების] საქართველოს ეკონომიკას რამე სასიკეთო მოუტანოს. ჩვენი პროდუქცია არასოდეს წავა ევროპაში. ისევე როგორც მეეჭვება, ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში.”
http://ptpress.ge/index.php?year=2014&magazine_id=389&topic_id=9337#.U7pdvvmSxp4   
უკან