ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 27 აგვ 2014

მითი ბალტიის ქვეყნების ეკონომიკის კოლაფსის შესახებ მცდარია

 

• ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ბალტიის სამივე ქვეყნის ეკონომიკა რეკორდული მაჩვენებლით გაიზარდა.

• ევროკავშირში, ეკონომიკური განვითარების დონით, ბალტიის ქვეყნები უსწრებენ ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას, უნგრეთს და პოლონეთს.

• ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მხრივ, 2013 წელს ესტონეთი დაეწია ჩეხეთის რესპუბლიკას და სლოვაკეთს.

• საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ესტონეთი მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკების სიაში შეიყვანა.

• მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიის სამივე ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაიზარდა: ესტონეთში 62.5%, ლატვია 58% და ლიტვა 36%.

ფაქტები:

ესტონეთი, ლიტვა და ლატვია ევროკავშირში 2004 წლის პირველ მაისს გაწევრიანდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, 2004-2013 წლებში ბალტიის სამივე ქვეყნის ეკონომიკა რეკორდული მაჩვენებლით გაიზარდა. კერძოდ, ერთ სულ მოსახლეზე ესტონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 102%-ით, ლიტვის 133%-ით, ხოლო ლატვიის 153%-ის გაიზარდა. ევროსტატის მიხედვით, ევროკავშირში შესვლიდან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე (2004-2008) ლატვიის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 10%-ით, ხოლო ესტონეთის და ლიტვის 8.2%-8.2%-ით იზრდებოდა. ევროკავშირის მასშტაბით ეს საუკეთესო მაჩვენებელია. იმავე პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკები წელიწადში საშუალოდ მხოლოდ 2.8%-ით იზრდებოდა.

ევროკავშირში, ეკონომიკური განვითარების დონით, ბალტიის ქვეყნები უსწრებენ ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას, უნგრეთს და პოლონეთს. გარდა ამისა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მხრივ, 2013 წელს ესტონეთი დაეწია ჩეხეთის რესპუბლიკას და სლოვაკეთს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ესტონეთი მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკების სიაში შეიყვანა, ხოლო მსოფლიო ბანკი ბალტიის სამივე ქვეყანას მაღალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოთა რიცხვს მიაკუთვნებს.

ჩრდილოვანი ეკონომიკა ევროკავშირის წევრი ყველა პოსტ-კომუნისტური სახელმწიფოს სერიოზული პრობლემაა. თუმცა, ბალტიის ქვეყნებში ვითარება უკეთესობისკენ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ შეიცვალა. 2003 წელთან შედარებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან მიმართებით, 2012 წელს ესტონეთში 38.9%-დან 28.2%-მდე, ლატვიაში 41.6%-დან 26.1%-მდე, ხოლო ლიტვაში 31.9%-დან 28.5%-მდე შემცირდა. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიის სამივე ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაიზარდა: ესტონეთში 62.5%, ლატვია 58% და ლიტვა 36%.

ინფლაციამ ბალტიის ქვეყნებში მნიშვნელოვნად იმატა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ წლებში (2004-2013) ინფლაციის საშუალო დონე ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა მანამდე არსებულ მაჩვენებლებს. 2004 წლამდე ამ ქვეყნებში დაფიქსირებული ინფლაციის დონე ზოგჯერ 30%-ს აღემატებოდა. ბალტიის სამივე ქვეყანაში ვითარება ბოლო წლებში არსებითად გამოსწორდა. 2013 წელს ინფლაციამ ესტონეთში 3.2%, ლიტვაში 1,2% და ლატვიაში 0.0% შეადგინა. ამავე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 1.5% იყო.

უმუშევრობა ბალტიის ქვეყნებში სარგძნობლად შემცირდა ევროკავშირში შესვლიდან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე (2004-2008). ესტონეთში უმუშევრობის დონე 10.3%-დან 4.6%-მდე, ლიტვაში 12.6%-დან 4.3%-მდე, ხოლო ლატვიაში 11.6%-დან 6.1%-მდე შემცირდა. ევროსტატის 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს გაუარესებული ვითარების მიუხედავად, უმუშევრობის დონე მხოლოდ ლატვიაში დაუბრუნდა ევროკავშირში გაწევრიანებამდე არსებულ მაჩვენებელს (11.9%). უმუშევრობის არსებული დონე ესტონეთსა (8.6%) და ლიტვაში (11.8%) ევროკავშირში გაწევრიანებამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე დაბალი და 2013 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უმუშევრობის საშუალო დონის ადეკვატურია (10.8%).

საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით ლიტვასა და ლატვიაში სტაბილურად მცირდებოდა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე, მაგრამ მომდევნო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ესტონეთის ბიუჯეტი პროფიციტური იყო, თუმცა კრიზისის დაწყების შემდეგ დეფიციტური გახდა. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ პერიოდში ვითარება გამოსწორდა. ესტონეთი 2011 წელს კვლავ დაუბრუნდა პროფიციტურ ბიუჯეტს. არსებული მდგომარეობით, ევროკავშირში ყველაზე მცირე საბიუჯეტო დეფიციტის მქონე ქვეყნებს შორის ესტონეთი (-0.2%) მესამე, ხოლო ლატვია (-1.0%) მეხუთე ადგილზეა. 2013 წელს ლიტვაში საბიუჯეტო დეფიციტი შედარებით მაღალი -2.2%-ი იყო, თუმცა ამ მაჩვენებლით ლიტვა ევროკავშირის 18 ქვეყანას ჯობნის და სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის პაქტით დადგენილ მოთხოვნებსაც (მშპ-ს 3%) აკმაყოფილებს.

სახელმწიფო ვალი ბალტიის ქვეყნებში, ისევე როგორც ზოგადად ევროკავშირში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს. თუმცა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ლიტვა, ლატვია და განსაკუთრებით ესტონეთი სახელმწიფო ვალის შედარებით დაბალი მოცეულობით გამოირჩევიან. ევროსტატის მონაცემებით, 2013 წელს ევროკავშირში მშპ-სთან მიმართებით სახელმწიფო ვალის სიმცირის მხრივ ესტონეთი (10%) პირველ ადგილზეა, ლატვია (38.1%) მეოთხეზე, ხოლო ლიტვა (39.4%) მეექვსეზე.
დავით ლელაშვილი

მითის წყარო:

საქინფორმი, 4 აპრილი
"დამოუკიდებლობის მოპოვების და ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა მთელი თავისი ეკონომიკური პოტენციალი დაკარგეს და განვითარების დონით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილებზე აღმოჩნდნენ...ბალტიის ქვეყნები ინფლაციასა და ჩრდილოვან ეკონომიკაში ევროკავშირის ლიდერები გახდნენ... სოფლის მეურნეობა დაეცა, კვებისპროდუქტები, ყოველდღიური მოთხოვნის საგნები და წამლები გაძვირდა... მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა,საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი."


უკან