ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ასოცირების ხელშეკრულება - 20 ნოე 2015

მითები და რეალობა ევროკავშირთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

(I ნაწილი)

გელა კვაშილავა

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების VI თავი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ამ სფეროში ჩვენი კანონების ევროპულთან ჰარმონიზაცია უნდა განახორციელოს. თუმცა, საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიებში, ბიზნესსექტორსა და თვით ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა შორის გავრცელებული მითების გამო, ეს პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. ამ სტატიების სერიის მიზანია, არსებული მითების დანგრევა და საზოგადოებისთვის, პოლიტიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

I მითი ეხება საქართველოში ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ქვეყანას ტრანსპორტის სფეროში არსებული ვალდებულებების დაუყოვნებლივ აღსრულება მოუწევს, რაც უმუშევართა რიცხვის ზრდას გამოიწვევს და ქვეყნის ისედაც რთულ ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ეს მცდარი ინფორმაციაა, რადგან ამ ვალდებულებების შესრულებისთვის გათვალისწინებული დრო საშუალოდ 2დან 6 წლამდეა.

სამწუხაროდ, დღეს თბილისში თუ საქართველოს როგორც დიდ ქალაქებში, ისე პატარა დასახლებულ პუნქტებში A-დან B პუნქტამდე გადაადგილება საგზაო მოძრაობაში მონაწილე უმეტესი პირისთვის არაკომფორტული, უსიამოვნო და საფრთხის შემცველია. მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, განსაკუთრებით საღამოს საათებში, ტრანსპორტი არახელმისაწვდომია. ამასთან, ტრანსპორტით, ფეხით გადაადგილება და გზის, პარკინგის სივრცის გაყოფა ხშირად მოქალაქეების დაპირისპირებისა და კონფლიქტების მიზეზი ხდება.

პარკინგის პრობლემა საქართველოში თითქმის ყველა ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრშია, სადაც ქვეითები, მათ შორის, ბავშვები იძულებულნი არიან, მანქანის სავალ ნაწილზე იმოძრაონ. ამ პრობლემის წინაშე დგანან განსაკუთრებით ის სკოლები, სადაც არ არსებობს ზებრა გადასასვლელები. ამას ემატება, ერთი მხრივ, საქართველოს ქალაქებში ჯიპების "შემოსევა", ტაქსების რაოდენობის მატება და, მეორე მხრივ, მოქალაქეების გადაადგილებას არაკომფორტულს ხდის ავტოტრანსპორტის პარკის დაბერება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მწყობრიდან ხშირი გამოსვლა. ტრანსპორტს უკავშირდება რეგიონებისა და გარეუბნების ურბანული განვითარების პრობლემა, როცა აღნიშნული უბნები ნაკლებად მიმზიდველია საცხოვრებლად, ბიზნესის საწარმოებლად და აუთვისებელი რჩება. საქართველოს ქალაქებში და რაიონულ ცენტრებში უბნებს შორის სუსტი სატრანსპორტო კავშირებია და გადაადგილება, მოუხერხებელთან ერთად, ბევრი მოქალაქისთვის ხელმიუწვდომელიცაა.

აღსანიშნავია, რომ დიდ ქალაქებში სუნთქვა ერთგვარად საფრთხედ იქცა, რაც, ძირითადად, დამაბინძურებელი ტრანსპორტის არსებობითაა განპირობებული. ასეთი ტრანსპორტის რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 10%-ით იზრდება. ჰაერის დაბინძურება, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი რაოდენობა და საწვავზე დამოკიდებულების ზრდა ტრანსპორტის საზოგადოების ნეგატიური ზემოქმედების ფაქტორი გახდა. ტრანსპორტის სისტემის ქაოტური განვითარება, გვერდზე ტოვებს ისეთი ტიპის აქტივობებს, როგორიცაა: ქვეითად გადააადგილება, ველოსიპედით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, რაც ქალაქში გამოუვალ მდგომარეობას ქმნის. ტრანსპორტი უკვე გახდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ქალაქის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრობლემა.

სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების VI თავი, რომელიც მიზნად სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობას ისახავს. ეს ხელშეკრულება, პირველ რიგში, საქართველოს ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებას და ევროპული სტანდარტებისა და ხარისხის სატრანსპორტო მომსახურების დანერგვას ითვალისწინებს. ასოცირების ხელშეკრულების მიზანია საქართველოს სატრანსპორტო სფეროში არსებული კანონმდებლობის დახვეწა და არსებული მოძველებული საბჭოთა რეგულაციების გაუმჯობესება/ჩანაცვლება. საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება ხელს შეუწყობს ტრანსპორტის სფეროზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების გაძლიერებას, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ისეთ მოდერნიზაციას, როცა საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა სუბიექტის, შშმ პირების, ქვეითად მოსიარულეთა და ბავშვების უფლებები იქნება დაცული.

გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქვეყანას მოუწევს ამ ვალდებულებების დაუყოვნებლივ აღსრულება, მცდარი ინფორმაციაა. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების VI თავს ახლავს დანართები, რომელშიც მოცემულია ევროკავშირის კონკრეტული სამართლებრივი აქტები და მათთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების ვადები. შესაბამისად, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს დაახლოება შეთანხმებული ვადების მიხედვით და, რაც მთავარია, ეტაპობრივად მოხდება. ასოცირების შეთანხმებაში საუბარია ტრანსპორტის ოთხ ძირითად დარგში – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროებში – არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციასა და მათი აღსრულების მექანიზმების შექმნაზე. ასოცირების ხელშეკრულებაში წერია, რომ საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

ასოცირების შეთანხმება ტრანსპორტის კუთხით ევროპულ კანონმდებლობაში არსებული ოთხი ძირითადიპირობის – ტექნიკური, უსაფრთხოების, სოციალური და ფინანსური – შესრულებას მოითხოვს. ტექნიკური პირობების შესრულებისას მთავარი მოთხოვნა საავტომობილო ტრანსპორტის, კერძოდ, სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების (9-ზე მეტი ადამიანი) ავტომობილებზე სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობის დამონტაჟება და გამოყენებაა.

მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, განვიხილოთ ერთ-ერთი ტექნიკური პირობა, რის შესრულებასაც ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს. ეს 1992 წლის 10 თებერვლის საბჭოს 92/6/EEC დირექტივასთან მიერთებაა, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში ზოგიერთი კატეგორიის ავტომობილებზე სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობის დამონტაჟებასა და გამოყენებას ითვალისწინებს. ევროკავშირის კანონმდებლობით, ციფრული ტაქოგრაფების გამოყენება სავალდებულოა იმ ავტომობილისთვის, რომელსაც 3.5 ტონაზე მეტი ტვირთი გადააქვს, ან მინიმუმ 9 მგზავრი გადაჰყავს. ეს საკონტროლო მექანიზმი აფიქსირებს ავტომობილის სიჩქარეს და მძღოლის სამუშაო და დასვენების საათებს.

შესრულების ვადაში წერია, რომ საერთაშორისო გადაზიდვების ტრანსპორტის ყველა სახეობაზე ამ დირექტივის დებულებები საქართველომ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში უნდა შეასრულოს. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტისთვის უკვე დარეგისტრირებული ეროვნული ტრანსპორტის ქსელში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში. პირველად დარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე ხდება ციფრული ტაქოგრაფების დანერგვა, საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე კომპანიები უკვე იღებენ მას და თავისუფლად მოძრაობენ ევროპის ქვეყნებში.  შეიძლება  ითქვას,  რომ ადგილობრივ და ქვეყნის შიგნით  სამგზავრო  და  სატვირთო  ავტომობილების მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების გარკვეული მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს ექვსწლიანი ვადა აქვს,  თუმცა ხელისუფლების კეთილი ნების პირობებში,  ყოველგვარი დამატებითი რესურების გარეშე შესაძლებელია საქართველომ დღესვე დაიწყოს აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედება ქვეყნის ტერიტორიაზე და შექმნას მისი აღსრულების მექანიზმები. აღსანიშნავია, რომ ამ კანონმდებლობასთან მიერთება ქართველ მძღოლებს ევროპის სატრანსპორტო სფეროში დასაქმების საშუალებას მისცემს, რაც, თავის მხრივ, თითოეული ქართული ოჯახის ეკონომიკურ კეთილდღეობას მოემსახურება. სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკვე ასეულობით მძღოლი, რომელთაც ციფრული ტაქოგრაფის ბარათები აიღეს, სხვადასხვა გადამზიდავ კომპანიაში მუშაობენ.

კონკრეტულად ამ კანონმდებლობის მიღება და მისი აღსრულება, ხელს შეუწყობს საქართველოს გზებზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, საქართველოს სატრანსპორტო ქსელის დახვეწას, მგზავრებისა და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებას და გარემოზე ტრანსპორტის უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ყველა ეს საკითხი ქართული საზოგადოებისთვის ახალი გამოწვევაა და მისი გაუთვალისწინებლობით ტრანსპორტის ნეგატიური როლი საზოგადოებაზე სულ უფრო გაიზრდება.

ცალსახაა, რომ ევროკავშირის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელებში ჩართვა საქართველოს მოქალაქეებს და ბიზნესს სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

თუ საქართველოში არ გატარდა ტრანსპორტის კუთხით საკანონმდებლო და ინსტიტუციური ხასიათის რეფორმები, ამით პრობლემები შეექმნება მისი სხვადასხვა სფეროების (როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, სამშენებლო ინდუსტრია,  ტურიზმი,  განათლება, მედიცინა) განვითარებას. ასოცირების ხელშეკრულებაში ტრანსპორტის კუთხით გადადგმული ნაბიჯები ხელს შეუწყობს, ახლო მომავალში საქართველო გახდეს საცხოვრებლად, სამუშაოდ და ტურიზმისთვის მიმზიდველიუსაფრთხო და კომფორტული ადგილი.

ჩვენს შემდგომ სტატიებში, შევეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ტრანსპორტის სფეროში არსებული სხვა მითების შესახებ, რათა საზოგადოებამ ნათლად გაიაზროს ამ უზარმაზარ ბაზართან საქართველოს მიერთების კონკრეტული სიკეთეები.

გელა კვაშილავა არის ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დამფუძნებელი (http://safedrive.ge), ბრიტანული ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის მრჩეველთა საბჭოს წევრი და რეგიონალური კონსულტანტი (http://www.easst.co.uk), ევროკავშირის ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის ექსპერტი.

უკან