ძიება
ქარ

ევროკავშირის ისტორია

  • მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპული ინტეგრაციის საწყის ეტაპზე ევროკავშირის შექმნაზე მნიშვნელოვანი გავლენა ორმა ისეთმა მოვლენამ მოახდინა, როგორიც მარშალის გეგმა (1947) და შუმანის დეკლარაცია (1950) იყო.
  • 1947 წლის ივნისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, აუდიტორიას გააცნო გეგმა, რომელიც ომგამოვლილი ევროპის კრიზისიდან გამოყვანისთვის ამერიკის მხრიდან გრძელვადიან დახმარების პროგრამას ითვალისწინებდა. ამ მიზნით შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტი, რომელიც ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციად გადაკეთდა. პროგრამა 1952 წლამდე გაგრძელდა. მარშალის გეგმამ ხელი შეუწყო ევროპულ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას და „ერთიანი ევროპული საკუთრების“ ცნების გაჩენას.
  • 1951 წელს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერტ შუმანის ინიციატივით, შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (Europeam Coal and Steel Community), რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო - ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. ამ ქვეყნებში ნახშირისა და ფოლადის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხების მოგვარება დამოუკიდებელი ზეეროვნული ორგანოს , ე.წ. ,,უმაღლესი ხელისუფლებას” (High Authority) დაევალა. 1953 წელს შეიქმნა რკინის, ნახშირის, მადნეულის და ჯართის საერთო ბაზარი; ასევე, ფოლადის საერთო ბაზარი.
  • გაერთიანებაში შემავალმა ქვეყნებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი 1957 წელს გადადგეს მაშინ, როცა ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რომში ევროპის ეკონომიკური გაერთიანებების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ასევე, დაფუძნდა ევრატომი, (ევროპის ატომური ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის ორგანიზაცია). 1967 წელს სამი გაერთიანება (ევროპის ეკონომიკურ გაერთიანება, ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანება და ევრატომი) ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და მას ევროპული გაერთიანება ანუ ევროგაერთიანება ეწოდა. ეს სახელი გაერთიანებას 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულების ხელმოწერამდე დარჩა. რომში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა საბაჟო კავშირი, რომლიც ევროკავშირის წევრ ან მომავალ წევრ ქვეყნებს შორის არსებული საბაჟო ტარიფების ნულამდე დაყვანას და არაწევრი ქვეყნების მიმართ ერთიანი ტარიფის შემოღებას ითვალისწინებდა.
  • ევროპული გაერთიანების ასამბლეის (ევროპარლამენტის) პირველი სხდომა 1958 წელს გაიმართა. ხოლო, 1979 წელს ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდა.
  • 1973 წელს ევროგაერთიანებას ახალი წევრები დაემატა. გაერთიანებაში შევიდნენ დიდი ბრიტანეთი, დანია და ირლანდია. აღნიშნული მოვლენა ცნობილია პირველი გაფართოების სახელით. მეორე და მესამე გაფართოებების შედეგად გაერთიანებას დაემატა: საბერძნეთი (1981); ესპანეთი და პორტუგალია (1986).
  • 1986 წელს ხელი მოეწერა ერთიანი ევროპულ აქტს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოები ერთიანი ბაზრის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის შექმნისათვის საფუძველი მომზადებაზე შეთანხმდნენ.
  • 1992 წელს დადებული მაასტრიხტის ხელშეკრულებით, ევროგაერთიანება ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკურ კავშირად გადაკეთდა და მას ევროკავშირი ეწოდა. ხელშეკრულებით ევროკავშირი სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება: პირველი - ევროპის ეკონომიკური გაერთიანება; მეორე - მაასტრიხტის ხელშეკრულებით დადგენილი საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, ხოლო მესამე – თანამშრომლობა სამართლის და საშინაო საქმეებში.
  • ევროპის სავალუტო კავშირი 1979 წლიდან ამოქმედდა და ეტაპობრივად განვითარდა. პროექტის მესამე საფეხური, რაც ერთიან ვალუტაზე გადასვლას ისახავდა მიზნად ძალაში 1999 წელს შევიდა, 2002 წელს ევროზონის 12 ქვეყანაში ეროვნული ვალუტები ერთიანი ვალუტით- ევროთი სრულად შეიცვალა.
  • 1995 წელს მორიგი გაფართოების შედეგად ევროკავშირში შვედეთი, ავსტრია და ფინეთი შევიდა.
  • ევროკავშირი შენგენის შეთანხმებას 1997 წლის, ამსტერდამის ხელშეკრულებით შეუერთდა - შეიქმნა ე.წ. შენგენის უვიზო რეჟიმის სივრცე. ხელშეკრულების თანახმად შემოღებულ იქნა მნიშვნელოვანი თანამდებობა – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში.
  • საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლებული აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები ევროკავშირს მეხუთე გაფართოების შედეგად შეუერთდნენ. 2004 წელს ევროკავშირის წევრი გახდა: ლიტვა, ლატვია ესტონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა და კვიპროსი, ხოლო 2007 წლისთვის - რუმინეთი და ბულგარეთი.
  • 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, შეიცვალა კავშირის ლეგალური სტრუქტურა და ის ერთ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. შეთანხმება მოხდა ორ ახალ საკვანძო პოსტზე, დაწესდა ევროკავშირის პრეზიდენტისა და ორგანიზაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობები.
  • ევროკავშირს "ევროპაში მშვიდობის, შერიგების, დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის“ ნობელის პრემია 2012 წელს გადაეცა.
  • 2013 წელს ევროკავშირს შეუერთდა 28-ე წევრი - ხორვატია.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა

