ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

მედია - 14 სექ 2015

როგორ ქმნის რუსული მედია მითებს

ნატალია ანთელავა

2005 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ნაციონალური ტელევიზიის ეთერით საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად შეაფასა,შეიქმნა სატელევიზიო სადგური, რომელსაც მთელი მსოფლიო ვლადიმირ პუტინის ნათქვამის სიმართლეში უნდა დაერწმუნებინა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში Russia Today, დღეს ცნობილი როგორც RT, სამოყვარულო არხიდან დახვეწილ და ეფექტიან ქსელად ჩამოყალიბდა. ქსელი მოიცავს ოფისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 300 მილიონ დოლარიან ბიუჯეტსა და ინგლისურ, ესპანურ და არაბულენოვან არხებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, რათა თავიანთ მრავალრიცხოვან და მუდმივად მზარდ აუდიტორიას დასავლური ლიბერალიზმისგან მომდინარე გარდაუვალი ბოროტებების შესახებ აუწყონ.

დღეს RT, მხოლოდ და მხოლოდ კრემლის მასიური პროპაგანდისტული მანქანის ნაწილს წარმოადგენს. პროპაგანდისტული მანქანა ათეულობით სატელევიზიო სადგურის, ახლადდაფუძნებული სააგენტო "სპუტნიკისა" და ასობით მოსყიდული ტროლერისგან შედგება, რომლებიც სოციალურ მედიაში არსებულ დისკუსიებს წარმართავენ [1]. ცოტა ხნის წინ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა რუსეთის მულტიმილიონდოლარიანი პროპაგანდისტული ძალისხმევის წარმატება, როდესაც Pew Center-ის მიერ წარმოებული გლობალური გამოკითხვის შედეგად, რუსეთმა პირველად რვა წლის განმავლობაში მოწონების ყველაზე დაბალი რეიტინგი დაიმსახურა, ხოლო აქამდე მიღებულთა შორის - ყველაზე მაღალი უკმაყოფილების რეიტინგი.

მიუხედავად ამისა, რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პოლიტიკური დისკურსის შეცვლის და მოსახლეობის დიდი ნაწილის დასავლეთის საწინააღმდეგოდ განწყობის თვალსაზრისით კრემლის სტრატეგია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მრავალრიცხოვანი გამოკითხვების თანახმად, როგორც რუსეთის, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონის მოსახლეობაში ევროკავშირის და აშშ-ს ლიდერების მიმართ უკმაყოფილება გაორმაგდა. Gallup-ის მიერ ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ყაზახეთში, ბელარუსში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ამერიკის შეერთებული შტატებით, ევროკავშირითა და გერმანიით უკმაყოფილების რეიტინგმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2014 წლის მონაცემებში მიაღწია.

უჩვეულოდ გაიზარდა ანტიდასავლური განწყობა ტრადიციულად პრო-დასავლურ საქართველოში. ქვეყანაში, სადაც რუსულ არხებს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი უყურებს, მომრავლდნენ ქართულენოვანი მედია საშუალებები, რომლებიც რუსული ტელევიზიის მიერ შექმნილ მითებს გადმოსცემენ. "მედიის განვითარების ფონდის" მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ანტიდასავლური მედია საშუალებების დომინანტი თემა ჰომოსექსუალობა და პედოფილიის "ლეგალიზაცია" და დასავლეთის მიერ დანერგილი გაუკუღმართებული ცხოვრების წესია. მრავალი მედია საშუალება დასავლეთს "ორთოდოქსულ ქრისტიანობასთან" და ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ მებრძოლად წარმოაჩენს.

ზემოჩამოთვლილებიდან არცერთი მითი არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რუსეთმა როგორც ყირიმის ანექსიასთან ერთად დატოვა შიდა და საერთაშორისო სამართლის სფერო, ამის მსგავსად, რუსული ტელევიზია გამოვიდა ჟურნალისტური რეალობიდან. იმისათვის, რომ კრემლის ანტი-დასავლური და ანტი-ლიბერალურ მესიჯები გავრცელდეს, რუსული არხები იყენებენ მარტივ, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ ეფექტიან მეთოდს: ტყუილებს.

უკრაინამ გადაიხადა და დღემდე იხდის ამ ტყუილების უმძიმეს საფასურს. მითები, რომლებიც კრემლის მოხერხებული, მულტიმილიარდიანი პროპაგანდისტული მანქანის მიერ შეიქმნა, უკრაინაში განვითარებული კონფლიქტისთვის აშკარად გაცილებით უფრო დიდი ხელისშემწყობი ფაქტორი იყო, ვიდრე ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება, რომლითაც მოსკოვი ყირიმში, თავის მხარდამჭერებსა და აღმოსავლეთ უკრაინაში, სეპარატისტებს, უზრუნველყოფდა.

