ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

კანონმდებლობა - 22 იან 2016

მტკიცება, თითქოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება დამსაქმებელს დასაქმებულის პირადი მიმოწერის გაკონტროლების უფლებას აძლევს, მცდარია

გიორგი მელაძე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2016 წლის 12 იანვარს გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ „ბარბულესკუ რუმინეთის წინააღმდეგ" მედიაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ინგლისური მედია ღიად დაადანაშაულეს საქმის არასწორ ინტერპრეტაციაში, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებმა ვერ გაიგეს საქმის შინაარსი. ევროპელ კოლეგებს მხარი ქართულმა მედიამაც აუბა და არაერთ მედია საშუალებაში გაჩნდა მსგავსი შინაარსის სათაური, თითქოს სასამართლომ დამსაქმებელს დასაქმებულის კერძო მიმოწერის ნახვის უფლება მისცა. ასეთი მსჯელობა მცდარია. საკითხის გარშემო მეტი სიცხადის შემოტანის მიზნით წარმოგიდგენთ სასამართლო გადაწყვეტილების მოკლე ანალიზს.

ბარბულესკუ რუმინეთის წინააღმდეგ

მოქალაქე ბარბულესკუ რუმინეთში რეგისტრირებულ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით 2004-დან 2007 წლამდე მუშაობდა. გაყიდვებისას ის კომპანიის მიერ შექმნილი Yahoo Messenger-ის ანგარიშით სარგებლობდა. 2007 წელს ის გააფრთხილეს, რომ მისი საქმიანობა შემოწმდებოდა. დამსაქმებელმა ამოიღო მისი მიმოწერები, 45 გვერდიანი მასალა, სადაც აღმოჩნდა პირადი მიმოწერა ძმასთან და საცოლესთან. მიმოწერაში საუბარი იყო პრადი ცხოვრების ინტიმურ ნაწილზეც. სამუშაო დროის არამიზნობრვად გამოყენების საფუძველზე, ბარბულესკუ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ადგილობრივ სასამართლოებში მოსარჩელემ საქმე წააგო, რის შემდეგაც, 2008 წელს სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა და რუმინეთის მიერ მისთვის დარღვეული კონვენცის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრებისფლების აღდგენა მოითხოვა.

მოსარჩელე დავაში მიუთითებდა, რომ:

- დამსაქმებელმა შეამოწმა მისი Yahoo Messenger-ი, რითაც დაარღვია კერძმიმოწერის უფლება;

- ამ მოქმედებით დამსაქმებელმა წვდომა მიიღო ევროკავშირის 95/46/EC დირექტივით განსაზღვრულ „პირად ინფორმაციაზე" და „სენსიტიურ ინფორმაციაზე";

- დამსაქმებელმამოპოვებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა სამსახურის თანამშრომლებისთვის;

- მოსარჩელე ასაბუთებდა, რომ Yahoo Messenger-ი იყო კერძო შინაარსის მატარებელი სერვისი, რაც მას უჩენდა დასაბუთებულ მოლოდნს, რომ იქ არსებული ინფორმაციაც პირადი ხასიათის იყო და დამსაქმებელს არ უნდა ჰქონოდა უფლება, მისთვის სამუშაო საათებში პირადი ცხოვრების თავისუფლება შეეზღუდა.

რუმინეთის მთავრობის პოზიციაში განმარტებულია გასაჩივრებული მოქმედების შინაარსი. მთავრობამ მიუთითა შემდეგა არგუმენტებზე:

- Yahoo Messenger-ის ანგარიში სპეციალურად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით შეიქმნა. კერძოდ, დასაქმებული ბარბულესკუ ამ ანაგრიშით სარგებლობდა და პასუხს სცემდა კომპანიის კლიენტებს გასაყიდი პროდუქციის შესახებ; ამიტომ მოსარჩელეს არ უნდა ჰქონოდა პირადი ცხოვრების „გონივრული მოლოდინი" ამ ანგარიშით სარგებლობისას;

- დამსაქმებელმა გააფრთხილა ბარბულესკუ, რომ მისი კომუნიკაცია შემოწმდებოდა, რადგან კომპანის დისციპლინური კოდექსი სამუშაო საათების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას კრძალავდა;

- ფოსტისგან განსხვავებით, მესიჯებს არ გააჩნიათ სათაურები, ამიტომ მონიტორინგის განხორციელების პროცესში დამსაქმებელი ვერ შეძლებდა, განეცალკევებნა ერთმანეთისგან პირადი და სამსახურეობრივი შეტყობნებები;

სასამართლომ იმსჯელა, რამდენად შეიძლება ჰქონოდა მოსარჩელე მხარეს „კერძო ცხოვრების გონივრული მოლოდინის" უფლება აღნიშნულ დავაში. სასამართლომ გაითვალისწინა შემდეგო გარემოებები:

- მოსარჩელემ თავად აღნიშნა, რომ დამსაქმებელს მან აღნიშნული „Yahoo Messenger-ის ანგარიშზე მიუთითა და განუმარტა, რომ მას საქმიანი კომუნიკაციისთვის იყენებდა და ამდენად დამსაქმებელს მისი შემოწმების უფლება გააჩნდა;

- დამსაქმებელი დისციპლინური საქმისწარმოებს ფარგლებში მოქმედება და დასაქმებულის საქმიანობას მონტორინგს უწევდა, რისი უფლებაც მას კომპანიის დისციპლინური კოდექსიდან გამომდინარე ჰქონდა;

- სასამართლო ლეგიტიმურად მიიჩნევს დამსაქმებლის უფლებას იცოდეს, რითია დაკავებული დასაქმებული სამუშაო საათებში;

- დამსაქმებელმა გამოიკვლია მხოლოდ Yahoo Messenger-ის ანგარიში, რომლის მეშვეობთაც ბარბულესკუ კლიენტებთან ურთიერთობდა და არ შეხებია კომპიუტერში არსებულ სხვა ინფორმაციას.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ უფლებაში ჩარევა პროპორციულად მიიჩნია და ბარბულესკუს საჩივარს არ დაეთანხმა.

სოციალურ ქსელებში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არაერთი ანალიზი დაიდო, სადაც ავტორები იხსენებდნენ მსგავსი შინაარსის საქმეებს, როგორებიცაა:Halford v UK და Copland v UK.

პირველ საქმეში პოლიციელი თანამშრომლებს უჩიოდა, ვინაიდან მათ ინფორმაცია მისი პირადი და არა სამსახურეობრივი ტელეფონიდან მოიპოვეს. ამით დაარღვიეს მისი კერძო ცხოვრების უფლება. მეორე საქმეში დამსაქმებელი სამსახურიდან გაგაზავნილ მეილებს, შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებს ისე ამოწმებდა, რომ დასაქმებულმა ამის შესახებ აარფერი იცოდა.

ბარბულესკუს საქმე განსხვავდება აღნიშნული საქმეებისგან, რადგან დასაქმებულმა იცოდა შემოწმების შესახებ და მის მიერ გამოყენებული კომუნიკაციის საშუალება შექმნილი იყო სამსახურებრივი მიზნებისთვის.

ამიტომ, მტკიცება, თითქოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება დამსაქმებელს დასაქმებულის ყველა ტიპის მიმოწერის გაკონტროლების შესაძლებლობას აძლევს, მცდარია და კვლავაც ძალაშია სტანდარტი „კერძო ცხოვრების გონივრული მოლოდინის" შესახებ, რაც ბარბულესკუს საქმის გადაწყვეტამდე არსებობდა.

 

უკან