გაფართოებულ ევროპასა და მეზობლებს შორის ახალი გამყოფი ხაზების თავიდან აცილების, ასევე სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, 2004 წელს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა ENP (European Neighbourhood Policy) შემუშავდა.
ინიციატივა ვრცელდება ევროკავშირის 16 უახლოეს მეზობელ ქვეყანაზე - ალჟირი, სომხეთი, აზრბაიჯანი, ბელარუსი, ეგვიპტე, საქართველო, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მოლდოვა, მაროკო, სირია, ტუნისი და პალესტინა და უკრაინა. ევროკავშირი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მეზობელ სახელმწიფოებს სთავაზობს პრივილეგირებულ ურიერთობას, რომელიც დაფუძნებულია ისეთ საერთო ღირებულებებზე როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, საბაზრო ეკონომიკა და მდგრადი განვითარება. ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს უფრო ღრმა პოლიტიკურ ურთიერთობასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, მეტ მობილურობას და ხალხთა შორის ურთიერთობას. ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საფეხურები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იზიარებს ესა თუ ის ქვეყანა ზემოთქმულ ღირებულებებს.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ითვალისწინებს სექტორულ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს შემდეგ სფეროებს: სოციალური პოლიტიკა, დასაქმება, ვაჭრობა, წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, ენერგო უსაფრთხოება, ტრასპორტი, კვლევა და ინოვაცია, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და ახალგაზრდობა.
2010-2011 წლებში, ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შედეგად მეტი ყურადღება ღრმა და მდგრად დემოკრატიულ განვითარების ხელშეწყობაზე გადაიტანა , რომელშიც მოიაზრება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე. ახალი მიდგომის "მეტი მეტისთვის" პრინციპის საფუძველზე, ევროკავშირი აძლიერებს თანამშრომლობას იმ ქვეყანებთან, რომლებიც დემოკრატიული რეფორმების კუთხით მეტ პროგრესს აღწევენ.
ახალი სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება ქვეყნის ან რეგიონის მიმართ შემუშავებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმების საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მიღწეული პროგრესის შესაფასებლად გამოიყენება.
სამოქმედო გეგმა ეყრდნობა ყველა ქვეყნისათვის საერთო პრინციპებს, მაგრამ განსხვავდება თითოეულ მათგანთან თანამშრომლობის არსებული მდგომარეობის, ქვეყნის საჭიროებებისა და საერთო ინტერესების შესაბამისად.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა შემდეგ სფეროებს მოიცავს:

  • სტანდარტებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია;
  • სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნებისათვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების მინიჭება, ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის გაიოლების მიზნით;
  • ადამიანური რესურსების თავისუფალი გადაადგილებისა და კანონიერი მიგრაციის საფუძვლების შექმნა;
  • უსაფრთხოების საკითხებში, კერძოდ, ტერორიზმის, ტრანს-ნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებების, ნარკოტიკების ტრანზიტის, ტრეფიკინგის, ფულის გათეთრების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერება;
  • კონფლიქტის დარეგულირების (Conflict Resolution) და კრიზისულ სიტუაციათა მართვის (Crisis Management) საკითხებში ევროკავშირის უფრო აქტიური მონაწილეობა;
  • მეტი ძალისხმევის მიმართვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ;
  • ევროკავშირის "სამეზობლო პოლიტიკაში" მონაწილე ქვეყანათა ინტეგრაცია ევროპულ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სატელეკომუნიკაციო ქსელებში, ასევე სამეცნიერო კვლევათა ევროპულ სივრცეში (European Research Area);
  • ინვესტიციების ხელშეწყობისა და მათი დაცვის ახალი ინსტრუმენტების შექმნა;
  • სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების მოთხოვნილებებზე უკეთ ორიენტირებული დახმარების უზრუნველყოფა;
  • დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხების ხელმისაწვდომობის ჩათვლით.

აღმოსავლეთ პარტნიორობა

აღმოსავლეთის პარტნიორობა ევროკავშირის ახალი ინიციატივაა, რომელიც ექვს მეზობელ სახელმწიფოსთან - საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსია - თანამშრომლობას ითვალისწინებს. ინიციატივა 2009 წლის 7 მაისს აღმოსავლეთის პარტნიორობის პრაღის სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დაფუძნდა.
ინიციატივის ფორსირება 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ განაპირობა.
მისი მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირსა და პარტნიორი ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ინიციატივა ექვსს სახელმწიფოს ევროკავშირის სტრუქტურებში ღრმა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკურ, ინსტიტუციურ და ეკონომიკურ რეფორმების მიმართულებით, ასევე ვაჭრობასა და ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზარდი მობილურობის მხრივ დახმარებასა და მხარდაჭერას სთავაზობს.
აღმოსავლეთის პარტნიორობა ემყარება შემდეგი პრინციპების მიმართ საერთო ერთგულებას: დემოკრატია და კანონის უზენაესობა; ადამიანის უფლებათა პატივისცემა; საბაზრო ეკონომიკა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში ვითარდება. ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია ფართო პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა და ევროკავშირთან პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზანი კი საერთო ინტერესთა სფეროში თანამშრომლობის, ასევე გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი ფორმატი სხვადასხვა სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორცილების გზით, რეგიონში თანამშრომლობის პროცესების განვითარებას ისახავს მიზნად.
ორმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირსა და თითოეულ პარტნიორ ქვეყანას შორის, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ითვალისწინებს:

  • ასოცირების შესახებ შეთანხმებების (Association Agreements) გაფორმება გზით;
  • ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნას, რომლებიც დაეფუძნება თითოეულ ქვეყანასთან გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებებს (Deep and Comprehensive Free Trade Areas), როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილს;
  • უსაფრთხო გარემოში მოქალაქეთა მობილურობის ხელშეწყობას. ამ მიზნით, ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებების (Visa Facilitation and Readmission Agreements) გაფორმების შესაძლებლობებს სთავაზობს.
  • ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, რაც ითვალისწინებს ენერგო რესურსების მიწოდებასა და ტრანზიტს, ისევე როგორც, ენერგო რესურსების ეფექტიანობის ამაღლებასა და ენერგიის განახლებადი წყაროების ფართო გამოყენებას.
მრავალმხრივი თანამშრომლობა მოიცავს ოთხ თემატურ პლატფორმას, ფლაგმან ინიციატივებსა და პანელებს.

– I პლატფორმა - დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა (Democracy, Good Governance and Stability)

– II პლატფორმა – ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (Economic Integration and Convergence with EU Policies)

– III პლატფორმა - ენერგოუსაფრთხოება (Energy Security)

– IV პლატფორმა – ხალხთა შორის კონტაქტები (Contacts between People).

2012 წლის 15 მაისს ევროკავშირმა გამოქვეყნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგზაო რუკა, რომელიც პრაქტიკული ინსტრუმენტია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განხორციელების მონიტორინგისა და მიღწეული პროგრესის შეფასებისათვის.