მითები მიყვება მარტივ ნარატივს: უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობა კიევის მთავრობის დიქტატის ქვეშ იმყოფება, რომელიც ამერიკიდან და ევროკავშირიდან ზურგგამაგრებული ნეო-ნაცისტებისაგან შედგება. ისინი ძირს უთხრიან სლავურ ტრადიციებსა და იდენტობას (თავად პუტინი რუსული მედიის მიერ დახატულია, როგორც მსოფლიოში ტრადიციონალიზმის უპირველესი დამცველი, ხოლო დონეცკისთვის ბრძოლა შედარებულია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ლენინგრადის ალყასთან). მსგავსი ნარატივი რუსული მედიაში მეორდება არა მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებში, არამედ პოპულარულ თოქ-შოუებსა და დოკუმენტური ფილმებშიც, რომლებსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში მილიონობით ადამიანი უყურებს. აღნიშნული მედია საშუალებების მიერ გადმოცემული რეპორტაჟები საკმაოდ შთამბეჭდავია. ისინი არასდროს არ ცდილობენ ერთი რომელიმე კონკრეტული აზრის დანერგვას, ნაცვლად ამისა, სიუჟეტები იმგვარადაა აგებული, რომ მაყურებელს აიძულებს, გააკეთოს „კეთილშობილური მორალური" არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი რუსულმა მედიამ უკიდურესად ემოციურად გააშუქა, რაც საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა. ჩემს საკუთარ გამოცდილებას თუ დავეყრდნობი, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში ბი-ბი-სი-სთვის ვმუშაობდი, ბევრი მხვდებოდა ისეთი, ვისაც გულწრფელად სჯეროდა, რომ უკრაინული მთავრობის მიზანია რუსულენოვანი მოსახლეობის განადგურება და იძულებითი ჰომოსექსუალური ქორწინება. როგორი აბსურდულიც არ უნდა მოგეჩვენოთ მსგავსი სენტიმენტები, სწორედ მათ უბიძგეს ბევრს ანტიკიევური პროტესტისკენ, რამაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტამდე მიიიყვანა საქმე. ომმა, თავის მხრივ, ტყუილების ახალ ქსელს დაუდო სათავე. ეჭვგარეშეა, რომ პროპაგანდას კონფლიქტის ორივე მხარე იყენებს, თუმცა უკრაინის არაორგანიზებული პროპაგანდა ვერანაირად ვერ გაუწევს კონკურენციას რუსეთის მდიდარ და კარგად ორგანიზებულ სადეზინფორმაციო მანქანას.

აღმოსავლეთ უკრაინაში, კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მიღმა მომუშავე ჟურნალისტები არარეალურ პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც ტელევიზიით გადმოცემული ცნობები არსებულ რეალობას უბრალოდ არ ემთხვევა. რაც უფრო პრიმიტიულია გამოგონილი ტყუილი, მით უფრო დიდი ეფექტი ახლავს მას თან. ამის ერთ-ერთი სამწუხარო მაგალითად გამოდგება შემთხვევა, როდესაც რუსეთის "პირველ არხზე" გავიდა სიუჟეტი, სადაც ერთ-ერთი ქალბატონის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა პატარა სლავიანსკელი ბიჭი ჯვარს აცვეს. "მათ სამი წლის ბავშვი, შორტებიანი და მაისურიანი პატარა ბიჭი განცხადებების დაფაზე ჯვარს აცვეს როგორც იესო. ამის შემდეგ დედამისი მიაბეს ტანკს და მოედანზე სამი წრე მოატარეს". საბოლოოდ, "პირველმა არხმა" აღიარა, რომ ჟურნალისტს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა ისტორიის უტყუარობის დასადასტურებლად. თუმცა არხს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის ოფიციალური ბოდიში არ მოუხდია. იმ მაყურებელთა უმრავლესობა, რომელმაც ამ სიუჟეტს თვალი მიადევნა, არასდროს შეიტანს ეჭვს მის უტყუარობაში და ის სიძულვილი, რომელიც რეპორტაჟმა გამოიწვია, არ გაქრება.


