ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 25 თებ 2016

მითი, თითქოს საქართველო მეტ შემოსავალს და დახმარებას იღებს რუსეთიდან, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებიდან, უსაფუძვლოა

ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და 2014 წლის მაჩვენებელს 6%-ით გაუსწრო. ქართველი მეწარმეების მიერ ევროკავშირში საქონლისა და მომსახურების ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 646 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა ანუ მთლიანი საექსპორტო შემოსავლის 29%. აშშ-ში ექსპორტის მოცულობა 104 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც საქართველოს მთლიანი წლიური ექსპორტის 4.7%-ია

მეორე მხრივ, 2015 წელს საქართველოს ექსპორტში რუსეთის წილი 7.4% (163 მილიონი აშშ დოლარი) იყო, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 2.2%-ით ნაკლებია. ექსპორტის მიხედვით,საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების სიაში რუსეთს, აგრეთვე, უსწრებენ აზერბაიჯანი (10.9%), თურქეთი (8.4%) და სომხეთი (8.2%).

დასავლეთის ქვეყნების უპირატესობა კიდევ უფროა შკარაა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 390 მილიონი აშშ დოლარი იქნა ინვესტირებული, რაც მთლიანი პირდაპირი საინვესტიციო ნაკადის 38%-ია. აშშ-დან შემოსული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 28 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2.8%). ამავე პერიოდში რუსეთიდან განხორციელებული ინვესტიციები კი 37 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა (3.7%). საქართველოში მთავარ უცხოურ ინვესტორ ქვეყნებს შორის რუსეთი, ასევე, მნიშვნელოვნად ჩამორჩება აზერბაიჯანს (38%), თურქეთს (11%) და ჩინეთს (4.7%).

დასავლეთის ქვეყნებიდან 2015 წელს საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობაც აღემატება რუსეთიდან ანალოგიურ მაჩვენებელს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 337 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს წარმოადგენდნენ საბერძნეთი (118 მილიონი აშშ დოლარი) და იტალია (109 მილიონი აშშ დოლარი). აშშ-დან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ამავე პერიოდში 100 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა. 2015 წელს რუსეთიდან ფულად მაგზავნილებმა კი 433 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერის პარალელურად, ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი ლარით ეხმარებიან საქართველოს მთავრობას. კერძოდ, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი გრანტების და საბიუჯეტო დახმარების სახით, 2015 წელს საქართველოს ბიუჯეტმა291 მილიონი ლარი მიიღო. ძირითად დონორებს წარმოადგენდნენ ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამები და აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია. აღნიშნული დახმარება მოხმარდა დევნილების მხარდაჭერის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის, საავტომობილო გზების შეკეთების, წყლის ინფრასტრუქტურის განახლების და სხვა ძვირადღირებული პროექტების განხორციელებას.

მითის წყარო:

არჩილ ჭყოიძე, ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს ლიდერი: „დასავლეთიდან ჩვენს ქვეყანას არანაირი დახმარება არ აქვს. სამაგიეროდ, დასავლეთი საქართველოში ეხმარება ლგბტ ორგანიზაციებს; სერიოზულად ეხმარება და სერიოზულ ფულს დებს იმისთვის, რომ ჩამოშალოს საგანმანათლებლო სისტემა ... თუ საქართველოს რეალური დახმარება უნდოდა აშშ-ს, შეეძლო ქართული ეკონომიკის წინ წაწევა... დღეს კი საქართველოში თუნდაც რთველი ყოველწლიურად პრობლემას წარმოადგენს. სახელმწიფოს არ შეუძლია კარგ ფასში ჩაიბაროს ყურძენი. იგივეა ციტრუსებთან დაკავშირებით. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ეს პროდუქტი ამერიკას რომ შეეძინა საქართველოსგან და გაეგზავნა თუნდაც ავღანეთში, სადაც მისი ჯარი დგას ქართულ ჯართან ერთად, ამით მას ექნებოდა სერიოზული მხარდაჭერა საზოგადოებაში…მეორე მომენტი: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა, ისევ რუსეთიდან იგზავნება დაახლოებით 400-500 მილიონი დოლარი, რაც 6-ჯერ აღემატება ამერიკიდან ადმორიცხულ ფულად ტრანსფერებს და ართული პროდუქტის 90 % იყიდება ისევ რუსეთში და ჩვენი ბიზნესი სარგებელს იღებს ისევ რუსეთისგან და არა ამერიკისგან.”

16 თებერვალი, 2016

http://sputnik-georgia.com/interview/20160216/230210613.html

უკან