ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 24 ნოე 2015

მითი, თითქოს დასავლეთს არ სჭირდება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქცია, უსაფუძვლოა

მალხაზ ნარინდოშვილი 

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 2014 წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები 820 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, რაც ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 45%-ია. ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის მანძილზე გასამმაგდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტიც. 2014 წელს ექსპორტის მოცულობამ 625 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე. 2010-2014 წლებში მხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში თითქმის 300%-ით გაიზარდა და 2014 წელს 216 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამა წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში გატანილი პროდუქციის ღირებულებამ 470 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

საქართველოში სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 9%-ია. სექტორის არაპროდუქტიულობას ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი ისეთი ფაქტორები განაპირობებს როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უკიდურესი დანაწევრება, კაპიტალური დაბანდებების სიმცირე, ფინანსურ რესურსებზე (კრედიტებზე) ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და ფერმერებს შორის კოოპერაციის დაბალი დონე. ქართველ ფერმერთა 95% მცირე მეწარმეა, რომელიც საშუალოდ 1.2 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს. მიწის ფრაგმენტაციის მიზეზი 1990-იან წლებში განხორციელებული პრივატიზაცია გახდა, რომლის შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დიდი ნაწილი ნახევარ მილიონ „წვრილ" ფერმერზე გადანაწილდა. შემდგომში მიწის ნაკვეთების გამსხვილებას, რაც ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ინვესტიციების მოზიდვისა და სექტორის მოდერნიზაციისთვის, ხელს უშლიდა მათ გასხვისებაზე დაწესებული შეზღუდვები და 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების გადასახადებისგან გათავისუფლება. იმავდროულად, ფერმერებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პრობლემების გამო, სოფლის მეურნეობა მხოლოდ არსებობის და არა ბიზნესის კეთების საშუალებად ჩამოყალიბდა.

ევროკავშირი საქართველოს სოფლის-მეურნეობაში არსებული პრობლემების დაძლევაზე ორიენტირებულ პროექტებს 1990-იანი წლებიდან აფინანსებს. თავდაპირველად ევროკავშრის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის საბიუჯეტო დახმარების პროგრამები ხორციელდებოდა. მოგვიანებით, დახმარების პაკეტი გაფართოვდა. მაგალითად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთათვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო და სასიცოცხლოდ აუცილებელი საშუალებებით დახმარების პროგრამა.

2013 წელს ევროკავშირმა დაიწყო 52 მილიონი ევროს ღირებულების სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) განხორციელება. პროგრამის მიზანი როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესება, ისე ადგილზე ფერმერებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა სურსათის წარმოების ზრდის და სოფლად სიღარიბის შემცირებისთვის. საქართველოში ფერმერული ორგანიზაციების სიმცირე მასშტაბზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებას შეუძლებელს ხდის. ამიტომ, სოფლად წარმოებული პროდუქციის მოცულობა მცირეა და იმპორტს კონკურენციას ვერ უწევს.

ENPARD-ის ფარგლებში 900 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩამოყალიბდა, რომლებშიც 6,000 ფერმერია გაერთიანებული. ამასთან, კოოპერატივებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბიზნესის განვითარებაში, შეიქმნა რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრები ფერმერთა ინიციატივების მხარდასაჭერად და აღიჭურვა აგროსერვის ცენტრები. ფერმერებს შორის კოოპერაციის გაძლიერება ფინანსურ რესურსებზე უკეთეს წვდომას გულისხმობს. კომერციული ბანკების საგირავნო მოთხოვნების დაკმაყოფილება კოოპერატივს უკეთ შეუძლია, ვიდრე ინდივიდუალურ ფერმერს. ამასთან, კოოპერატივების უპირატესობა ბაზარზე პროდუქციის გატანის დროსაც აშკარაა. რაც უფრო მეტ პროდუქციას აწარმოებ, მით უკეთესი პირობებით შეგიძლია ვაჭრობა.

2014 წლის სექტემბერში ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA). საქართველოსა და ევროკავშირს შორის საბაჟო ტარიფები გაუქმდა. ქართველ ექსპორტიორებს ხარჯების შემცირების და მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე, რომლის მშპ 18 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება, ფეხის მოკიდების დამატებითი შესაძლებლობები მიეცათ. მაგალითად, საბაჟო მოსაკრებლის გარეშე ქართული ღვინის ევროკავშირში გატანისას, ქართველი მეწარმეები ერთ ჰექტოლიტრზე 32 ევროს ზოგავენ.

DCFTA-ის ამოქმედებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში, ეკონომიკური სირთულეების და საერთო ექსპორტის ვარდნის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 12%-ით გაიზარდა. ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის, მათ შორის, თხილის და ხილის წვენების, ექსპორტი გაორმაგდა ან გასამმაგდა. 6%-ით იმატა ღვინის ექსპორტმაც. თუმცა, ევროკავშირის ბაზარზე სრული დაშვების მისაღებად და ექსპორტის შემდგომი ზრდის მისაღწევად, აუცილებელია ვაჭრობის არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრა, რაც მხარეებს შორის ვაჭრობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, DCFTA-ის საფუძველზე საქართველოში ევროპული სტანდარტების სურსათის უვნებლობის კონტროლისა და სამრეწველო პროდუქციაზე ზედამხედველობის სისტემა უნდა შეიქმნას, რაც უზრუნველყოფს ადგილზე დამზადებული პროდუქტების ხარისხის ზრდას და აღიარებას ევროკავშირის ბაზარზე მათი დაშვების გამარტივების მიზნით.

2015 წლიდან ევროკავშირი ახორციელებს 37.5 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამას DCFTA Facility, რომელიც დახმარებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესს სწორედ DCFTA-ით გათვალისწინებული სავაჭრო შესაძლებლობების რეალიზებაში. კერძოდ, პროგრამა მოიცავს რისკების გაზიარების ინსტრუმენტს, რომელიც ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს მეწარმეებზე სესხების გაცემის რისკებს უმცირებს და შედეგად, გაზრდის ეკონომიკის დაკრედიტებას. DCFTA Facility, ასევე, ითვალისწინებს ვალუტის ცვალებადი გაცვლითი კურსისგან დაცვის მექანიზმს, რაც მეწარმეებს მისაღები საპროცენტო განაკვეთით ლარში სესხების საშუალებას აძლევს. აღნიშნული შეღავათებით სარგებლობა მეწარმეებს შეუძლიათ ევროკავშირის სანიტარული, ფიტოსანიტარულიდა ტექნიკური მოთხოვნების შესასრულებლად. DCFTA Facility საინვესტიციო ხასიათის პროგრამაა, რომელიც ქართველ მეწარმეებს ახალ სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

უკან