2015 წლის აპრილში, ბი-ბი-სისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში უკანასკნელი მოგზაურობისას, ადგილობრივ სუპერმარკეტში ორი ქალბატონის საუბარი მოვისმინე. საუბარი დონეცკში უკრაინელების მიერ წარმოებული საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაღუპულ ათი წლის გოგონას ეხებოდა. ქალბატონები შეძრძულნი იყვნენ გოგონას სიკვდილით და კიევის მთავრობას ტერმინით "ფაშისტური ხუნტა", მოიხსენიებდნენ. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა რუსულმა არხმა, რომელიც კიევის მთავრობას ამ ტერმინით მოიხსენიებს, გადმოსცა სიუჟეტი გოგონას შესახებ. ჩემმა გადამღებმა გუნდმა მიაკვლია ინფორმაციის ორიგინალურ წყაროს, რამაც დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ თავდაცვის სამინისტროს სპიკერამდე, ედუარდ დასურინამდე მიგვიყვანა. ბნ-მა დასურინმა დაგვიდასტურა, რომ ბავშვი ნამდვილად დაიღუპა, თუმცა დეტალებზე საუბარზე უარი განგვიცხადა. ჩვენ ისევ გავაგრძელეთ ამბის კვლევა და მივმართეთ ყველას, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია შეიძლება ჰქონოდა გოგონას შესახებ. საბოლოოდ, რუსული ტელევიზიის ერთ-ერთმა რეპორტიორმა კამერის წინ განაცხადა, რომ ბავშვი არ არსებობს, არც არასდროს არსებულა. მათ კი გადასცეს სიუჟეტი, რადგან "ასე უნდა მოქცეულიყვნენ".

უჩვეულო და გასაკვირია, რომ როდესაც დონეცკის ყოველდღიურობა სავსეა რეალური საშინელებებით, რომლის დროსაც რეალურად არსებული ბავშვები იღუპებიან, რუსული ტელევიზია კვლავ ტყუილების ტირაჟირებითაა დაკავებული და სიძულვილის საშუალებით ცდილობს კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივებას.

რუსულმა არხებმა სიცრუის ლეგიტიმაცია მოახდინეს, ხოლო ჟურნალისტიკის ისეთ ფუნდამენტურ ფასეულობებს, როგორიცაა ბალანსი და სამართლიანი მაუწყებლობა, თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მიღმა მუშაობენ, უპრეცედენტო გამოწვევები და დაბრკოლებებია შექმნილი. დასავლელი ჟურნალისტებისთვის უკვე ცნობილია ის ფაქტი, რომ შეუძლებელია აღმოსავლეთ უკრაინის თემის გაშუქება რაიმე პროპაგანდისტული თემის ჩართვის გარეშე. თუმცა ერთია, გააშუქო კონფლიქტი ორივე მხარის მონაწილეობის გარეშე და მეორეა, აწარმოო საინფორმაციო ომი იმგვარად, რომ თავად პროპაგანდისტად არ იქცე. აღნიშნული დილემა დასავლეთის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის გამოწვევაა: როგორ უნდა დაიცვა სიტყვის თავისუფლება მისი შემზღუდვის გარეშე, როდესა ამ უფლების ბოროტად გამოყენება ხდება?

ამ კითხვებზე პასუხი სავარაუდოდ რუსეთიდან არ მოვა, რადგან ეს ის ქვეყანაა, რომელიც ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სამუშაო ადგილადაა მიჩნეული. 2012 წელს, ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების შემდგომ, უკვე შეზღუდული მედიის თავისუფლება რუსეთში კიდევ უფრო გაუარესდა. ფიზიკური უსაფრთხოება პრობლემას წარმოადგენს, ჟურნალისტების მკვლელობები კი უკვე ჩვეულებრივ ამბადაც იქცა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის - CPJმონაცემებით, 1991 წლიდან მოყოლებული რუსეთში 59 ჟურნალისტი მოკლეს. ის მცირერიცხოვანი დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც მთავრობის გაკრიტიკებას ბედავენ, მუდმივად განიცდიან ხელისუფლების მხრიდან დევნას ქვეყნის კორუმპირებული და პოლიტიზირებული სასამართლო სისტემის მეშვეობით.

კრემლის პროპაგანდისტული მანქანა საფრთხეს იმათაც უქმნის, ვინც რუსეთის საზღვრებს გარეთაა. ამიტომაც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს პრობლემას გამოსავალი მოუძებნოს. ზოგიერთი ემხrობა და ამართლებს იდეას, რომ შეიქმნას ანტი-პროპაგანდისტული არხები, თუმცა მსოფლიოში, სადაც მედიის პოლარიზაცია უკვე მაღალ დონეს აღწევს, ამგვარი ქმედებებს თვითონ ჟურნალისტიკისთვის ექნება დამანგრეველი გავლენა.

