ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

რელიგია - 28 იან 2016

ინფორმაცია, თითქოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვილ ბავშვთა ნათლობა იკრძალება, მცდარია

ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის მარტიდან ჩვილ ბავშვთა ნათლობა დანაშაულად ჩაითვლება. სხვადასხვა საინფორმაციო პორტალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იდენტურია.

news.vitube.ge - სა და mediacity.ge -ზე გამოქვეყნებულ მასალებში აღნიშნულია, რომ მათი ინფორმაცია იტალიურ პრესას ეყრდნობა, თუმცა კონკრეტული წყარო მითითებული არსად არის. გარდა ამისა, ინფორმაცია არც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიცავს კონკრეტულ დოკუმენტურ მითითებას. საინტერესოა, რომ ყველა ამ სტატიის დასასრულს ვკითხულობთ, რომ რომის პაპი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი სპეციალურ განცხადებებს გააკეთებენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

რუსულენოვან Google-ში ძებნის შემთხვევაში, მსგავსი შინაარსის არაერთი სტატიისა თუ ბლოგის ნახვაა შესაძლებელი. მათი ტექსტებიც ემთხვევა ერთმანეთს და რაც მთავარია, ყველა ეს ბლოგი თუ სტატია წყაროდ იყენებს იტალიურ გამოცემას ilgiomale.it, სადაც 20 იანვარს გამოჩნდა სტატია სათაურით: "Corte europea: da marzo 2016 battezzare i neonati è reato" (ევროპის სასამართლო: 2016 წლის მარტიდან ჩვილ ბავშვთა ნათლობა იქნება დანაშაული."). ტექსტში არის ასევე სხვა მსგავსებებიც. მაგალითად, kominform.ru-ს, ისევე როგორც სხვა რუსულ გამოცემებს მოყვანილია აქვთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე The Times ჟურნალისტის ენდრიუ მაკფარელის (Andrew McFarrel) კომენტარი. 

"მითების დეტექტორმა" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით The Times -ის რედაქციას მიმართა. როგორც პასუხიდან გაირკვა, ჟურნალისტი სახელით ენდრიუ მაკფარელი მათ რედაქციაში არ მუშაობს. მეტიც, მისი სახელი და გვარით არ იძებნება არც ერთი პუბლიკაცია და ამდენად, როგორც კომენტარი, ასევე აღნიშნული პიროვნება გამოგონილია.

არც ქართულ, არც რუსულ და იტალიურ საიტებზე არ არის მითითებული ოფიციალური წყარო, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება იძებნება. ამ ტიპის გადაწყვეტილება არც ევროსასამართლოს საიტზეა ხელმისაწვდომი და როგორც იტალიური გამოცემა thelocals.it თავის ინფორმაციაში აცხადებს, მის არსებობას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო უარყოფს.

 

უკან