ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ასოცირების ხელშეკრულება - 22 ივლ 2014

მითი, რომ ასოცირების ხელშეკრულება ქართულ ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის გაქრობას გამოიწვევს, მცდარია

• ასოცირების ხელშეკრულება გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის ზრდას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას;

• პროცესი ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით განხორციელდება;

• საქართველოს დაახლოებით 10 წლიანი ვადა აქვს, რათა უზრუნველყოს საკუთარი კანონმდებლობის დაახლოვება ევროპულთან, რაც მყისიერ გარდაქმნებს გამორიცხავს;

• DCFTA-ს უპირველესი მიზანი არა საქართველოს შიდა ბაზრისთვის განკუთვნილ, არამედ საექსპორტო საქონლზე კონტროლის გამკაცრებაა.

2013 წლის 27ივნისს ქალაქ ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

DCFTA ქართული კომპანიებისთვის ევროპის 500 მილიონიან ბაზრს ხსნის. კერძოდ, საქართველოში წარმოებული პროდუქცია (ერთდერთი გამონაკლისია ნიორი, რომელზეც რაოდენობრივი შეზღუდვა იმოქმედებს) ევროკავშირის ბაზარზე იმპორტისას, საბაჟო ტარიფებისგან გათავისუფლდება. ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების გარეშე მოკლევადიანი ვიზიტების განხორციელებაც შეეძლებათ.

ხელშეკრულების მე-4 თავი - „სანიტარული და ფიტოსანიტარულ ზომები" - სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. ხელშეკრულების ამ თავის მიზანია, სურსათის უვნებლობის სტანდარტის გაუმჯობესება, "სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობის გამარტივება მხარეებს შორის". ევროკავშირი ხსნის თავისი ბაზარს საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის, თუმცა იმავდროულად საქართველოსგან სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლის გაძლიერებას მოითხოვს, რათა დაიცვას მისი წევრი ქვეყნების მოქალაქეთა ჯანმრთელობა. ამიტომ, DCFTA-ს უპირველესი მიზანი არა საქართველოს შიდა ბაზრისთვის განკუთვნილ, არამედ საექსპორტო საქონლზე კონტროლის გამკაცრებაა.

ევროკავშირის სანიტარიული და ფიტოსანიტარული რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს შიდა ბაზრის რეგულირება შემდგომი მოლაპარაკების საგანია. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რა ფორმით გავრცელდება ახალი რეგულაციები ადგილობრივ მცირე ფერმერებსა და საოჯახო მეურნეობებზე, რადგან ეს პროცესი არ გულისხმობს უკლებლივ ყველა ევროპული ნორმის კოპირებას საქართველოს კანონმდებლობაში. საქართველოს დაახლოებით 10 წლიანი ვადა აქვს, რათა უზრუნველყოს საკუთარი კანონმდებლობის დაახლოვება ევროპულთან, რაც მყისიერ გარდაქმნებს გამორიცხავს.

ამდენად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უარყოფით გავლენას არ იქონიებს წვრილ საოჯახო მეურნეობებზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის ზრდას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. გარდა ამისა, ეს პროცესი ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით განხორციელდება, რაც ადგილობრივ მეწარმეებს ახალ სტანდარტებთან ადაპტაციას გაუადვილებს.
გიგლა მიქაუტაძე

მითის წყარო:

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი, საარჩევნო ბლოკი "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია: „ახლა რაც შეეხება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, მას აქვს უმნიშნელოვანესი ხარვეზი, ხალხს ატყუებენ, ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას და ევროპის ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნებაო. ხელშეკრულებაში არსებობს ასეთი მუხლი, რომელსაც ჰქვია სურსათის უსაფრთხოების საკითხი. ეს მუხლი გულისხმობს იმას, რომ კახელი ბებოს მაწონი ან იმერელი ბებოს ყველი აღარ შეიძლება გაიყიდოს საქართველოს სავაჭრო ქსელებში, ავტომატურად ეს იმას ნიშნავს, რომ იმერელმა ბებომ, რომელსაც ჰყავს სამი მარჩენალი ძროხა, ის აღარ უნდა იყოლიოს, რადგან ვეღარ შეინახავს ძროხას, რადგან ამ პირუტყვის პროდუქციას არსად მიიღებენ. შესაბამისად თუკი ქართველი გლეხი პროდუქციას ვეღარ გაასაღებს ბაზარში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ თურქული რძის პროდუქტების გასაღების ბაზარი..."
ალია, 23-26 მაისი

უკან