ჯერჯერობით, კრემლის მიერ ზურგგამაგრებული არხების სიცრუის საწინააღმდეგოდ ყველაზე ეფექტური ხერხია საგამოძიებო რეპორტაჟების კეთება, რომლებიც რუსული არხების მიერ გადმოცემულ მითებს გააბათილებდნენ. სამწუხაროდ, ამგვარი ჟურნალისტიკის უზრუნველყოფა დასავლურ მეინსტრიმულ მედიას, თავისი მწირი ბიუჯეტისა და რესურსების ფონზე უკვე აღარ შეუძლია. აღმოსავლეთ უკრაინას მიმოიხილავენ რეპორტიორები, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარეს აშუქებენ და ამ დროს გაუცნობიერებლად შეაქვთ წვლილი კრემლის დღის წესრიგის განხორციელებაში. მაგალითად, ყირიმის ანექსიის დასაწყისში ბევრი დასავლური მედია საშუალება ნახევარკუნძულზე არსებულ რუსულ ჯარებს მოიხსენიებდა "პატარა მწვანე კაცუნების" სახელით, რაც ნიშნავდა იმის პასიურ აღიარებას, რომ ჯარების ზუსტი წარმოშობის ადგილი ცნობილი არ იყო, ხოლო მოსკოვის მტკიცება, რომ ისინი რუსი ჯარისკაცები არ იყვნენ - ლეგიტიმური. მეორე მაგალითია, დღესდღეობით ტერმინ "სეპარატისტის" გამოყენება დასავლეთის მედიაში, რაც ომის ხასიათს გაურკვეველს ხდის. საბოლოო ჯამში კი ამართლებს კრემლის მიერ შექმნილ მოვლენათა კონსტრუქციას, რომლის მიხედვითაც ომი წარმოადგენს კონფლიქტს კიევის მთავრობასა და შიდა მეამბოხეებს შორის.

გამორჩეულმა რეპორტაჟებმა დასავლურ მედიაში, კრემლი "ფაქტზე გამოიჭირეს". მაგალითად: ასეთი იყო Vice News -ის რეპორტაჟი "სელფი ჯარისკაცები", რომელმაც დაადგინა ერთი კონკრეტული მებრძოლის წარმოშობა აღმოსავლეთ უკრაინაში, გამოძიებამ ჟურნალისტები რუსეთის იმ სამხედრო ბაზამდე მიიყვანა, საიდანაც ეს მებრძოლი იყო. აღსანიშნავია ასევე Billingcat - ვებსაიტი, რომელზეც ბრიტანელი ჟურნალისტი ელიოტ ჰიგინსი, ღია წყაროებზე დაფუძნებულ ინფორმაციას წარმატებით იყენებდა ფაქტების რეკონსტრუქციისთვის და ანადგურებდა რუსეთის ტელევიზიის მიერ შექმნილ მითებს.

ყველაზე ცნობილი მაგალითია StopFake. ვებ-გვერდი, რომელსაც ჟურნალისტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები კიევში ამუშავებენ. ვებ-გვერდი რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ არასწორი ინფორმაციის გადამოწმებას ახდენს (StopFake ასევე ამოწმებს და აზუსტებს უკრაინულ მედიასა და პოლიტიკოსების განცხადებებსაც). 2014 წლის ივნისიდან მოყოლებული, როდესაც StopFake დაარსდა, ვებ-გვერდმა გამოავლინა ყალბი ფოტოები და ვიდეოები, გამოგონილი ახალი ამბები და ჭორები სოციალური მედიიდან. დაარსებიდან სამ თვეში StopFake-ის აუდიტორია უკვე თვეში 1,5 მილიონ უნიკალურ ვიზიტორს მოიცავდა. მკითხველთა ერთი მეოთხედი და ვებ-გვერდის ფუნქციონირებისათვის საჭირო შემოწირულობების უმრავლესობაც რუსეთიდან მოდიოდა. StopFake-ის პოპულარულობა აჩვენებს, რომ მოთხოვნა რუსული ტელევიზიის ალტერნატიულ საინფორმაციო საშუალებაზე საკმაოდ დიდია. ასევე არსებობს რეალური საჭიროება იმ ჟურნალისტებისა, რომლებიც კრემლის მიერ შექმნილ მითებს დაამსხვრევენ.

უკან