საქართველო და ევროკავშირი

1999 წლის გაზაფხულზე ევროპის საბჭოს საპარლმენტო ასამბლეიაში საქართველოს გაწევრიანებით საქართვლო ევროპული ინტეგრაციის სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა და ამან თავის მხრივ ახალი პერსპექტივები გაუხსნა უვროკავშირთან თნამშრომლობას, რომელიც უკვე ურთიერთობის ოც წელიწადზე მეტს ითვლის. თანამშრომლობა წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელშეკრულებებისა თუ შეთანხმებების საფუძველზე ყალიბდება. 2014 წლის 27 ივნისს ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა იგეგმება, რაც ამ პროცესს ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადაიყვანს.
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობა საბჭოთა კავშირის და დამოუკიდებლობის აღადგინის შემდეგ 1992 წელს დაიწყო. 1995 წელს ევროკომისიამ საქრტვლოში წარმომადგენლობა გახსნა.
1994 წლიდან საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობა (PCA) დაიწყო. 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ხელმოწერილმა ხელშეკრულებამ, რომელიც ძალაში 1999 წელს შევიდა, განსაზღვრა ის ძირითადი ჩარჩო, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უნდა განვითარებულიყო.
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (PCA) პოლიტიკური დიალოგის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ეკონომიკური, საკანონმდებლო და კოლტურული თანამშრომლობის სფეროებში ფართომასშტაბიან თანამშრომლობას ითვალისწინებს. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საშუალებით, რომელიც აუქმებს კვოტებს ვაჭრობის სფეროში და იცავს ინტელექტუალური, საწარმოო და კომერციული საკუთრების უფლებას, მხარეებმა ერთმანეთს მიანიჭეს უპერატესი ხელშეწყობის რეჟიმი. 2005 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქარველოს პრეფერენციების ზოგადი სისტემით (GSP+) სარგებლობის უფლება მიანიჭა. GSP+ ითვალისწინებს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას და ტარიფების ცალმხრივად შემცირებას.

2004 წლის 14 ნოებერს საქართველოს ჩართვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში (ENP) ევროინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. 2006 წლის 14 ნოემბერს მიღებული სამოქმედო გეგმა პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ ამოცანებს განსაზღვრავს.

2009 წლის გაზაფხულზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა საქართველოში, ისევე როგორც აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში, პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას და ასოცირების შეთანხმების პერსპექტივას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის საშუალებით ეკონომიკურ ინტეგრრებას ისახავდა მიზნად. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კეტრინ ეშტონმა 2010 წლის 15 ივლისს ბათუმში ოფიციალურად გახსნა მოლაპარაკები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

2013 წლის ივლისში ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების (AA), მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეტანხმების (DCFTA) თაობაზე. შეთანხმების პარაფირება 2013 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე შედგა. ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა 2014 წლის 27 ივნისს იგეგმება.

საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ 2012 წლის 4 ივნისს გაიხსნა.

1990–იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტების შედეგების აღმოფხვრაში. 2003 წლის ივლისში ამ მიზნით სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დაინიშვნა.

ევროკავშირმა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ განხორვიელებული სამხედრო აგერესიის დროს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ–საქართველოს ომის შეჩერებაში. ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. ექვსპუნქტიან შეთანხმებას საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. 2008 წლის 1 სექტემბერს საფრანგეთის ინიაციატივით გაიმართა ევროკავშირის საგანგებო სამიტი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და სხვა ქვეყნებს მოუწოდეს არ მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება.
2008 წლის 15 სექტემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) შექმნის თაობაზე, რომლის ამოცანაა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების პროცესზე დაკვირვება.
2008 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო ე.წ. ჟენევის მოლაპარაკებები ევროკავშირის, ეუთო-ს, გაერო-ს, აშშ-ს, საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. მოლაპარაკებების ძირითად საკითხებს წარმოადგენს სტაბილურობა და უსაფრთხოება რეგიონში, დევნილთა დაბრუნება საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე.
2008 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა დონორთა კონფერენცია, რომელზეც საქართველოსთვის პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილმა დახმარებამ 2008-2010 წლებისთვის 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ევროკავშირი საქართველოში ფინანსურ დახმარებას ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) წლიური სამოქმედო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. სხვა დაფინანსების წყაროები წარმოადგენს თემატურ დახმარების პროგრამებს, რომელიც ფოკუსირებულია ისეთ კონკრეტულ სექტორებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება. ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2007-2010 წლებში შეადგენს 117.4 მილიონ ევროს, 2011-2013 წლებში - 180.7 მილიონ ევროს, ასევე აღმოსავლურ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ფარგლებსი (EaPIC) დამატებით გამოყოფილ იქნა 22 მილიონი ევროს.

დოკუმენტები